Accessibility links

logo-print

ყოფილი გუბერნატორების პრემიები და სახელფასო დანამატები


იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გუბერნატორთა და რწმუნებულთა სახელფასო დანამატების, პრემიებისა და შეძენილი ავტომანქანების ღირებულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია 2013 წელს გუბერნატორთა ადმინისტრაციების მიერ გაწეულ ხარჯზე. მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი პრემია გაიცა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ყველაზე მაღალი სახელფასო დანამატი კი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს აქვს მიღებული.

რწმუნებულ/გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ცნობებში საუბარი შეეხება 2013 წელს გაცემულ პრემიებს, სახელფასო დანამატებს და შეძენილ ავტომანქანებს. როგორც IDFI-სანალიტიკოსი სალომე თარხნიშვილი ამბობს, გამოიკეთა შემდეგი სახის ტენდენცია:

„პრემიების მიხედვით, პირველ ადგილზე იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაა, შემდეგ - სამეგრელო-ზემო სვანეთის და მას მოჰყვება ქვემო ქართლის, ხოლო სახელფასო დანამატების კუთხით, ეს არის კახეთი, სადაც იმჟამინდელ გუბერნატორზე, ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილზე, გაიცა ყველაზე დიდი რაოდენობის სახელფასო დანამატი: 8 თვე იგი იღებდა 2 950 ლარს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში აღებული აქვს 2 600 ლარი“.

ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში მაინც ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო რეგულაციები დღემდე და, სამწუხაროდ, საჯარო სექტორში, მთლიანად, შრომის ანაზღაურება არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი...

რაც შეეეხება ავტოპარკს, სალომე თარხნიშვილის სიტყვებით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე ირიცხება ყველაზე ძვირად ღირებული მანქანები.

IDFI-ს მონაცემებით, ქვემო ქართლის გუბერნატორს მამუკა ჩიქოვანს - 10 500 ლარიდა იმერეთის გუბერნატორს ვახტანგ ბალავაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხათ პრემიის სახით. წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ - 46 341 ლარი. რაც შეეხება სხვა რეგიონების რწმუნებულ/გუბერნატორებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ2013 წელს გასცა 103 945 ლარის ოდენობის პრემია. ადმინისტრაციამ ორჯერ განაახლა ავტოპარკი. 11 ათას აშშ დოლარად ღირებული „ტოიტა ქამრის“ ნაცვლად შეიძინა 2011 წელს გამოშვებული, 31 900 ლარად შეფასებული, ამავე მარკის ავტომობილი, ხოლო 20 500 დოლარად შეფასებული „ტოიტა ლენდკრუიზერ პრადოს“ ნაცვლად შეიძინეს 42 100 აშშ დოლარად შეფასებული ამავე მარკის ავტომობილი.

შიდა ქართულის გებერნატორის ადმინისტრაციამ 2013 წელს 61 ათას 884 ლარის პრემია გასცა. აქედან გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 42 180 ლარი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს კი, ჯამში, 19 704 ლარი აქვთ მიღებული.

დაახლოებით მსგავსი სურათია სხვა გუბერნატორთა ადმინისტრაციებშიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი რწუნებული თენგიზ გუნავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში არ ეთანხმება მონაცემებს. მისი თქმით, სულ ორჯერ გასცა პრემია თანაშრომლებზე და ისიც ხელფასის ნახევრის ოდენობით. ამბობს, უმჯობესია ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგნელთა პრემიები გადამოწმდესო.

ბუნებრივია, დღეს მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ერთი ან ორი წლის წინ. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, მთავრობამ როგორ მოაწესრიგა ეს საკითხი, როგორც დაგვპირდა...

კახეთის ყოფილი რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მას ავტომანქანები არ შეუძენია - რამდენი ავტომობილიც დახვდა, იმდენი დატოვა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. მისივე თქმით, თანხა ჯამურადაა წარმოდგენილი და, ამასთან, ის უნდა შედარდეს იმჟამინდელი ხელისუფლების მინისტრთა სახელფასო დანამატებსა და პრემიებს:

„როდესაც მათ განსაზღვრეს თავიანთი ხელფასები 7 ათასი ლარით და პლუს ამას იღებდნენ პრემიებს, ახლა ვიღაცისთვის შეიძლება ჟღერს 26 ათასი, რომელიც გამოქვეყნებულია ჯამურად, თუნდაც იმერეთში, თუნდაც სამეგრელოში და ნებისმეირ ადგილას და რაკი გუბერატორი არის, მართალია, სათათბირო ხმის უფლებით, მაგრამ მთავრობის წევრი, ის უნდა შედარდეს იმავე პერიოდში რა გაიცემოდა მინისტრზე და მინისტრის მოადგილეებზე და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ბუნებრივია, დღეს მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ერთი ან ორი წლის წინ. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, მთავრობამ როგორ მოაწესრიგა ეს საკითხი, როგორც დაგვპირდა“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე ამბობს, პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა, ფაქტობრივად,უცვლელია უკანასკნელი სამი ხელისუფლების პირობებში და მსგავს პრაქტიკას აგრძელებენ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მისი სიტყვებით, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დედაქალაქის მერმა გამოსცა ბრძანება მერიის სისტემაში სახელფასო დანამატების წესის შემოტანის თაობაზე, თუმცა, სულხან სალაძის თქმით,რაიმე სახის კონკურენციას ან შეჯიბრებითობას ეს დანამატები არ ითვალისწინებს, ვინაიდან ერთსა და იმავე ოდენობის თანხას მიიღებს ყველა, ვინც კარგად მუშაობს და ვინც სხვაზე უკეთესად არ მუშაობს. სულხან სალაძე იხსენებს ასევე მთავრობის დადგენილებას პრემიების გაცემის წესის რეგულაციის თაობაზე, თუმცა, მის თქმით, პრემიების გაცემის წესი მოწესრიგდა პრაქტიკის მიხედვით და არა ისე, რომ ის რეალურ კონკურენტულ და შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარებოდეს:

სულხან სალაძე

სულხან სალაძე

„არ ხდება თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება და შეუძლებელია, რომ კვარტალში ერთხელ ყველა თანამშრომელზე ერთდროულად მოხდეს პრემიის გაცემა.ეს სისტემა, რაც მთავრობას აქვს დადგენილი, პრემიის გაცემის წესი საერთოდ არ ეხება დანამატების თემას, ანუ დანამატების თემა არის საერთოდ ჰაერში და ადმინისტრაციული ორგანოები, საკუთარი საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილის მიხედვით, როცა მათ აქვთ გარკევეული თანხა გამოყოფილი შრომის ანაზღაურებაზე,ამ თანხიდან ახდენენ თანხის გატანას დანამატებში, ნაწილის პრემიაში და დანარჩენს სხვადასხვა თანამდებობრივ სარგოში. და მე არ გამიკვირდება, თუკი ვნახავთ, რომ, 2013 წლისგან განსხვავებით, 2014 წელში უფრო მაღალი იყო ეს თანხები. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში მაინც ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო რეგულაციები დღემდე და, სამწუხაროდ, საჯარო სექტორში, მთლიანად, შრომის ანაზღაურება არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი“.

XS
SM
MD
LG