Accessibility links

logo-print

ახალი წლიდან - ახალი თანამშრომლები


გუბერნატორის განკარგულება

გუბერნატორის განკარგულება

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რეორგანიზაციის თაობაზე გუბერნატორისგან განკარგულება მიიღეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე, 108-ე და 109-ე მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია 2014 წლის 29 იანვრამდე განხორციელდება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე აკაკი მაჭუტაძე მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დაინიშნა.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული განკარგულება გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოხელემ მიიღო, იგი დღესვე შენობის თვალსაჩინო ადგილზე გამოიკრა. „გუბერნატორი კანონმდებლობით უფლებამოსილია დანიშნოს თავისი მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები“ , – განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი. გიორგი ანდღულაძის თქმით, მთავარია არ დაირღვეს საქართველოს შრომის კოდექსი და კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

რეორგანიზაცია მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. თვითმმართველობაში სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა უკვე დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა. ის პირები, რომლებმაც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნენ. ხარვეზები იყო რეზიუმეების შევსების დროსაც. პრეტენდენტების ნაწილს განაცხადები რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდა შევსებული, მათი კანდიდატურებიც ამის გამო არ იქნა განხილული, – განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

კონკურსის მონაწილეთა გასაუბრება მაშინ დაიწყება, როცა აღნიშნული განაცხადები გადაირჩევა. საკრებულოში ვარაუდობენ, რომ შერჩევის პროცესი მომავალი წლისთვის გადაიდება. ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება 20 დეკემბერს დასრულდა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი დასახელდა.
XS
SM
MD
LG