Accessibility links

logo-print

„თბილისის ჰამქარი“ აპროტესტებს გუდიაშვილის მოედანზე მშენებლობის ნებართვას


”თბილისის ჰამქრისთვის” 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია ნებართვა, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე ნომერ 2-ში მდებარე შენობის ინვესტორს, შპს ”ირაო მაგნატ გუდიაშვილს”, საშუალებას აძლევს ჩაატაროს ”ლიტერატურული საქართველოს ” ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება). ”თბილისის ჰამქრის” წევრები მიიჩნევენ, რომ ნებართვა ძალზე ფართო შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორს და ბრძანებაში ჩამოთვლილი პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტი,”თბილისის ჰამქრის” წევრი ცირა ელისაშვლი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ”ლიტერატურული საქართველოს” ყოფილ შენობასთან დაკავშირებული სამუშაოები შეჩერებული იყო. 27 ივნისს კი, როცა „ჰაქმრის“ წევრებმა სამუშაოს განახლება შენიშნეს, მშენებლებს ნებართვა მოსთხოვეს, რადგან აქამდე არც მშენებლობის ნებართვა არსებობდა და არც სამშენებლო პროექტი იყო შეთანხმებული. ცირა ელისაშვილის სიტყვებით, მშენებლებმა 11 ივნისით დათარიღებული ბრძანება წარმოუდგინეს, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ არის გაცემული:

”მათ მიერ წარმოდგენილ სამშენებლო ნებართვაში ჩამოთვლილია სამუშაოები, რაზეც ნებართვა გაიცა და ეს სამუშაოები ერთმანეთს გამორიცხავს. იქ წერია, რომ ნებართვა გაცემულია გაწმენდაზე, ადაპტაციაზე, კონსერვაციაზე, რესტავრაციაზე, რეკონსტრუქციაზე და უძრავი ძეგლის ცვლილებაზე.”

მიუხედავად იმისა, რომ, ცირა ელისაშვილის სიტყვებით, პროცესი უკვე სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, რამდენადაც ნებართვაა გაცემული, პრეტენზია უკვე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან აქვთ, რადგან გაცემულ ნებართვაში ჩამოთვლილი პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ანუ კონსერვაცია არ ნიშნავს უძრავი ძეგლის ცვლილებას, რესტავრაცია არ ნიშნავს რეკონსტრუქციას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა ”თბილისის ჰამქარს” უკვე არქიტექტურის სამსახურთან ექნება და წერილობით სთხოვენ ახსნან, თუ რის საფუძველზე გაიცა და ჩამოიწერა ეს სამუშაოები.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით კომენტარები უკვე მრავალგზის გაკეთდა და ამჯერად ახალს ვერაფერს იტყვიან.
ეს შენობები, ჩემი გათვლებით, აბსოლუტურად ყველა დაინგრევა. აშენდება ახალი და უფრო დიდი და, დეკორაციის თვალსაზრისით, შეინარჩუნებს ძველ იერსახეს, თუმცა ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ახალი და ამას ჰქვია სიმულაცია და ამას უკვე არანაირი ღირებულება აღარ აქვს...

მერიის პრესცენტრში არქიტექტურის საქალაქო სამსახურის პოზიციის გასაგებად მათ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების ნახვა შემოგვთავაზეს. მითითებული განცხადება 2011 წლის 20 დეკემბრით თარიღდება და მასში ვკითხულობთ:

”პროექტის დამტკიცების შემდეგ კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილი’’ დაიწყებს ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც გულისხმობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებს შეუნარჩუნდება მათი ავთენტურობა, არქიტექტურული იერსახე, გაბარიტები და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შენობების გამაგრება. შენობა–ნაგებობები ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულყოფილად შეასრულებს და გადაიხდის უძრავი ქონების ღირებულებას.”

თუმცა ამ სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შენობის ავთენტურობის შენარჩუნება სათუოდ მიაჩნია ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს. მისი სიტყვებით, კონსერვაცია ნიშნავს შენობის არსებული სახით შენარჩუნებას, რესტავრაცია ნიშნავს აღდგენას, მოცულობის შეცვლა არის ახალი შენობის აშენება. ყველა ამ შესაძლებლობას ინვესტორს ბრძანება აძლევს. თამარ ამაშუკელი ვარაუდობს, რომ გუდიაშვილის 2 ნომერში არსებულ შენობასთან ერთად მთლიანად გუდიაშვილის მოედანს შეეცვლება იერსახე:

”ეს შენობები, ჩემი გათვლებით, აბსოლუტურად ყველა დაინგრევა. აშენდება ახალი და უფრო დიდი და, დეკორაციის თვალსაზრისით, შეინარჩუნებს ძველ იერსახეს, თუმცა ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ახალი და ამას ჰქვია სიმულაცია და ამას უკვე არანაირი ღირებულება აღარ აქვს და, მე რომ მკითხოთ, თუ ანგრევენ, მაშინ სხვა რამე უნდა ააშენონ და არა იგივე გადახაზონ და გადახატონ. ამას ჰქვია კიჩი და მეტი არაფერი.”

აქვე ვთქვათ, რომ გუდიაშვილის 2 ნომერში არსებული ”ლიტერატურული საქართველოს” ყოფილი შენობა კლასიცისტური და თბილისური ურბანული ელემენტებით შეჯერებული ნაგებობაა, რომელიც საფასადო მხარეს ხის ღია აივნებითაა გაფორმებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თბილისური ტიპის ნაგებობა, რომელიც დღემდე შემორჩა. ის 1820-იან წლებში აშენდა როგორც საცხოვრებელი სახლი და მას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ლადო გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობები თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაა. გეტყვით იმასაც, რომ მარტის ბოლოს თბილისის განვითარების ფონდსა და კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ინვესტორი უფლებამოსილია, დამტკიცებული პროექტების მიხედვით, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელოს.

რადიო თავისუფლება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს გიორგი საბანაძესაც დაუკავშირდა. მან, მოუცლელობის მიზეზით, კომენტარი ვერ გააკეთა, თუმცა 28 აპრილს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი საბანაძე პირობას დებდა, რომ, გუდიაშვილის 2 ნომერთან დაკავშირებული პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი გახდებოდა და მასზე მსჯელობაც შესაძლებელი იქნებოდა.
თუმცა მშენებლობის ნებართვის გაცემა „თბილისი ჰამქრისთვის“ მოულოდნელობა იყო. „ჰამქრის“ წევრები ახლა ამბობენ, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ბრძანება მათ მიზანს არ ცვლის. ისინი მოითხოვენ მშენებლობის პროცესში რესტავრატორების ჩართვას, ასევე ინვესტორთან იმ ზეპირი შეთანხმების დაცვას, რომლის თანახმადაც, დაინტერესებული საზოგადოება უნდა ჩართულიყო რესტავრაციის პროცესის ზედამხედველობაში. ”თბილის ჰამქარი” ასევე აპირებს თბილის მერიას მიმართოს წერილობით იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე გაიცა ურთიერთგამომრიცხავ სამშენებლო სამუშაოებზე ერთიანი ნებართვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG