Accessibility links

logo-print

გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმა მზადაა


გუდიაშვილის მოედანი

გუდიაშვილის მოედანი

გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღსადგენად მუშაობა იწყება. კონსერვაციის გეგმა უკვე მზადაა, როგორც მერიისა და პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მოსამზადებელი სამუშაოებიც დასრულდა და ჯერი მთავარ სამუშაოებზეა. გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია პირველად 2007 წელს გადაწყდა, თუმცა ამას მოსახლეობისა და აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ახალ პროექტზე ქალაქის ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმა კომპანია „ICOMOS საქართველომ“, ანუ ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნულმა კავშირმა, შეიმუშავა. სპეციალისტები, რომლებიც გასულ წლებში გუდიაშვილის რეაბილიტაციის გეგმას აკრიტიკებდნენ, კმაყოფილები არიან, რომ საქმეში სწორედ ეს კომპანია ჩაერთო. ერთ-ერთი მათგანია „ტფილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი, რომელიც 2015 წლის ბოლოს ჯერაც ეჭვობდა, რომ მერია ამ პროექტს „იკომოსს“ არ მიანდობდა:

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი

„ICOMOS საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგში ყველაზე კვალიფიციური ორგანიზაციაა და ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მათი გაკეთებულია, დიდი გამარჯვებაა იმ ხალხისა, ვინც წლების განმავლობაში იცავდა გუდიაშვილის მოედანს“.

„იკომოს საქართველომ“ კონსერვაციის გეგმა საზოგადოებას, თბილისის მერიისა და „განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან ერთად, 12 იანვარს წარუდგინა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ უკვე შესრულებულ სამუშაოებზეც ისაუბრა:

„მნიშვნელოვანი, რაც აქამდე გაკეთდა, იყო: დაფარვითი ინვენტარიზაცია, გრაფიკული ფიქსაცია, საინჟინრო კვლევა, საშენი მასალების კვლევა, არქეოლოგიური დასკვნა და, რაც მთავარია, სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

კომპანია „ICOMOS“-მა კონსერვაციის გეგმა სწორედ ტერიტორიის მულტიდისციპლინური კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. შესაბამისად, ეს პროექტი არა მხოლოდ განსაზღვრავს იმას, როგორ უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს ამა თუ იმ შენობისა და ქუჩის იერსახე, არამედ შეიცავს რეკომენდაციებსაც, რომელთა მიხედვითაც უნდა განვითარდეს ისტორიული უბანი სამუშაოების დასრულების შემდეგ. ამაზე ილაპარაკა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც:

„ჩვენი უმთავრესი ამოსავალი წერტილი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვდებთ ინვესტიციას იმისთვის, რომ მომავალში ის გამოვიყენოთ ტურისტების, ვიზიტორების მოსაზიდად“.

ამას სჯობია გაკეთდეს თანამედროვე არქიტექტურა ან, თუ რეკონსტრუქციაა, ნება ვიბოძოთ და ის რთული პროცესი განვახორციელოთ, რაც ამ ტერმინითაა განსაზღვრული...

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთ-ერთია, ვინც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ძველ გეგმას წლების განმავლობაში აპროტესტებდა. კომპანია „ICOMOS”-ის სტრატეგიით დღეს ისიც კმაყოფილია, თუმცა, მისივე მტკიცებით, ამ შედეგის მიღწევა ადვილი არ იყო:

„ეს მარტივად არ მოსულა. ნარმანიას მერობის პირობებშიც კი რამდენჯერმე იყო მცდელობა (ბოლოს, დაახლოებით, 10 დღის წინ), რომ ისევ ძველი, უგულავასდროინდელი პროექტები განხორციელებულიყო. სამჯერ მაინც მოგვიწია ნარმანიას კაბინეტში ძალიან გაცხარებული მსჯელობა ამასთან დაკავშირებით“.

რეაბილიტაციის ძველი პროექტი ხელისუფლებამ 2007 წელს შეიმუშავა, თუმცა დაზიანებული შენობების აღდგენა წლების განმავლობაში არ დაწყებულა. 2011 წლიდან მოედნის დასაცავად მოქალაქეებმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ რეაბილიტაციის პროექტი ისტორიულ მემკვიდრეობას დააზიანებდა.

2015 წლის 29 დეკემბერს გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის პროექტის დამკვეთის, „თბილისის განვითარების ფონდის“, დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა უარყო წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამუშაოები ძველი პროექტით გაგრძელდებოდა:

„გუდიაშვილის რეაბილიტაცია არ ხორციელდება ძველი პროექტების მიხედვით, რომლებიც პროტესტის და გამოსვლების მიზეზი იყო. მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს სულ სხვა სქემით, რომელიც გულისხმობს ყველაზე რთულ პროცესს ისტორიული ძეგლების აღდგენისა - კონსერვაციას“.

გუდიაშვილის მოედანი

გუდიაშვილის მოედანი

კომპანია „ICOMOS საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ პრეზენტაციის დროს გაიხსენა მაგალითებიც, როდესაც ესა თუ ის ისტორიული ძეგლი არასწორად აღადგინეს, რამაც შენობას ისტორიული ღირებულება დაუკარგა:

„ძეგლის ნაცვლად შენდება რკინა-ბეტონის იმიტაცია. ეს არ არის რეკონსტრუქცია. ამას სჯობია გაკეთდეს თანამედროვე არქიტექტურა ან, თუ რეკონსტრუქციაა, ნება ვიბოძოთ და ის რთული პროცესი განვახორციელოთ, რაც ამ ტერმინითაა განსაზღვრული“.

სისტემურ პრობლემაზე ლაპარაკობს ალექსანდრე ელისაშვილიც. მისი თქმით, მართალია, გუდიაშვილის პროექტი კარგია, მაგრამ არაა დარწმუნებული, იქნება თუ არა ასეთივე მიდგომა ქალაქის იმ ისტორიული ნაწილის მიმართ, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება.

„ძველი თბილისის კონცეფცია შეიქმნა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება, რადგან მწყობრი მიდგომები ჯერაც არ არსებობს“, - ამბობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.

ნატო ცინცაბაძე კი აღნიშნავს, რომ არც უბრალოდ გეგმის არსებობაა საკმარისი ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებისთვის - აუცილებელია, დოკუმენტი მუდმივად განახლდეს და ძეგლზე განვითარებული პროცესები და ცვლილებები აისახოს. ასევე, კომპანია ICOMOS-ის რეკომენდაციით, კონსერვაციის გეგმა უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი არა მარტო პროფესიონალებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG