Accessibility links

logo-print

„გუგლი“ ქართველ ხელოვანებს მასპინძლობს


პეტრე ოცხელის გამოფენა „გუგლის“ ვირტუალურ მუზეუმში

პეტრე ოცხელის გამოფენა „გუგლის“ ვირტუალურ მუზეუმში

საქართველოს მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი კომპანია „გუგლის“ (google) ხელოვნების ინსტიტუტის პარტნიორი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი ნამუშევრები „გუგლის“ ვირტუალურ საერთაშორისო მუზეუმში გამოფინონ. საქართველო ამ სივრცეში პეტრე ოცხელის გამოფენით წარდგა, თუმცა, როგორც ხელოვნების სახლის ხელმძღვანელები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ლევან სამნაშვილი მხატვარია. ნამუშევრებს ძირითადად ფეისბუკზე აქვეყნებს. რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა, თუმცა, როგორც ამბობს, ეს არცთუ იაფი ფუფუნებაა, ამიტომაც ცდილობს აუდიტორიას სოციალური ქსელის მეშვეობით მისწვდეს.

საგამოფენო სივრცის პოვნისა და დაქირავების გარდა, რთულია ნახატების გაყიდვაც, განსაკუთრებით, საქართველოშიო, ამბობს ლევან სამნაშვილი. მან, მართალია, შეძლო, თავისი რამდენიმე ნამუშევრის გაყიდვა, მაგრამ მყიდველები ცოტანი არიან:

„ზოგიერთი ნახატით ხალხი შედარებით მეტად ინტერესდება. ფეისბუკზე მწერენ, მეკითხებიან, რა ღირსო, მაგრამ ხშირად, როდესაც ფასს ვეუბნები, უკან იხევენ“.

არ ვიდავებთ იმაზე, რომ ეს არის ქართული მოდერნისტული მხატვრობის რევოლუციონერი და მამამთავარი და, სამწუხაროდ, მას მსოფლიო კარგად არ იცნობს. მომავალ წელს მისი დაბადებიდან 110 წლის იუბილეა და გვინდოდა პეტრე ოცხელი გაგვეცოცხლებინა...

ფართო, მით უმეტეს, საერთაშორისო აუდიტორიაზე გასვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა მალე, შესაძლოა, ქართველ ხელოვანთათვის ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრას.

საქმე ისაა, რომ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი „გუგლის“ (google) კულტურის ინსტიტუტის პარტნიორი გახდა.

კომპანია „გუგლის“ მიერ 2011 წელს დაარსებული კულტურის ინსტიტუტი საგამოფენო სივრცეა ინტერნეტში, სადაც თავმოყრილია ხელოვნების ნიმუშები, ისტორიული კადრები თუ არქიტექტურული ძეგლები მთელი მსოფლიოდან.

ამ პროექტში საქართველო პეტრე ოცხელის გამოფენით ჩაერთო. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს, დიდხანს ვიფიქრეთ, სანამ გადავწყვეტდით, რომელი მხატვარი წარგვედგინაო:

„არ ვიდავებთ იმაზე, რომ ეს არის ქართული მოდერნისტული მხატვრობის რევოლუციონერი და მამამთავარი და, სამწუხაროდ, მას მსოფლიო კარგად არ იცნობს. მომავალ წელს მისი დაბადებიდან 110 წლის იუბილეა და გვინდოდა პეტრე ოცხელი გაგვეცოცხლებინა. შეიძლება, ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც შეგიძლია პეტრე ოცხელის ნამუშევრები ნახო კარავაჯოს, ბოტიჩელის და სხვათა ნამუშევრების გვერდით, ეს ნიშნავს ამ მხატვრის ხელახლა დაბადებას“.

ნახატმა, რომელიც გამოფენის გამხსნელ ფოტოდ არის გამოყენებული, შესაძლოა, გაფიქრებინოთ, რომ ნამუშევარი არა მეოცე საუკუნის დასაწყისში, არამედ სულ ახლახან, ციფრული ტექნოლოგიების ერაშია შესრულებული.

ოცხელის ნამუშევრებზე გამოსახული უჩვეულო კოსტიუმებში გამოწყობილი გმირები, პილოტის სათვალეებითა და ჩაფხუტებით, ჰოლივუდის თანამედროვე ფანტასტიკური ჟანრის ფილმებსაც კი მოგაგონებთ.

ეს დამოკიდებულია მათ უნარებზე, მათ კომუნიკაციაზე „გუგლთან“, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ პროექტს სხვა სახელოვნებო ინსტიტუციებიც შეუერთდებიან...

ეს გამოფენა „გუგლის“ ინტერნეტმუზეუმში გამოქვეყნებულია სათაურით „პეტრე ოცხელი - მუდამ თანამედროვე“. როგორც გიორგი კალანდია ამბობს, ამ სათაურზე, ნახატებსა და ტექსტზე „გუგლთან“ შეთანხმებას 4 წელი დასჭირდა.

აქვეა გამოფენილი საარქივო ფოტოებიც. ერთ-ერთი მათგანია 1930 წელს უცნობი ავტორის მიერ გადაღებული ფოტო, პეტრე ოცხელისა და კოტე მარჯანიშვილის გამოსახულებით, სათაურით „ორი გენიოსის ტანდემი“.

„გუგლის“ კულტურის მუზეუმში პეტრე ოცხელის ნამუშევრებთან ერთად შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული 196 ექსპონატი და, როგორც გიორგი კალანდია ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია:

„გადაღებულია 500-ზე მეტი ნიმუში. არის რაღაცები, რომელზეც „გუგლი“ ამბობს, არ გვჭირდებაო, მაგრამ მათი [სურათების] უმეტესობა მალე აიტვირთება საგამოფენო სივრცეში“.

„გუგლის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ექსპონატები იყოს გადაღებული რაც შეიძლება მაღალი რეზოლუციით, რათა ინტერნეტმომხმარებელს შეეძლოს ეკრანზე მათი გადიდება ხარისხის დაუკარგავად. ამისთვის კი საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიაა საჭირო, რაშიც ხელოვნების სახლს კულტურის სამინისტრო დაეხმარა.

„გუგლთან“ თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც, რომელმაც გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა ხელოვნების სახლის ორი თანამშრომელი. ის აღნიშნავს, რომ ისურვებდა, ამ პროექტში საქართველოს სხვა მუზეუმებიც ჩაერთონ:

„თუმცა ეს დამოკიდებულია მათ უნარებზე, მათ კომუნიკაციაზე „გუგლთან“, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ პროექტს სხვა სახელოვნებო ინსტიტუციებიც შეუერთდებიან“.

გამოფენა „გუგლის“ ვირტუალურ მუზეუმში

გამოფენა „გუგლის“ ვირტუალურ მუზეუმში

როგორც ხელოვნების სახლის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს, კომპანია „გუგლი“ ექსპონატების შერჩევაში საკმაოდ მკაცრია და ყოველ დეტალს აკონტროლებს - საქართველოდან პირველი გამოფენის გამოქვეყნებამდე ყველაზე დიდი დრო სწორედ ნამუშევრებისა და ტექსტების შერჩევას დასჭირდაო: „აწი ასე არ იქნება, პროცესი უფრო აჩქარდება და დასრულება რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი“.

ხელოვნების მუზეუმმა „გუგლს“ ოთხი გამოფენა გაუგზავნა, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთია გამოქვეყნებული. რამდენიმე თვეში ქართული კოსტიუმების გამოფენაც იგეგმება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაზეც გიორგი კალანდია ლაპარაკობს, არის თანამედროვე ქართველ ხელოვანთა პოპულარიზაცია. „ეს ბევრი მხატვრისთვის იქნება დიდი სტიმული და საშუალება, თავისი ხელოვნება გააცნოს მსოფლიო აუდიტორიას“.

მხატვრებს საშუალება ექნებათ შესთავაზონ თავიანთი ნამუშევრები თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. მუზეუმის კოლექციაში მოსახვედრად ამ ნამუშევრებს ჯერ ექსპერტთა საბჭოს თანხმობა სჭირდება, თუმცა თუ ხელოვანები ამ ეტაპს გაივლიან, როგორც გიორგი კალანდია ამბობს, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ისინი „გუგლის“ კულტურულ სივრცეში აღმოჩდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG