Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროექტი – ”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი”


”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი” - ასე ჰქვია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტატიათა კრებული გამოვიდა. კრებული, ავტორთა აზრით, საინტერესო ან სასარგებლო აღმოჩნდება ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას მიჩვეული ქართული საზოგადოებისთვის. კრებულში ორი ძირითადი თემაა განხილული - სახელმწიფო უსაფრთხოება და ადამიანის უფლებათა დაცვა.

”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევში” გამოქვეყნებული სტატიები მკითხველს აღწერილობითი და შემეცნებითი ხასიათის ექსპერტულ ხედვებს სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა გლობალური პოლიტიკური რისკები, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოგრაფიული უსაფრთხოება, ეკონომიკურ, ფინანსურ და საბანკო სისტემათა უსაფრთხოება და სხვა. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის სტატია, მაგალითად, თანამედროვე ქართული დემოკრატიის ფენომენის გამოკვლევის მცდელობაა. ”დარწმუნებული ვარ,-ამბობს სოსო ცისკარიშვილი, - როდესაც დემოკრატიას გვიქებენ, ყოველთვის პოსტსაბჭოთა სივრცეს გულისხმობენ. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი დემოკრატია არ არსებობს. შესაბამისად, არარსებულ სივრცეში ლიდერობა ვერაფერი გამარჯვებაა.” სტატიაში, სათაურით ”ქართული დემოკრატია- პოლიტიკურ საფრთხეთა ინკუბატორი”, სოსო ცისკარიშვილი აღწერს, თუ რა საფრთხეებს მოიცავს დემოკრატიის ხელოვნური დეფიციტი და მისი განსხვავებული სტანდარტები საქართველოში. კრებულის 15-ვე ავტორი დემოკრატიის პირდაპირი თუ ირიბი საფრთხეების თემას სპეციფიკურად უდგება, თუმცა არის კრებულის გამაერთიანებელი ორიგინალური ხაზიც.

შეიძლება გვქონდეს დემოკრატია, მაგრამ არ გვყავდეს ხალხი. ამიტომ ჩვენ გვინდა დემოგრაფიული ვითარება საქართველოში გაუმჯობესდეს ...
რევაზ გაჩეჩილაძე
”ვფიქრობ, საინტერესო იქნება აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც აკინძულია ამავე წიგნში და მოიცავს დემოკრატიის თაობაზე შეხედულებებს იმ 45 ადამიანისა, რომლებიც სხვადასხვა წელთაღრიცხვაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და საკუთარ ხედვას დემოკრატიაზე აფიქსირებდნენ საუკუნეების განმავლობაში. საინტერესოა, მონახავს მკითხველი რაიმე საერთოს დემოკრატიის გავრცელებულ შეფასებებსა და იმას შორის, რაც დღეს არის საქართველოში?“- კითხულობს სოსო ცისკარიშვილი და გულისხმობს სტატიების გასწვრივ დაბეჭდილ ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის ექს-პრეზიდენტის ცნობილი ფრაზა - ”დემოკრატია იმდენად მართვის საშუალება არ არის, რამდენადაც მთავრობის შეზღუდვის საშუალება”, ფრანგი მწერლის ალბერ კამიუს მოსაზრება, რომ ”დემოკრატია არის არა უმრავლესობის ძალაუფლება, არამედ უმცირესობის დაცვა”, დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის გამონათქვამი, რომ ” დიქტატურის საუკეთესო იარაღი კონსპირაციაა, დემოკრატიის საუკეთესო იარაღი გახსნილობა უნდა იყოს” და სხვა.

რა კავშირია დემოკრატიასა და დემოგრაფიას შორის? - ამ კითხვით კრებულის ერთ-ერთ ავტორს, პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს მივმართეთ. მისი სტატია საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება.

”დემოგრაფიასა და დემოკრატიას შორის კავშირი არ არის. მანდ სიტყვა დემოსია, რაც აკავშირებს და რაც ნიშნავს ხალხს. მაგრამ, რასაკვირველია, დემოგრაფიული საფრთხეები, გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატიის საფრთხეებიცაა, იმიტომ რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა იმართებოდეს, ქვეყანა ნორმალურად ფუნქციონირებდეს. შეიძლება გვქონდეს დემოკრატია, მაგრამ არ გვყავდეს ხალხი. ამიტომ ჩვენ გვინდა დემოგრაფიული ვითარება საქართველოში გაუმჯობესდეს. ეს რთულია, მაგრამ არ არის გამოუსწორებადი.”

რევაზ გაჩეჩილაძის ნაშრომში ვითარების გამოსასწორებლად მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელთა თანახმად, აუცილებელია გააზრებული სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და გატარება, შესაბამისი რეგიონალური და მიგრაციული პოლიტიკის ელემენტებით.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორთა შორის, დამოუკიდებელ ექსპერტთა ზემოხსენებული, რიგით მესამე კრებულის თანახმად, მრავლადაა ასევე ადამიანის უფლებების შემზღუდავი გარემოებები. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის და კრებულის ერთ-ერთი ავტორის, უჩა ნანუაშვილის, განმარტებით, ამ რიგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ლიბერალური კანონმდებლობის რეპრესიულით შეცვლაა:

” აქ საუბარია ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებულ ახალ კანონებზე, რომლებიც ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს და ეს ჩანს ძალიან კარგად ამ მოკლე მიმოხილვაშიც. ანუ არის სერიოზული უკუსვლები, ანუ ეს არის ერთგვარი ტენდენცია საქართველოში, როდესაც კანონის მიღება ხდება იმისათვის, რომ ესა თუ ის უფლება ან ესა თუ ის ჯგუფი საქართველოს მოსახლეობისა შეიზღუდოს. თუ მანამდე პრობლემები იყო პრაქტიკაში, დღეს უკვე საკანონმდებლო დონეზეა სერიოზული პრობლემები, რაც ქმნის საფუძველს, რომ ეს უფლებები უფრო მასობრივად იქნეს დარღვეული.”
ყველასათვის სასარგებლო უნდა იყოს, მე მგონი, ამ პუბლიკაციების გაცნობა და, გარკვეულწილად, სამაგიდო წიგნია. ყველასთვის კარგი იქნება - ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც ...
ზურაბ აბაშიძე

ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მხრივ კი, განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა პენიტენციარულ სისტემაში, - ვკითხულობთ კრებულში. სტატიის ავტორია პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მანანა კობახიძე.

”როგორც მოწვეული, ამ დარგის მცოდნე და ამ დარგში პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ასე მოხდა ჩემი ჩართვა ამ პროექტში”, ამბობს მანანა კობახიძე, რომლის ნაშრომის მიხედვით, აუცილებელია შეიცვალოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, როგორც ციხეების გადატვირთულობის ერთ-ერთი მიზეზი; გამოძიებული უნდა იქნეს არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გადაიდგას ნაბიჯები საზოგადოებისათვის ნაკლებად საშიში დანაშაულების დეკრიმინალიზაციისათვის და სხვა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კრებული - ” საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი” - ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს აღიარებს და გამოსწორებას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს. კრებული სამაგიდო წიგნია, ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, ზურაბ აბაშიძის, აზრით:

”მშვენიერი სტატიებია. ყველასათვის სასარგებლო უნდა იყოს, მე მგონი, ამ პუბლიკაციების გაცნობა და, გარკვეულწილად, სამაგიდო წიგნია. ყველასთვის კარგი იქნება - ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. მთლიანად საზოგადოების ფართო მოხმარებისთვის არის გამიზნული, მშვენივრადაა შედგენილი.”

”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის” პრეზენტაციაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ რიგებშიც აღმოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ეს წიგნი დააინტერესებთ. კრებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - ”ქართუს” - ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
XS
SM
MD
LG