Accessibility links

logo-print

მასობრივი ქორწილების რიტუალი უზბეკეთში


გულნარა ქარიმოვა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე

გულნარა ქარიმოვა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე

უზბეკეთის ავტორიტარული მმართველის ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი, გულნარა, ჩაერთო სამთავრობო კამპანიაში, რომელიც მიზნად ოჯახური ფასეულობების გამყარებას აცხადებს. კამპანია ითვალისწინებს საქორწინო და წინადაცვეთის რიტუალების მასობრივად ჩატარებას ღარიბი წყვილებისა და ობოლი ბავშვებისთვის, თუმცა ინიციატივას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს - ისინი ჩივიან, რომ ხალხს დაქორწინებას სოციალური დახმარებების ჩამორთმევის მუქარით აიძულებენ.

გულნარა ქარიმოვას პროფესიებს შორის უკვე არის მომღერალი, კომპოზიტორი, დიზაინერი, დიპლომატი, ფილანტროპი და ბიზნესის წარმომადგენელი. 2008 წელს მან ესპანელ მომღერალ ხულიო იგლესიასთან ერთად დუეტიც ჩაწერა - „ბესამე მუჩო“.



ახლა კი უზბეკეთის დიქტატორის ისლამ ქარიმოვის ქალიშვილს შეუძლია თავისი მიღწევების ვრცელ სიას კიდევ ერთი პროფესია - საქორწილო წვეულებების ორგანიზატორი - დაუმატოს.

უზბეკეთში 2012 წელი „ძლიერი ოჯახის წლად“ არის გამოცხადებული. ქარიმოვა აქტიურად ჩაება მთავრობის მიერ წამოწყებულ კამპანიაში - სწორედ მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია, ფონდი ფორუმი, ახორციელებს ამ კამპანიაში შემავალ პროექტს - „ათასი ქორწილი და ათასი წინადაცვეთა“.

ფონდი ფორუმი, რომელიც თავის პარტნიორებს შორის ისეთ მაღალი პროფილის ორგანიზაციებს ასახელებს, როგორიცაა იუნესკო, გაეროს განვითარების პროგრამა და ბრიტანეთის საბჭო, აცხადებს, რომ ქორწილის და წინადაცვეთის მასობრივი რიტუალები ობლებისა და ღარიბი წყვილებისთვის ეწყობა. მარტში გამართულ ერთ-ერთ ასეთ ცერემონიაზე, მაგალითად, 123 წყვილი დააქორწინეს და 200 ბიჭს ჩაუტარეს წინადაცვეთის პროცედურა.

თუმცა კამპანიას ყველა ენთუზიაზმით არ ხვდება. ბევრი ჩივის, რომ მათ ცერემონიებში მონაწილეობას სოციალური დახმარებების მოხსნის მუქარით აიძულებენ - მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის გამოყოფილი შემწეობის ან სხვა სახის დახმარების ჩამორთმევით. ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარი მასშტაბური ცერემონიების ხარჯი დიდ ტვირთად აწვება საზოგადოებრივ ფონდებს, რაც სოციალური დახმარებებისა და პენსიების გაცემის დაგვიანებას და სხვა პრობლემებს იწვევს.

ფონდი ფორუმი აღიარებს, რომ მასობრივ ცერემონიებში ადგილობრივი მთავრობებიც მონაწილეობენ, თუმცა მათ სხვა სახელმწიფო თუ კორპორაციული სპონსორების გვერდით ასახელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცერემონიაში მონაწილეებს გადასცემს „საათებს, გულნარას დიზაინით გაკეთებულ მოდურ სამკაულებს და სხვა საჩუქრებს“. თუმცა არის შემთხვევები, როცა ცერემონიების მინაწილეებს ეუბნებიან, რომ, მაგალითად, ხალიჩა, კედლის საათი, ტელევიზორი თუ სხვა საოჯახო ნივთები მათ რომელიმე ადგილობრივმა ბიზნესმენმა აჩუქა.

ფონდი ფორუმი 2004 წელს დაარსდა. გულნარა ქარიმოვა ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს. მასობრივი ქორწილების და წინადაცვეთის რიტუალების გარდა, ორგანიზაცია აწყობს მოდის ჩვენებებს ბავშვებისთვის, გამოფენებს. ორგანიზაციის პარტნიორთა სიაში შთამბეჭდავი სახელებია - მაგალითად, ლუვრის მუზეუმი.

ქარიმოვას უზარმაზარი ქონების ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა მისი სახელი უკვე დიდი ხანია დაკავშირებულია „ზერომაქსთან“ - ჰოლდინგთან, რომელიც 2010 წელს - მას შემდეგ, რაც უზბეკეთის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამრეწველო სექტორში წილების უმრავლესობა შეიძინა - სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა. გავრცელებული შეფასებით, გულნარა ქარიმოვას ქონება 600 მილიონ დოლარს უტოლდება.

ბევრი თვლის, რომ ფონდი ფორუმი გულნარა ქარიმოვასთვის, უწინარესად, პიარ-მექანიზმის ფუნქციას ასრულებს.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ 2011 წლის ანგარიშის თანახმად, უზბეკეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე ხშირად და უხეშად ირღვევა და სადაც ქარიმოვის რეჟიმის მთავარ მახასიათებლებს შორის არის წამება, რელიგიური დევნა და მკაცრი ცენზურა.

არის ვარაუდი, რომ ფონდი ფორუმი მმართველი რეჟიმის და ქარიმოვების კლანის იმიჯის გაუმჯობესებას ემსახურება.

რამდენად აღწევს ამ მიზანს, სხვა საკითხია, მაგრამ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დღეს უზბეკეთის ბევრ მოქალაქეს სწორედ გულნარა ქარიმოვას სახელთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში უწევს დაოჯახება - იმის მიუხედავად, ამის სურვილი მართლა აქვს თუ არა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG