Accessibility links

logo-print

მწყობრიდან გამოსული 3-მილიონიანი სპორტკომპლექსი გურჯაანში


სპორტკომპლექსი გურჯაანში

სპორტკომპლექსი გურჯაანში

საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის 17 სექტემბერს გურჯაანში ახლად რეაბილიტირებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გახსნა და კურორტ ახტალას რეაბილიტაციის დაწყების პრეზენტაციას დაესწრო.

კახეთის რეაბილიტაციის ფარგლებში, გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში საცურაო აუზი, საკალათბურთო მოედანი, სპორტული
და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო.

შენობის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თანამედროვე ტიპის სპორტულ კომპლექსს კი პრობლემები გახსნიდან რამდენიმე დღეში შეექმნა. სპორტკომპლექსის თანამშრომლების განცხადებით, დარბაზში პირველივე წვიმის დროს ჭერი ჩამოიშალა, საცურაო აუზი კი დასკდა და წყალი გაუშვა. სპორტკომპლექსი სრული დატვირთვით დღემდე ვერ ფუნქციონირებს, რადგან შენობის სრული რეაბილიტაცია პრეზიდენტის სტუმრობიდან 10 თვის შემდეგაც არ არის დასრულებული.

„თქვენ, ალბათ, დაბლა არ გინახავთ?! იატაკია გასაკეთებელი, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის. კომპლექსი მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 17 სექტემბერს გახსნა, თუმცა სამუშაოები არ იყო დასრულებული. სწორედ გახსნის შემდეგ გაუშვა წყალი აუზმა“, ამბობენ მშენებლები.

სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წლის აპრილში დაიწყო. ნიკო ძველიშვილი, რომელიც სპორტკომპლექსის თამანშრომელია, ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაჩქარევად მიმდინარეობდა, რამაც სამშენებლო ხარვეზები გამოიწვია. მისი თქმით, გახსნიდან ერთ კვირაში აღმოჩნდა, რომ სპორტდარბაზებში დაგებული იატაკი უსწორმასწორო იყო და სინესტისგან ადგილ-ადგილ ამოიბურცა.

„იატაკი ძალიან კარგი ხარისხის არის, მაგრამ ნესტიან ადგილზე დააგეს და გაშრობა ვერ მოასწრო, ცემენტი არ გაშრა. არადა, ამ იატაკის ღირებულება 80 ათასი ლარია. ახლა თუ არ ავყარეთ და თავიდან არ დავაგეთ, სულ გაფუჭდება. ნესტიანზე ალბათ იმიტომ დააგეს, რომ ჩქარობდნენ, რადგან პრეზიდენტს უნდა გაეხსნა“.

სატენდერო მოთხოვნის თანახმად, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე იყო გამოქვეყნებული, უნდა მომხდარიყო კომპლექსის რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზების, ფიტნეს ცენტრის და საცურაო აუზის, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის და გარე განათების მშენებლობა. ტენდერის პირობის თანახმად, კომპლექსის დემონტაჟი გათვალისწინებული არ იყო, თუმცა, კომპანია „თემა“-ს წარმომადგენლის პაატა გოგოლაძის თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციის შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და უნდა დანგრეულიყო.

პაატა გოგოლაძისავე თქმით, შენობა დაინგრა და მის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა აშენდა, რამაც სამშენებლო ხარჯები გაზარდა.

შპს „თემა“-ს წარმომადგენლებს დღეს მშენებლობის ხარისხზე საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ საქმე სასამართლოშია და პასუხს კითხვებზე გურჯაანის გამგეობა გასცემს.

„ყველა დოკუმენტი გამგეობას აქვს გადაცემული. შესაბამისად, იქ წერია სპორტკომპლექსის დასრულებას რა სამუშაოების ჩატარება სჭირდება. გურჯაანის გამგეობაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა სამუშაოები, რადგან დამკვეთი სწორედ ის არის“, ამბობს პაატა გოგოლაძე.

შპს „თემა“ გურჯაანის გამგეობას 900 ათას ლარს და პირგასამტეხლოს ედავება, რაც, საბოლოო ჯამში, 1 მილიონ ლარს აღემატება. გურჯაანის გამგეობა კი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან, მათი განცხადებით, კომპანია ვერ ასაბუთებს, დამატებითი თანხა რაში გაიხარჯა.

„პირვანდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჩვენ გადავიხადეთ. ეს არის 2 მილიონ 800 ათასი ლარი. შემდეგ მათ პროექტი თვითნებურად შეცვალეს და ახლა უფრო მეტის გადახდას გვთხოვენ. თვითნებურად პროექტის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ მათი მოთხოვნილი თანხა უნდა გადავიხადოთ“, ამბობს გამგეობის იურისტი ნანა ჭაბუკაძე.

ცნობილი არ არის, გაგრძელდება თუ არა კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, კომპლექსი კი სრული დატვირთვით ჯერ ვერ ფუნქციონირებს. გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ, რომ საქმეს გურჯაანის სასამართლო განიხილავს, სადაც მოსარჩელის შპს „თემა“-ს წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.
XS
SM
MD
LG