Accessibility links

logo-print

კორუფცია, ნეპოტიზმი, პროვოკაცია - გურჯაანის გამგეობა პარალიზებული იყო


გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი

კორუფცია, ნეპოტიზმი, პროვოკაცია - ეს სიტყვები გურჯაანში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. გარკვეული ხნის განმავლობაში გამგეობის მუშაობა პარალიზებული იყო. ხმაური დილიდანვე დაიწყო - მას შემდეგ, რაც შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მივიდნენ. ეს პარტია კორუფციასა და ნეპოტიზმზე ლაპარაკობს, გამგებელი - პროვოკაციაზე, ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი კი ორივე მხარეს ადანაშაულებს.

ყვირილი, ტირილი და ხმაური გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში გურჯაანის გამგებლის კორუფციული და ნეპოტისტური საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დაიწყო მუშაობა. დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი მიზეზს განმარტავს, რატომ აირჩიეს, პირველ რიგში, ეს ქალაქი:

„ამ რაიონში არის ნეპოტიზმის ფაქტები, სადაც ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს ნიშნავენ სახელმწიფო სამსახურებში, და ასევე სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ფაქტები. დღეს ვიღებდით მოქალაქეებს და, ამვდროულად, გამგებელიც, რა დროსაც გამგებელმა გამოიძახა კრიმინალური პოლიცია - დაახლოებით, 5-6 ადამიანი. ამის გამო შეწყვიტა მან მიღება და მოქალაქეებს დაახვედრა პოლიცია“.

ბატონო გიორგი, ითქვა, რომ დღეს გამგეობაში მოქალაქეები თქვენმა პარტიამ მიიყვანა.

„ჩვენ არავინ მიგვიყვანია! ჩვენ ვართ აქ პარლამენტის წევრები და ჩვენი აქტივისტები. დანარჩენი მოქალაქეები მიღებაზე მოვიდნენ საკუთარი ნება-სურვილით“.

დღეს გურჯაანის გამგებელს მოქალაქეთა მიღების დღე ჰქონდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ერთმა ქალმა, კონკრეტული პრობლემებით, გამგებლის კაბინეტში შესვლა ტელეკამერების თანდასწრებით გადაწყვიტა. ქალი გამგებლისგან სოციალური დახმარების სახით შემწეობას ითხოვდა:

„ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე მყავს, ამდენ ფულს თქვენ იტაცებთ და 50 ლარი მათხოვარივით რომ გადმომიგდეთ, ეს საკმარისია ავადმყოფი კაცის ხელში? გზაში დავხარჯე ეს 50 ლარიც“.

ამის შემდეგ გამგებლის კაბინეტში კიდევ ერთი ქალი შევიდა, რომელმაც განაცხადა, რომ გამგეობამ ის უმუშევარი დატოვა, რის გამოც შვილისთვის სწავლის გადასახადს ვეღარ იხდის. ქალს ჟურნალისტებმა ჰკიხეს, იყო თუ არა ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ქალბატონო, თქვენ ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხართ?

„არა, არც ვყოფილვარ არასდროს „ნაციონალი“. ამოიღეთ დოკუმენტები 2003 წლიდან, თუ სადმე ვყოფილვარ გაწევრიანებული. არც ვყოფილვარ, არც ახლა ვარ. მხოლოდ კომიტეტის სხდომაზე მივედი დასახმარებლად. ყველგან მივალ... მე აქედან ადმინისტრაციულ სამსახურში წავალ, იქიდან წავალ პრემიერ-მინისტრთან, ყველგან წავალ. აქ ეხება საქმე ჩემს შვილს და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე მის მიმართ კორუფციასა და ნეპოტიზმში წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, „ნაციონალებს კონკრეტული ფაქტები რომ ჰქონოდათ, დოკუმენტებს გამოაქვეყნებდნენო“. გამგებლის თქმითვე,"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მის კაბინეტში „მორიგი პიარაქცია გამართეს“, რაც „პროვოკაციაა“:

„რამე აინტერესებთ? მოგვმართონ წერილობით, გიპასუხებთ. ეს სპექტაკლები არის მათი მოგონილი. ჰგონიათ, რომ ხალხი კიდევ წამოეგება რაღაცას. თქვენი ჭირიმეთ, არავის არაფრის არ გვეშინია. ესე იგი მე ვიდგე მთელი დღე და მათ სისულელეებზე ვილაპარაკო? ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი, არა?!“

დღის ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძის პარტიის წამომადგენლობა კახეთში. კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი ირწმუნება, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთანაა შეკრული. უფრო მეტიც, შოშიაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაში მონაწილეობისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქტივისტებს თანხა გადაუხადა:

„სპექტაკლში მათ აიღეს ფული! ეს სპექტაკლი არის დადგმული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელშიც მონაწილეობდა ორივე მხარე. ანუ რეჟისორმა გადაანაწილა როლები. თავის როლს თამაშობდა დღეს ‘ქართული ოცნებაც’“.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ანტიკორუფციული კომისია რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს, ხოლო მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG