Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გურჯაანში დევნილები საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ


აფხაზეთიდან დევნილები გურჯაანში
აფხაზეთიდან დევნილები გურჯაანში
აფხაზეთიდან დევნილი 20-მდე ოჯახი გურჯაანის რაიონის ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში შეიჭრა. ისინი საცხოვრებელი ფართის დაკავებას ცდილობენ. თინათინ ჯელაძე დევნილთაგან ერთ-ერთია, რომელიც 2010 წლის შემდეგ უსახლკაროდაა დარჩენილი. როგორც თავად ამბობს, 3 წლის წინ კურორტ ახტალის ტერიტორიიდან იძულების წესით გამოასახლეს და ალტერნატიული ფართი მისთვის მიუღებელ ტერიტორიაზე - ბაკურციხეში - შესთავაზეს:

„2010 წელს პოლიცია დაგვესხა თავს და იმ ტერიტორიიდან გამოგვყარეს. გვთხოვეს, რომ წავსულიყავით ბაკურციხეში. ბაკურციხეში ვერ წავედით იმის გამო, რომ აქ, გურჯაანში, ვვაჭრობდით და კაპიკებს ვშოულობდით. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. პირველად რომ უარი ვთქვით, მას შემდეგ ყურადღებას აღარავინ გვაქცევს. ამჟამად ქირით ცხოვრობს დევნილთა უმეტესობა. იძულებული გავხდით პოლიკლინიკის შენობის კორპუსის კარი გავტეხოთ და იქ ვიცხოვროთ. აღარ მაქვს ქირის გადახდის საშუალება და რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?“

დევნილები, რომლებმაც ყოფილი პოლიკლინიკის შენობა დაიკავეს, ქირით ცხოვრობენ და გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. ისინი დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის ადგილზე ჩასვლას და შენობის დაკანონებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. დევნილები მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც 2010 წელს ბაკურციხის დევნილთა დასახლებაში ცხოვრებაზე უარი თქვეს:

„გურჯაანში ყველანი რაღაცას ვაკეთებთ და საარსებო წყარო გვაქვს. ბაკურციხეში კი ამის შესაძლებლობა არ არის. ამიტომ ვთქვით უარი ბაკურციხის საცხოვრებელზე. მას შემდეგ მეოთხე წელი დაიწყო და ყურადღებას აღარავინ გვაქცევს. ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლია, ქირას ვეღარ ვიხდით. მით უმეტეს, ახლა ზამთარი მოდის და გვინდა, რომ ადამიანურ პირობებში ყველამ ერთად, კომპაქტურად ვიცხოვროთ“.

„შენობაში იმიტომ შევიჭერით, რომ სხვანაირად სამინისტროს ყურადღება ვერანაირად ვერ მივიქციეთ“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური კოორდინატორი მერაბ გოგსაძე ამბობს, რომ დევნილებმა დახმარებისთვის სამინისტროსაც მიმართეს. მერაბ გოგსაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს, რომ დევნილთა საცხოვრებლებით დაკმაყოფილება, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, გურჯაანშივე მოხდეს. გოგსაძე არ გამორიცხავს, რომ დევნილებს ცხოვრების უფლება გურჯაანის პოლიკლინიკის ყოფილ შენობაშიც მისცენ:

„ჩვენ ვცდილობთ, რომ დევნილების დაკმაყოფილება მოხდეს და მათ საცხოვრებლები გურჯაანშივე მიიღონ. პოლიკლინიკის შენობის თაობაზე დოკუმენტები გვაქვს გამოთხოვილი ეკონომიკის სამინისტროდან. ვფიქრობ, რომ დევნილები საცხოვრებელს, საკუთარი სურვილის მიხედვით, პოლიკლინიკის ყოფილ შენობაში მიიღებენ“.

გურჯაანში მცხოვრებ დევნილთა ნაწილი როგორც ყოფილ, ასევე ახალ ხელისუფლებას საყვედურობს. დევნილი ნანული ჩალაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი მოატყუა:

„სააკაშვილმა დაგვარბია და დაგვყარა ღია ცის ქვეშ! „ოცნებამ“ კიდევ ჭაობიდან უნდა ამოვიყვანო დევნილებიო, შეგვპირდა და ხმა მიგვაცემინა, ახლა კი თავადაც გარბის. ჩვენ ჩაძირულები დავრჩით!“

გურჯაანში პოლიკლინიკის ყოფილი შენობა, სადაც დევნილები შეიჭრნენ, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ფართით დაკმაყოფილებას სულ 35 ოჯახი ითხოვს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG