Accessibility links

logo-print

გამომცემლობა „სიესტამ“ 11 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი, დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“, რომელიც ავტორის მოგონებების და შეგრძნებებისა და გურულების მიერ მოთხრობილი ამბებისგან შედგება. ავტორის მოგზაურობა გურიაში ოთხ თვეს გრძელდებოდა და ის პირადად იწერდა ძველი დროის ამბებს ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების შესახებ გურული გლეხებისგან.

როგორც „გურული დღიურების“ ავტორის ერთი მეგობარი ამბობს, „მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენი“. თავად კეკელიძის დასკვნაა, რომ გურია, ეს ლამაზი, მაგრამ ღარიბი მხარე, პარადოქსების მხარეა. ასე იწყებს კიდეც ავტორი „გურული დღიურების“ თხრობას.

სანამ წიგნად გამოვიდოდა, მანამდე გურული ამბები, 90-იანი წლების მოგონებები ფრაგმენტულად, ესეების სახით ქვეყნდებოდა ინტერნეტსივრცეში, ყველაზე აქტიურად კი ინტერნეტგაზეთ www.maswavlebeli.ge-ზე. დროთა განმავლობაში დაწერილიც და დაუწერელიც იმდენი დაგროვდა, რომ გიორგი კეკელიძემ ამ ამბების წიგნად ქცევა გადაწყვიტა:

„გადავწყვიტე, რომ ეს წიგნი იქნებოდა ერთგვარი სინთეზი ჩემი ამბებისა და მოგონებების და, მეორე მხრივ, გაჯერებული ყოფილიყო ეთნოგრაფიული, ფოლკლორული ელემენტებით“.

ასაკოვან ხალხს განგებ ვარჩევდი, რადგან მათი ისტორიები, ალბათ, უფრო მომხიბვლელი და საინტერესოა, რადგან ის, რაც დღეს ხდება, რაც უნდა უჩვეულო ამბავი იყოს...

დაახლოებით ოთხი თვის წინ გურიაში მოგზაურობაც ამიტომ დაიწყო. პარასკევს, სამსახურის შემდეგ, გეზი თავისი მშობლიური მხარისაკენ ჰქონდა ხოლმე აღებული. მთელი შაბათ-კვირა ქორწინების ძველებურ ისტორიებსა და დაკრძალვის რიტუალების ამბებს ადგილობრივი გურულებისგან ისმენდა და აგროვებდა.

„ასაკოვან ხალხს განგებ ვარჩევდი, რადგან მათი ისტორიები, ალბათ, უფრო მომხიბვლელი და საინტერესოა, რადგან ის, რაც დღეს ხდება, რაც უნდა უჩვეულო ამბავი იყოს, ადამიანებისათვის მაინც ჩვეულებრივი ამბავია“.

თხრობისას სტილი დაცულია. კითხულობ და გესმის გურულების. კარგია, რომ წარსულის ნამდვილი ამბები გიორგი კეკელიძემ ვიდეოფირზეც აღბეჭდა - შეგიძლია გმირებს მოუსმინო და დაინახო კიდეც ისინი. აი, ერთ-ერთის, ზედა ბახვში მცხოვრებიანგელინა ჭელიძის, გათხოვების ამბავიც:

„სადღაც გასვენებაში ვიყავი, იმ დროს 24 წლის ვიყავი. ხოდა, მნახა ერთმა ქალმა. მევეწონე. მოსაწონის მეტი რა იქნებოდა იქინე, მარა, ალბათ, ბედის ამბავი იყო ჩემი. ხოდა, ჯარიდანო ჩამოსულიაო ჩემი შვილიო, მარაო არ მაქო პირობებიო და ერთი კაცი ჩამოვიდაო, იაკობ ჭელიძეო, და ეძებს ქალსო და ვეტყვიო. უთხრა და მივეწონე. მეც მომეწონა. აბა, ისე ძალა არ დუტანებია, არ მუუტაცებივარ“.

გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე

„გურია არნახულად ღარიბია. გურიის მთა და ბარი განსხვავდება, მე მათ სუნით ვცნობ, რადგან ორივეგან მიცხოვრია. მთას ანწლის, შუაცეცხლით გაბოლილი კედლებისა და თხის კურკლის სუნი აქვს, ბარს - ოდნავ მომპალი მანდარინის, ერთნახადი არყისა და სკოლის მერხის. ამხანაგებო, გურიაში არის ნისლიანი ბახმაროც და მაგნიტურქვიშიანი ურეკიც, ვაზიანი ბახვიც და ციტრუსიანი შრომაც. შესაბამისად, გურია მდიდარიცაა“, წერს გიორგი კეკელიძე. თუმცა, როცა ვეკითხები,ყველაზე მკვეთრად რა გახსოვს-მეთქი, ის მაინც უკიდურეს გაჭირვებას იხსენებს - იმას, რაც 90-იანელების ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. რა არის ის, რაც გურიას სხვა მხარეებისგან განასხვავებს? - ვეკითხები მას:

„გურიას სხვა მხარეებისგან განასხვავებს ის, რომ ამ ხალხს ერთ სივრცესა და მოცემულობაში შეუძლია ატაროს როგორც უკიდურესი ტაბუები, ასევე იყოს ძალიან გახსნილი. ამიტომაც იწყება ეს წიგნი იმ სათაურით, რითიც იწყება, ანუ „გურიის პარადოქსით“. უცნაურია, რომ გურულებს არასოდეს არ ჰქონიათ სიახლეების შიში, მეტიც, ულტრარევოლუციონერები იყვნენ, მაგრამ ასევე უცნაურია ისიც, რომ გურულები ისეთ სივრცისა და გასვლის სიმბოლოს, როგორიც არის ზღვა, შიშით უყურებდნენ. თუკი არსებობდნენ ცხენოსანი გურულები, რატომ არ არსებობდნენ ზვაოსანი გურულები, როცა ზღავ სულ იყო გურიაში და ცხენოსნობა გაცილებით გვიან გაჩნდა?“

გურიას, ალბათ, ისიც განასხვავებს, რომ მთელი ეს გაჭირვება, რაღაც თვალსაზრისით, გადაიტანონ იუმორით, რომელიც გურული ცხოვრების თანმდევია, მაგრამ ეს არ არის სასაცილო ამბები ან კურიოზები...

„მიუხედავად კრიმანჭულისა, გურიაში ტირილი უფრო უყვართ, ანუ დატირება. ხოლო დაკრძალვის რიტუალში ნამდვილად არის კარნავალურობის მიმზიდველი სიჭარბე. ხშირად ვხლებივარ ჭირისუფალს ერთი სოფლიდან მეორეში და მინახავს ქალების საოცარი მეტამორფოზა - საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე მომენტალურად გადასვლა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ორივე მდგომარეობა (საწებელი და ვაი-ვიში) ჩემთვის არნახულად ბუნებრივია. სწორედ ეს არის გურულების პარადოქსი“- ესეც პარადოქსზე.

და კიდევ იუმორი, რომელსაც ვერსად წაუხვალ და რომელსაც თავად წიგნის ავტორი ასე ხსნის:

„გურიას, ალბათ, ისიც განასხვავებს, რომ მთელი ეს გაჭირვება, რაღაც თვალსაზრისით, გადაიტანონ იუმორით, რომელიც გურული ცხოვრების თანმდევია, მაგრამ ეს არ არის სასაცილო ამბები ან კურიოზები, ეს უფრო არის საკუთარი თავისთვის იმის დაძალება, რომ ცხოვრებას შეხედო მხიარული თვალით“.

არყის გამოხდის რიტუალი, დატირება და ქორწინება გურულად, მკითხავთან ვიზიტები, ჩა, ანუ ჩაი, და ჩას სმის რიტუალები საღამოობით სახლის აივნებზე, „ლობიოს ელვა“ და სხვა მრავალი... გურულებს ეს წიგნი, ალბათ, განსაკუთრებით ააღელვებთ და ბევრი რამ ეცნობათ. თუმცა - არამხოლოდ. სოფელ სურებსა და სოფელ ნატანებში მოსმენილი ეს ამბები ბევრს გაახსენებს თავის ბავშვობას, ბებია-ბაბუებს და მათ მიერ ათასგზის მოყოლილ ძველი დროის თავგადასავლებს.

წიგნში ძალიან კარგად არის შერწყმული ამბები და ავტორის დაკვირვებები. მე მგონი, ეს ყველაზე საინტერესო მომენტია...

„ცოლი რაფერ მევიყვანე და... მეხსიერება კი მაქვს მაგისი.ცოლი უწინ იყო გარიგებით. ჩვენ, გოგო და ბიჭი, კი არ დევილაპარაკებდით, უმფროსები, ბიჭის მამა გოგოს მამას დეელაპარაკებოდა და, სანამ ქორწილი არ დეიშლებოდა, ისე ცოლთან არ შეგიშობდნენ. მერე რო შეხვიდოდი, მოგეწონებოდა თუ არა, რა გზაი გქონდა. ქორწინი გადახდილი იყო, რაღა გზა გქონდა. კი არ მომეწონა დიდათ, მარა იმაზე თლა უარესები იყვნენ და იგენი რომ არ შემხვედროდნენ... არ მოგეწონება და სა წახვალ?! სიყვარული? იი ბაღნობაში კი, მარა ის სხვაგან გათხუვდა, მე სხვაგან დავქორწინდი. უწინ მაჭანკლობა ხომ იყო. ახლა ეს დარღოვილია დღეს“ (ნაწყვეტი „გურული დღიურებიდან“).

ჯერ გამიკვირდა და მერე გამიხარდა, როცა ეს ტექსტი წავიკითხეო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლიტერატურის კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია, რომელიც, ამავე დროს, ამ წიგნის რედაქტორიც გახლავთ.

„წიგნში ძალიან კარგად არის შერწყმული ამბები და ავტორის დაკვირვებები. მე მგონი, ეს ყველაზე საინტერესო მომენტია“, ამბობს მალხაზ ხარბედია.

წიგნი გამომცემლობა „სიესტამ“ ახლახან გამოსცა. ყდის დიზაინი ნატალი ავალიანს ეკუთვნის და მასზე, გიორგი კეკელიძისა და ედუარდ შევარდნაძის ფოტოს გვერდით, თხილი და მანდარინია გამოსახული. - ვინც გურიას ინცობს, კითხვები არ გაუჩნდება.

"ავტორს თავიდანვე ჰქონდა არჩეული ესთეტიკური მიმართულება - პოპ-არტი, ასე რომ, დასაწყისიდანვე ფიქრი ამ სტილის ფარგლებში მომიწია. შესაბამისად, „გურული დღიურების“ შემთხვევაში შინაარსს არ განუპირობებია ფორმა. პირიქით, ფორმამ განაპირობა შინაარსი: ავტორის პორტრეტთან ერთად ყდაზე გამოვიტანე ის „უმი“ კლიშეები, რომლებიც გურიასთან ასოცირდება. უკანა ყდაზე განთავსებული ჩაი „გურიელის“ რეკლამაც მშვენივრად ჩაეწერა კომერციული ხელოვნების - პოპ-არტის კონცეფციაში", - ამბობს ნატალი ავალიანი.

და კიდევ ერთი: ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გურული აღარავისში აგერევათ და ისიც კარგად გეცოდინებათ, რას გკითხავენ ისინი შეხვედრისას: „რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?“ - როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ამ კითხვებს გურულები ასე მიყოლებით, სხაპასხუპით და ერთად სვამენ. რა ირიბი დატვირთვა აქვს ამ კითხვებს, ავტორს დღემდე არ უნდა, რომ ამოიცნოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG