Accessibility links

logo-print
ისლანდიაში მინდა, ჰო, ისლანდიაში. აი, ისე, ზოგიერთი რომ ბაჰამებზე ან ჰავაიზე ოცნებობს. ყველას უკვირს, ვისაც ვეუბნები. მეკითხებიან, რა გინდა ყველაზე მეტადო, მე კიდევ ვპასუხობ, ისლანდიაში მინდა ცხოვრება-მეთქი. რატომაა უცნაური, ვერ ვხვდები. მაგალითად, ჩემს ერთ მეგობარს საერთოდ კაბადოკიაში უნდა წასვლა. ამბობს, წამოვგორდები და ჩაის დავლევო. მე კიდევ მაინც მეკითხებიან, რა გინდა ისლანდიაშიო. აი, რა მინდა ისლანდიაში, ამას ახლავე მოგიყვებით.

ისლანდია პატარა ქვეყანაა, კუნძული ევროპის ჩრდილოეთით, სკანდინავიური კულტურის ნაწილი, რომელიც იზოლირებულია ყველანაირი სხვა კულტურებისგან. მოსახლეობა 300 ათასზე ოდნავ მეტია, ანუ მთელ ისლანდიაში ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე გლდანი-ნაძალადევის რაიონში. სანამ სკანდინავიელები დასახლდებოდნენ, კუნძულზე კელტები ცხოვრობდნენ. მხოლოდ მეცხრე საუკუნეში ჩავიდა ისლანდიაში პირველი სკანდინავიელი ინგოლფურ არნარსონი, რომელსაც შემდეგ რამდენიმე მიმდევარი გამოუჩნდა და ასე აშენდა ჩემი ოცნების ქვეყანაც.

მართალია, მეათე-მეთერთმეტე საუკუნიდან კუნძულზე ქრისტიანობა შევიდა, მაგრამ ძველი, წარმართული რელიგია ისლანდიელებს დღემდე არ დავიწყებიათ. ნუ, ამ ყველაფერს ნებისმიერ ენციკლოპედიაში ამოიკითხავთ, ამიტომ, მოდით, ჩემი ისლანდიაში წასვლის სურვილის ნამდვილ მიზეზებზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას.

უმთავრესი და ერთადერთი მიზეზი მუსიკაა. ამბობენ, გეოგრაფია და ბუნებრივი პირობები ხალხის ცნობიერებას განსაზღვრავსო. აი, ისლანდიელების შემთხვევაში ამ მოსაზრებას ვეთანხმები. მუსიკა ისევეა დაშორებული სამყაროში არსებულ ტენდენციებს, როგორც კუნძული მატერიკებს. მათ რაღაც თავისი აქვთ, უფრო ღრმა და უფრო მისტიკური.



ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია GUSGUS-ი. უკვე 18 წელია მუსიკას აკეთებენ, ანუ მე სულ 4 წლის ვიყავი, როცა ჯგუფმა პირველი ალბომი გამოუშვა და, ვფიქრობ, ყოველი შემდეგი ალბომი სჯობია წინას. 1995 წელს ჩამოყალიბდა ის რეიკიავიკში და იმის შემდეგ ისლანდიური ღამის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი გახდა. თანაც, ეს არაა მხოლოდ მუსიკა. „გუსგუსი“ თავიდან მულტიმედია ჯგუფი იყო, რომელშიც იმაზე მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული, ვიდრე ისლანდიის ნაკრებში. მათი ინსტალაციები აუცილებლად უნდა ნახოთ. მაგალითად, ამ სიმღერის ერთ-ერთ ლაივზე ასეთი რამ ხდება: ხუთი ადამიანი დგას სცენაზე, აქედან სამი მიკროფონთან და ორი ხმის პულტთან. ორი ყოველთვის ჩრდილშია და თავის საქმეს აკეთებს, ერთი მღერის. თუმცა მათ გარდა სცენაზე კიდევ ორი ადამიანია. ერთ-ერთი, უბრალოდ, ცეკვავს და გგონია, რომ, აი, აქ იმღერებს, აი, აქ ამოიღებს ხმას, თუმცა მთელი ტრეკი ისე გადის, რომ ერთხელაც კი არ დასცდება სიტყვა. ის, უბრალოდ, იმუქრება, რომ იმღერებს. კიდევაა ერთი გოგო, რომელიც, უბრალოდ, სცენაზე დადის და 10 წუთიანი სიმღერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იღებს ხმას.

მერე კი ისეთი ქაოსი იწყება სცენაზეც და ტრეკშიც, რომ ვერაფრით გაიგებ, რა ხდება. ამას ემატება ვიდეოინსტალაციაც და ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მინდა მე ისლანდიაში.

თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არაა. კიდევ დავასახელებ მიზეზებს. წარმოიდგინეთ, დაღლილი ჩახვედით ისლანდიაში, იპოვეთ ჰოსტელი და რამდენიმე თქვენნაირი ტურისტი გაიცანით. ოთახში ნივთები უცებ დაალაგეთ და მისაღებში გახვედით, ამ დროს კი მისაღებში ეს გხვდებათ:



მაგარია, არა? მუსიკა ისე მშვიდად იწყება, ფიქრობ, ახლა დავჯდები და მშვიდად მოვუსმენ ჭიქა ყავასთან ერთადო, მაგრამ გპირდებით, რომ თუ ოდესმე ამ ჯგუფის ლაივზე მოხვდებით, ერთი წამითაც ვერ გაჩერდებით ადგილზე.

თუმცა „გუსგუსი“ ერთადერთი ისლანდიური ჯგუფი არაა, რომელიც ასეთ მრავალფეროვან და თავისებურ მუსიკას აკეთებს. აქვეა შედარებით ახალგაზრდა Bloodgroup, რომელსაც ჯერ მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მათი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა - Chuck.



რთულია ხუთ წუთში ჩაატიო ის, რაც რეიკიავიკში ხდება ყოველღამე, თუმცა მე მაინც ვეცადე მეთქვა, თუ რატომაა ისლანდია ადგილი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. თუ მაინც ვერ დარწმუნდით, კიდევ ერთ ისლანდიურ ჯგუფს დაგიტოვებთ ბონუსად - FM BELFAST.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG