Accessibility links

logo-print
სურათის გადაღება მინდოდა დღიურებისთვის საგანგებოდ 65-ე კინოფესტივალიდან - სურათისა, რომელიც განსხვავებულად გამოხატავს აქაურობას, ისეთს, როგორიც არის კანის კინოფესტივალი 2012 წლის მაისში. მაგრამ გადავხედე სურათებს და აღმოჩნდა, რომ ახალი ფოტოები არაფრით განსხვავდება იმათგან, რომლებიც გადავიღე კანში 7 წლის წინ, როცა პირველად მოვხვდი მსოფლიოს ნომერ ერთ კინოფორუმზე... მე მაგრად შევიცვალე - სიგარეტს დავანებე თავი, გავსუქდი. დავბერდი, ბოლოს და ბოლოს. აქ კი არაფერი იცვლება! ფესტივალის პრეზიდენტი ჟიულ ჟაკობი, რომელსაც ახალხანს 82 წელი შეუსრულდა, 70-იანი წლებიდან განსაზღვრავს კანის ფორუმის პოლიტიკას, თითქოს ყველაფერს აკეთებს, კანმა თავისი სახე რომ შეინარჩუნოს... ყველაფერი ძველებურად რჩება - წითელი ხალიჩა, ხალხით გადაჭედილი კრუაზეტის სანაპირო (რიგს, უფრო სწორად, ადგილს ფესტივალის სასახლის წინ “ცოცხალი კინოვერსკვლავის” ახლოდან დანახვის მიზნით, რამდენიმე დღით ადრე იკავებენ) და, რაც მთავრია, ყველაზე ძლიერი საკონკურსო პროგრამა, რომელშიც ჩართული ყველაზე ცუდი ფილმი, ძალიან ხშირად უკეთესია, ვიდრე ბერლინალეზე, ან ვენეციის კინოფესტივალზე ნაჩვენები კარგი ფილმი.

ძალიან სწრაფად გავიდა ეს 7 წელი! ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება კანის კინოფესტივალის მოლოდინში გავიდა. და არა მარტო იმიტომ, რომ აქაურობა სახლს ჰგავს, საოცრად მყუდრო გარემოა. არც მხოლოდ იმიტომ, რომ ლაჟვარდოვანი სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია ჩემთვის ამ პლანეტაზე... მთავარი ისაა, რომ კანის კინოფესტივალის კონცეფციაა პირადად ჩემთვის გასაგები და ახლობელი. თავის დროზე ფრანსუა ტრიუფომ, რომელმაც ჯერ “ბურჟუაზიული” უწოდა კანის კინოფორუმს, შემდეგ კი, როცა მისმა ფილმმა “400 დარტყმა” გაიმარჯვა, აქაურობა სიცოცხლის ბოლომდე შეიყვარა და ერთ-ერთი ფესტივალის დასრულების შემდეგ განაცხადა: “სამწუხაროდ, მალე მოვა თაობა, რომელსაც არ ექნება ნანახი ‘მზის ამოსვლა’“... ტრიუფომ, მისთვის ჩვეული მრავალმნიშვნელოვნებით, აქ ფრიდრიხ მურნაუს ამავე სახელწოდების ფილმი იგულისხმა, გადაღებული მუნჯი კინოს ეპოქაში. მაგრამ ამავე დროს ისიც თქვა, რომ მურნაუს შედევრი, საერთოდ, კინოს შედევრები სიცოცხლის, ბუნების ყველაზე ლამაზ, ყველაზე განუმეორებელ სახეებს შეგვიძლია შევადაროთ. ფრანსუა ტრიუფო დარწმუნებული იყო, რომ კანის კინოფორუმი ამ სახეებს ინახავდა და იმ რეჟისორებს უჭერდა მხარს, რომლებიც ამ სახეების გამდიდრებას ახერხებდნენ.

მას მერე დიდი დრო გავიდა. კანის წლევანდელ კინოფრუმზე უკვე ტრიუფოს მოსწავლის, კლოდ მილერის ხსოვნას უძღვნიან დახურვის ცერემონიალს, რომელიც ახლახან გარდაცვლილი ამ რეჟისორის ბოლო ფილმის პრემიერით დასრულდება.

დიდი დრო გავიდა, მაგრამ კონცეფცია უცვლელი დარჩა - მაღალხარიასხიანი საავტორო კინოს უპირატესობა, თამამი ექსპერიმენტები, კინოს ენის დახვეწა, კულტურათა დიალოგი. ბერლინის ფესტივალისგან განსხვავებით ნაკლები პოლიტიკა და პოლიტკორექტულობის საზღვრებისგან მაქსიმალური განთავისუფლება... მოკლედ რომ ვთქვათ, ფესტივალი, რომელსაც აქვს პრეტენზია დაამკვიდროს მოდა მსოფლიო კინოში.

22 საკონკურსო ფილმი იქნება წელს ნაჩვენები. ფესტივალის დირექციის ინფორმაციით საკონკურსო პროგრამის დამტკიცებამდე შემრჩევმა კომისიამ ნახა 1 500 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “წარმოგიდგენიათ, ჩვენ უარი ვუთხარით 1478 ფილმის ავტორს!” - ამბობს ჟიულ ჟაკობი და ამით თითქოს ხაზს უსვამს, რომ მაყურებელს წელს 22 ძალიან კარგი ფილმის ნახვა ელის.

თუმცა უბრალო მაყურებელს - არა! კანის კინოფერსტივალზე ბილეთებს არ ყიდიან. კინოსეანსები მხოლოდ პროფესიონალებისთვის იმართება. სწორედ ეს ანიჭებს კანის კინოფორუმს მსუბუქად ელიტარულ ხასიათს, რის შესახებაც არაერთხელ უქილიკიათ... ქილიკობენ, დასცინიან, აკრიტიკებენ, ტრიუფოსი არ იყოს, ხან “ბურჟუაზიულად” ნათქლავენ, ხანაც “საუკეთესო კინოფორუმად”... და მაინც ჩამოდიან სწორედ კანში.

აგერ ჰოლივუდი წყენას ვერ მალავდა - ბოლო დროს კანის ფესტივალის კონკურსში ამერიკული სურათები ნაკლებად იყო ხოლმე წარმოდგენილი. მაგრამ ოფიციალური პროტეტსტი არ გამოუხატავთ. და წელს “დასაჩუქრდნენ”. კონკურსში რამდენიმე ამერიკული სურათია.

აგერ მემარცხენე კინემატოგრაფისტებიც ვერ მალავდნენ ხოლმე წყენას - კანის კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარედ, ძირითადად, კინომსახიობებს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს ამტკიცებდნენ. მაგრამ კანის ფესტივალის კონკურსში მონაწილეობაზე ვერც ისინი ამბობდნენ უარს. წელს “დასაჩუქრდნენ” - ჟიურის თავმჯდომარე ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი-რეჟისორი, იტალიელი ნანი მორეტი გახდა.

კადრი ულრიხ ზაიდლის ფილმიდან "სამოთხე: სიყვარული"

კადრი ულრიხ ზაიდლის ფილმიდან "სამოთხე: სიყვარული"

ძალიან საინტერესოა, რას მიანიჭებს უპირატესობას მორეტი. ამ ორი დღის მანძილზე ნაჩვენებ საკონკურსო ფილმებს შორის პირადად მე ყველაზე უფრო მომეწონა ავსტრიელი რეჟისორის, ულრიხ ზაიდლის “სამოთხე: სიყვარული”, შუახნის ევროპელ ქალებზე, რომლებიც ე.წ. “სექს-ტურიზმს” ანიჭებენ უპირატესობას - აფრიკაში მიემგაზვრებიან სექსუალური თავგადასავლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზაიდლს აქაც, ისევე როგორც წინა ფილმში “ექსპორტ-იმპორტი”, პრობლემები აქვს დრამატურგიაში - ვერ ახერხებს ხასიათის და თემის განვითარებას, ძალიან რადიკალური, როგორც ამბობენ ხოლმე “სტრონგ კინოა”! უნდა ველოდეთ, რომ გააღიზიანებს ფემინისტებს! (სხვათა შორის, ფრანგულმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ, ფრიად ორიგინალური სახელით “ძვალი”, ფესტივალის გახსნამდე გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ კონკურსში ქალის გადაღებული არც ერთი ფილმი არაა.) მაგრამ, რაც მთავარია, შეიძლება გააღიზიანოს ნანი მორეტი, რომელიც, როგორც კანში შევიტყვე, დიდი ხანია ღიად აკრიტიკებს ავსტრიული ფილმის ავტორს სწორხაზოვნებისა და უხამსობის გამო.

კანში არ ცნობენ პოლიტკორექტულ სწორხაზოვნებას, მაგრამ ყველანაირად მფარველობენ ფრანგულ კინოს, რაც ფესტივალის მეორე დღესვე გამოჩნდა იმ აჟიოტაჟში, რომელიც შეიქმნა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმის, “ჟანგი და ძვალის” პრემიერის გამო. ოდიარის სოციალურ მელოდრამას ხანგრძლივი ოვაციები მოუწყევს. თუმცა ცოტა საწყენი მგონია სოციალური თემით სპეკულაცია... როცა რეჟისორი ამტკიცებს - ადამიანი დღეს მზადაა დათანხმდეს სიცოცხლისთვის საშიშ საქმეს, რათა როგორმე გამოკვებოს თავისი შვილი, და ამავე დროს ცდილობს, ეს ფილმი კომერციულად მომგებიანი იყოს, ცოტა საეჭვოდ მეჩვენება მისი გულწრფელობა... ის, რომ მართლაც აღელვებს თავისი ფილმების გმირთა ბედი.

ნანი მორეტი კი ისევ თანმიმდევრულია. ფესტივალის გახსნის წინ მორეტიმ განაცხადა, რომ არ აპირებს გაჩერებას ძვირფას სასტუმრო “კარლტონში” (აქ კინოვარსკვლავებთან ერთად მდიდარი არაბი შეიხები და მსოფლიოს სახელგანთქმული ოლიგარქები ჩერდებიან). რაღაც პატარა სასტუმროს მიანიჭა უპირეტესობა.

ჩვენც პატარა სახლში ვიქირავეთ ოთახი - რამდენიმე ქართველმა კინოკრიტიკოსმა. ყველაზე იაფი ბინა ვიშოვეთ და კმაყოფილები ვართ.

პირობები არ ვარგა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ “მიწიერ სამოთხეში” ვარ, სულ მუდამ მაქვს... ახლა უნდა შევეცადო გავწელო ეს დრო.. მერე კი, როცა ფესტივალი დასრულდება, ველოდო კანის 66-ე კინოფესტივალს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG