Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (6)


ასეა - იმ ხელოვანისგან, რომელიც გიყვარს, განმეორებას მოითხოვ, ვისაც ვერ უგებ, ან, უბრალოდ, არ გესიმპათიურება, განმეორებაში ადანაშაულებ. მაგალითად, ალენ რენეზე შეიძლება ხელი გქონდეს ჩაქნეული, აღარც დაგაინტერესოს, რას გააკეთებს 89 წლის ფრანგი მაესტრო, რომელიც კარგა ხანია “ბოდვას”ასაღებს, როგორც ფანტაზიას (ამჯერადაც ასეა, რენეს სურვილს, მიმართოს ანუის “ევრიდიკეს” თავისუფალ ეკრანიზაციას, უყოყმანოდ შეგვიძლია ვუწოდოთ “ინტერპრეტაციის ინტერპრეტაცია”, ანდა პოსტ-პოსტმოდერნიზმი)... აი რენეზე ოდნავ უმცროსი, კენ ლოუჩისგან კი - თუ ერთხელ შეიყვარე ეს კეთილი კაცი - შეიძლება თავად მოითხოვდე განმეორებას.

რა ვიცი, მე ასე ვარ. მიყვარს ტრადიციული ლოუჩი. საყვარელი მუსიკასავითაა - არასდროს რომ არ გბეზრდება. თუმცა, ამას, ვფიქრობ, თავისი მიზეზი აქვს

კინემატოგრაფისტთა დიდი უმრავლესობა წარმატების შემდეგ ვერ ემიჯნება ხოლმე თავის სახიერ სამყაროს სწორედ იმიტომ, რომ დარწმუნებულია - მაყურებელს ის უნდა გაუმეორო, რაც მოეწონა. განმეორების ამ ვნებას მანიერიზმამდე და თვითციტირებამდე მიჰყავს ხელოვანი. სიცოცხლის ბოლოს ფელინის თავისი სახელი უკვე ფილმის სათაურში გამოჰქონდა და მხოლოდ პირად ფანტაზიებსა და ხილვებს ეყრდნობოდა... აგერ ალმოდოვარიც მერამდენედ ცდილობს საკუთარი, უკვე შექმნილი სახეების კომბინაციების და რეკომბინაციების “სიახლედ” გასაღებას.

კენ ლოუჩსაც არ ეშინია განმეორების. ისევ სოციალური კომედიისა და სოციალური დრამის ჟანრში მუშაობს. ისევ არაპროფესიონალებსა და კვაზიდოკუმენტურ კინოს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ ის, რასაც “კრიზისი” ჰქვია, 76 წლის რეჟისორს ჯერ არ ეტყობა. უფრო პირიქით - ლოუჩმა თავისი საუკეთესო ფილმების გადაღება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ასაკში შევიდა. ამიტომაც ძალიან გვიან, 70-ს გადაცილებულს ეღირსა “ოქროს პალმა” და ახლა კიდევ აქვს შანსი, გაიმეოროს ეს გამარჯვება.

ლოუჩის ახალი ფილმი “ანგელოზების წილი” სოციალური კომედიაა კრიმინალური კომედიის ელემენტებით. ყველაფერი ისე ვითარდება, რომ ფილმის გმირებმა, “წვრილი ხულიგნობისთვის” ნასამართლევმა შოტლანდიელმა ახალგაზრდებმა მწარე მარცხი უნდა განიცადონ და მათი ავანტიურა ან მსხვერპლით დასრულდეს (როგორც ლოუჩის სხვა ფილმებში), ანდა ისევ და ისევ ციხეში დაბრუნებით... მაგრამ ლოუჩი - რჩება რა იმ რეჟისორად, რომელიც უყვართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მაინც ახერხებს იყოს მოულოდნელი.

ამ ჩანაწერების კომენტარებში ერთმა მკითხველმა შენიშვნა მომცა, ფილმის სიუჟეტებს ნუ გვიყვებითო. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ “ანგელოზის წილის” სიუჟეტს ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ მოყვები. ერთი ამოსუნთქვითაა გადაღებული და თითქოს მთლიანად იმპროვიზაცია განსაზღვრავს, თითქოს სურათის ავტორები გადასაღებ მოედანზე იღებენ გადაწყვეტილებას როგორ განვითარდეს სიუჟეტი. მაგრამ ერთი კია, ლოუჩისთვის ტრადიციული სოციალური პრობლემების გარდა (მას ტყუილად არ მიაკუთვნებენ სოცრეალისტებს), “ანგელოზების წილში” ჩნდება ახალი, ძალიან საინტერესო თემა. ბრიტანელების “კულტსასმელი”, ვისკი წარმოდგენილია, როგორც უნიკალური ქმნილება, რომლის ფასი კლასიკური მხატვრობის შედევრებს შეიძლება გაუტოლდეს. ლოუჩი დასცინის ამ ნადირობას ორიგინალისთვის, უნიკალურისთვის მასობრივი ტირაჟირების ეპოქაში და, რაც მთავარია, ეკონომიკური კრიზისის ეპოქაში... იმ დროს, როცა სურათის გმირმა არ იცის, როგორ გამოკვებოს ახლადდაბადებული ბავშვი, ეწყობა აუქციონები, სადაც ახლადწარმოდგენილი “უნიკალური ვისკი” მილიონად იყიდება.

თავად კენ ლოუჩი კანის ფესტივალს მსახიობების მრავალრიცხოვანი ჯგუფით ეწვია - ტრადიციულად, არაპროფესიონალი მსახიობებისა (როგორც წესი, ისინი პროფკავშირის აქტივისტები, სოციალური მუშაკები, სუპერმარკეტების გამყიდველები, რკინიგზელები არიან...) - იხმაურეს, იცინეს, ვისკიც გასინჯეს იქვე, წითელ ხალიჩაზე... საოცრებაა, როგორ არ ბერდება ეს კაცი! როგორ რჩება მეამბოხედ და თანაც, როგორი კეთილია. ტყუილად კი არ ჰგავს ჩიტს?

კადრი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმიდან "მე და შენ"
კადრი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმიდან "მე და შენ"
არც ბერნარდო ბერტოლუჩი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა - იგი ხომ ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული და უჭირს მეტყველება, მან მაინც მოახერხა ნიკოლო ამანიტის რომანის ეკრანიზაცია. ბერტოლუჩის ახალი ფილმის, “მე და შენს” მოქმედება თითქმის თავიდან ბოლომდე ერთ, ჩაკეტილ სივრცეში ხდება და ფაქტობრივად ორი გმირი ჰყავს - 14 წლის ლორენცო და მისი უფროსი ნახევარდა, ოლივია. მათ ურთიერთობაში აისახება ბერტოლუჩის მთელი შემოქმედება, ხან “რევოლუციის წინ” გაგაგხსენდებათ, ხან “მთვარე”, ხანაც “მეოცნებეები”... “უკანასკნელი ტანგო პარიზშიც” შეიძლება გაგახსენდეთ და შეიძლება აქაც ახალგაზრდა ბერტოლუჩისთვის ტრადიციული პერვერსიის მოლოდინი გქონდეთ. მაგრამ მოულოდნელობის ეფექტი აქაც გადამწყვეტია - არც ერთ სხვა ფილმში არ ყოფილა მაესტრო ასეთი ფაქიზი, ფრთხილი, ასეთი ნაზი, როგორც “მე და შენში”, ფილმში, რომელიც არ არის ჩართული კანის 65-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. როგორც ამბობენ, თავად ბერტოლუჩის სურვილით. სხვათა შორის, შარშან ბერნარდო ბერტოლუჩის სწორედ კანში გადასცეს პრიზი კინოში გაწეული ღვაწლისათვის. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს პატარა შედევრი შეფასების (და დაფასების) გარეშე დარჩება. მით უფრო, რომ სურათის პრემიერა პრესისთვის არა, როგორც ჩვეულებრივ, კანის ფესტივალის სასახლეში, არამედ ყველაზე პატარა, ლუის ბუნუელის დარბაზში გაიმართა. უცნაურია, მაგრამ დარბაზში მოხვედრაც არ იყო პრობლემა. ბერნარდო ბერტოლუჩი ახალ თაობას ნაკლებად აინტერესებს.

დიახ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევნიშნეთ, რომ კანის ფესტივალი წელს მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. დარბაზები ლამის თინეიჯერმა კინოკრიტიკოსებმა გაავსონ. ესენი, როგორც ჩანს, ბლოგერები არიან. ჟურნალისტიკის ეს ჟანრი კინოკრიტიკაშიც შემოიჭრა და საკმაო წარმატებითაც. ეგაა, რომ ახალი თაობის მოსვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა გემოვნება კინოს სამყაროში. კლასიკის მიმართ ინტერესი თითქმის გაქრა. კინოს დღეს ახალი კერპები ჰყავს.

ერთ-ერთი მათგანია ლეო კარაქსი, თბილისის უკანასკნელი საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი, რომელმაც კანის ფესტივალზე, თითქმის 15 წლის დუმილის შემდეგ, თავისი ახალი ფილმი წარმოადგინა. “ღვთაებრივმა მანქანებმა” ძალიან გაამხიარულა გადაუღებელი წვიმებით და სიცივით გადაღლილი კანის პუბლიკა. პირადად მე - აი, როგორ უშლის ადამიანს ხელს კლასიკის სიყვარული - ცოტა კოქტო, ცოტა ბერტრან ბლიე, ცოტაც ბუნუელი გამახსენდა. თუმცა, ახალი არაფერი! კარაქსი ისევ ვერ ახერხებს შეკრას სახეებით ტრადიციაულად მდიდარი ფილმი და ამიტომ ამასაც ბოლოს პოსტ-პოსტმოდერნიზმი გამოსდის

ჰო, ლეო კარაქსის ფილმის პრემიერასთან ერთად კანში მზე გამოვიდა. ეს მზე და პლიაჟი კანის ფესტივალზე კინოს მთავარი კონკურენტია. არ არის გამორიცხული, რომ კარგმა ამინდმა კონკურსის დანარჩენი მონაწილეები დააზარალოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG