Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (9)


კვირას, როცა დასრულდა 65-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამა, კანში ფრაკებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი ხალხის ნაცვლად, ჩემოდნებიან ჟურნალისტებს უფრო ნახავდით, გზადაგზა რომ ყრიდნენ სანაგვე ყუთებში აქ შეგროვებულ კატალოგებსა და სარეკლამო ბუკლეტებს. ბევრი მათგანი, მათ შორის ჩვენც, ფესტივალის საზეიმო დახურვას აღარ დაელოდა. რაღა გვინდოდა კანში, სადაც ყველაფერთან ერთად, ამინდი ისევ გაფუჭდა.

ტრადიციულად ფესტივალის ბოლო დღეს კანის ფესტივალზე საკონკურსო პროგრამას იმეორებენ ხოლმე. წლევანდელ კონკურსში მხოლოდ ერთი ფილმი გამოვტოვე - 89 წლის ალენ რენეს “თქვენ ჯერ არაფერი გინახავთ” - დიდი რეჟისორის ერთგვარი ანდერძი, რომელიც ისეთივე მოსაწყენია, როგორც რენეს ყველა სხვა გვიანდელი ფილმი - ანუის “ევრიდიკეს” ამ თავისუფალ ეკრანიზაციაში, რომელშიც მსახიობების ძველი თაობა უყურებს და კომენტარებს უკეთებს ვიდეოზე გადაღებულ “ევრიდიკეს” ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით, კინო საერთოდ აღარაა. დარჩა “კაპუსტნიკი”, რომელიც, დავუშვათ, ყოფილი “სარდაფის თეატრის” რეჟისორს რომ გადაეღო (იქაც უყვარდათ “კაპუსტნიკები”), ცხადია, კანის ფესტივალის კონკურსში ვერ მოხვდებოდა.

არაფერი იცვლება და ყველგან ერთი და იგივეა: მთავარია, ავტორიტეტი მოიპოვო, მერე რაც გინდა აკეთე. ვერავინ წაშლის იმას, რაც გაკეთებული გაქვს, სანამ არ მოვა ახალი თაობა, რომელმაც არ იცის, ვინა ხარ.

ეს ძალიან ბანალური ჭეშმარიტება კანის წლევანდელი კინოფესტივალის შედეგებში აისახა: ჟიურიმ “ოქროს პალმით” აღნიშნა ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმი “სიყვარული”, რომელიც რომელიმე სხვა რეჟისორს რომ გადაეღო, თუნდაც მსოფლიო კინოელიტაში სახელგატეხილ (საბედნიეროდ) ნიკიტა მიხალკოვს, საეჭვოა, საერთოდ მოხვედროლიყო კანის ფესტივალის კონკურსში. არადა მიხალკოვს აქვს რაღაც ამის მსგავსი გადაღებული (ულიანოვი თამაშობს მგონი). მიხალკოვს თუ არა, რაიზმანს... რაიზმანს თუ არა, სხვა რეჟისორებს, ტელევიზიებისთვის რომ იღებენ კამერულ ფილმებს სიყვარულზე!

მე მაინც მგონია, რომ მიხაელ ჰანეკესთვის გადაცემული მეორე “ოქროს პალმა” (პირველი მან თავისი წინა ფილმისთვის, “თეთრი ბაფთისთვის” მიიღო), განსაზღვრა მოულოდნელობის ეფექტმა, რომელმაც პირველ რიგში კანში აკრედიტებულ ჟურნალისტებზე იმოქმედა. ფრანგული პრესა მუდმივად ასახელებდა “სიყვარულს“ ფესტივალის საუკეთესო ფილმად ჟაკ ოდიარის, ლეო კარაქსის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ალენ რენეს ფილმებთან ერთად (არადა რენეს ფილმის განმეორებით ჩვენებაზე დარბაზი სრულიად ცარიელი იყო). ამასთან ერთად, ფრანგულმა კინოპრესამ აიტაცა კანის წლევანდელ კონკურსში ჩართული საშუალო ამერიკული ფილმები და ბოლოს დევიდ კრონენბერგის “კოსმოპოლისი”, რომელიც ზოგიერთმა კრიტიკოსმა კარლ მარქსის “კაპიტალის” ეკრანიზაციადაც კი მონათლა. ნანი მორეტი ჰოლივუდის მიმართ რომ მწყრალადაა განწყობილი, ყველამ იცოდა. მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ამ რეჟისორს არა აქვს ერთნაირი სტილის ფილმები - შეუძლია პოლიტიკური პამფლეტი გადაიღოს (როგორც, მაგალითად, “აპრილი”), ზედმიწვენით ლიტერატურული, ვუდი ალენის სტილში (როგორც “დღიური”) და ბოლოს მელოდრამა, ძალიან ტრადიციული (“ვაჟიშვილის ოთახი”). მაგრამ ნანი მორეტი ყოველთვის იღებს კინოს! მას უყვარს კინო და სწორედ ეს გამოჩნდა კანის 65-ე კინოფესტივალის შედეგებში, სადაც პრიზების უმრავლესობით კარგი ფილმები აღინიშნა - კრისტიან მუნჯიუს “გორაკებს მიღმა” (მთლად 3 პრიზით), ტომას ვინტერბერგის “ნადირობა”, კენ ლოუჩის “ანგელოზების წილი”. გაუგებარია მხოლოდ პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მექსიკელ რეიგადასს (ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელსაც მიმართავს ავტორი - ამოკლებს ეკრანს კუთხეებში და შესაბამისად ცვლის გამოსახულების ფორმატს, - არა მგონია განსაკუთრებული სიახლე იყოს. მგონი სოკუროვს უკვე გამოყენებული აქვს ეს ხერხი) და, რა თქმა უნდა, გრან პრი ასევე საშუალო იტალიელ რეჟისორს მატეო გარონეს, ფილმისთვის “რეალობა”. ამ გადაწყვეტილებამ ფრანგული და რუსული პრესა “იტალიურ შეთქმულებაზე” აალაპარაკა. სადღაც ისიც წავიკითხე, რომ ჟიურის შედეგები მეტყველებს ვაჭრობაზე, რომელიც ჟიურის წევრებს შორის გაიმართა.

რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას? იკითხავს კინოს მოყვარული. ბოლოს და ბოლოს კინო ფეხბურთი არაა, ასეთი აზარტით რომ ვუყურებდეთ ფესტივალის მსვლელობას. კი, ფეხბურთი არაა. მაგრამ ბიზნესი ნამდვილად არის... და სწორედ კანის ფესტივალზე მოპოვებული წარმატება განსაზღვრავს ამა თუ იმ ფილმის ბედს მომავალში, როცა სურათი ეკრანებზე გამოვა. აი, მაგალითად, ვალტერ სალესის “გზაში” უკვე გამოვიდა საფრანგეთის, ბელგიის ეკრანებზე და, როგორც გაირკვა, ფილმს ნახევრად ცარიელ დარბაზებში უჩვენებენ. მიზეზი ბევრია. ერთ-ერთი ისაა, რომ კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ფილმი დიპლომითაც კი არ მოიხსენია.

მაგრამ ბიზნესია თავად კანის კინოფესტივალიც, ჟიურიმ კი დემონსტრატიულად დაიწუნა ფილმები იმ ქვეყნებისა, რომლებიც მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის სპონსორები არიან, რამაც, არ არის გამორიცხული, პრობლემები შეიძლება შეუქმნას მომავალ ფესტივალს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კანის 66-ე კინოფესტივალზე ნავარაუდევია ისეთი რეჟისორების ახალი ფილმების პრემიერები, როგორიცაა პედრო ალმოდოვარი, ტერენს მალიკი, კვენტინ ტარანტინო, სტივენ ფრირზი. საეჭვოა, სპონსორებმა დაინანონ ფული ასეთი ფესტივალისთვის. პატარა სკანდალი კი, რომელიც ნანი მორეტის ჟიურიმ მოაწყო თავისი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია პირიქით, მსოფლიოს პირველი კინოფორუმის რეკლამაც კი გახდეს. ამბობენ, რომ წელს თითქმის არ იყო სკანდალები. იმდენად არ იყო, რომ რუსულმა პრესამ ასეთი ამბავი გვაუწყა - წითელ ხალიჩაზე რომელიღაც კინოვარსკვლავს კბილის პროტეზი დაუკარგავს...

ეს მწარე და არც თუ მაინც და მაინც გემოვნებიანი იუმორი არ მგონია შემთხვევითი. კანის ფესტივალი ცოტა დაბერდა და შესაძლებელია, ამაშია მისი მომხიბვლელობა. მართალია, როგორც ერთ ჩანაწერში აღვნიშნე, აკრედიტებულ ჟურნალისტებს შორის ახალგაზრდაც ბევრია - ისინი, ვინც ტაშს უკრავდნენ ლეო კარაქსის ექსცენტრიკას და მოსწონდათ კრონენბერგის სიურეალისტური ხილვები. ფესტივალის დასრულების შემდეგ კანის კინოფორუმის პრეზიდენტმა ჟილ ჟაკობმა განაცხადა, რომ 4 500 ჟურნალისტი ბევრია და რომ მომავალ წელს, “რაღაც უნდა მოიფიქრონ” აკრედიტებულების შესამცირებლად. შესაძლებელია იმიტომ, რომ წელს განსაკუთრებით გართულდა დარბაზში შეღწევა. და იმიტომაც, რომ პრესა განსაკუთრებით ღიად მიმართავდა ზეწოლას და არც თუ ისე კარგ ფილმებს „შედევრებად” ასაღებდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს მთლად არ გაგვრიყავენ ახალგაზრდები კანის ფესტივალიდან. ბოლოს და ბოლოს ფესტივალის პრეზიდენტი, ჟილ ჟაკობი 82 წლისაა.

დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა ჟილ ჟაკობიც და კანის საერთაშორისო კინოფესტივალიც!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG