Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (4)


არა, მართლა არა მაქვს აკვიატებები. უფრო სწორად, სულით და გულით ვცდილობ, ვებრძოლო მათ. ყოველ შემთხვევაში, ჩემს პროფესიაში მაინც... აი, ირანელი რეჟისორის, აბას ქიაროსთამის ბოლოსწინა ფილმის ნახვის შემდეგ (სადაც ჟულიეტ ბინოში უკვე მერამდენედ ცდილობს, მიიღოს ძალიან ჭკვიანი ქალის სახე) დავიფიცე, რომ აღარ მაინტერესებს ეს რეჟისორი. მიუხედავად ამისა, წლევანდელ კანის ფესტივალზე ფიცი გავტეხე და მაინც გადავწყვიტე ქიაროსთამის ახალი საკონკურსო სურათის (Like Someone in Love) ნახვა. უფრო მეტიც, წარღვნაში - თავსხმა წვიმასა და ქარბუქში! - გავეშურე დებიუსის დარბაზისკენ, სადაც უჩვენებდნენ კანის „პალმის“ ლაურეატის, ირანული კინოს ყველაზე აღიარებული რეჟისორის იაპონიაში გადაღებულ ამ ფილმს.

დამავიწყდა, რომ კინოსთვის საუკეთესო სწორედ წვიმიანი ამინდია. ხალხს აქ ორი საათით ადრე დაუკავებია რიგი. ამდენი ქოლგა კინოდარბაზის წინ არასდროს მენახა. რა თქმა უნდა, სეანსზე ვერ მოვხვდი. ახლა ღამის სეანსის იმედი მაქვს. რიგი დავიკავე. ამოვიღე ჩემი კომპიუტერი ჩანთიდან და ამ ჩანაწერის შეთხზვა დავიწყე.

აკვიატებებზე მოგახსენებდით. ჩემს „კინემატოგრაფიულ აკვიატებებში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დანიურ „დოგმას“. ვერაფრით გავიგე, როგორ შეიძლება ხალხმა სერიოზულად აღიქვას დანიელი რეჟისორების პრეტენზია ნოვატორობაზე, როცა თითქმის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ ჯერ კიდევ მიხეილ კალატოზიშვილმა და სერგეი ურუსევსკიმ დაიწყეს „დაუმთავრებელ წერილსა“ და „მე - კუბაში“?! დანიელი რეჟისორების პროტესტანტულ-ეთიკური იგავები კი ბევრად უფრო ადრე და ბევრად უფრო საინტერესოდ გადაიტანა ეკრანზე კარლ თეოდორ დრაიერმა.

„დოგმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თომას ვინტერბერგი შეიძლება ნაკლებად პრეტენზიულია და თავს მსოფლიო კინოს მეტრად არ წარმოგვიდგენს, როგორც, მაგალითად, ლარს ფონ ტრიერი, მაგრამ აქვს ერთი ნაკლი, რომელიც ნაკლებად გამოჩნდა მის ყველაზე სახელგანთქმულ ფილმში „დაბადების დღე“, მაგრამ თავი იჩინა სხვა ფილმებში - არა აქვს განზოგადების უნარი, ვერ სცდება კამერული დრამის ჩარჩოებს... პერვერსია, რომელშიც იგი ამხელს დასავლურ წვრილ და მსხვილბურჟუაზიულ ოჯახებს, ხშირად „კლინიკურ ფორმად“ რჩება და, შესაბამისად, მაყურებელს ეს პერვერსიაც მალე ავიწყდება და ფილმიც.

პერვერსიაა ვინტერბერგის ახალი ფილმის, „ნადირობის“ თემაც. უფრო სწორად, პერვერსიაში, კერძოდ კი პედოფილიაში დაადანაშაულებენ ფილმის მთავარ გმირს, ლუკასს (დღეს ძალიან პოპულარული მსახიობის მადს მიკელსენის შესრულებით). საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელიც მანამდე ცოლმა მიატოვა და თან წაიყვანა ვაჟიც, რომლის ნახვის უფლება „ნადირობის“ მთავარ გმირს მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს.

სანამ შვილის დაბრუნებისთვის იბრძვის, ლუკასს დიდ შარში გაახვევს უახლესი მეგობრის შვილი და საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ხუთიოდე წლის გოგონა, რომელიც აშკარად შეყვარებულია ლუკასზე. აღმზრდელის უყურადღებობით გაღიზიანებული კლარა საბავშვო ბაღში განაცხადებს, რომ ლუკასი მას დროდადრო „ჭუჭუს“ უჩვენებს ხოლმე... ამ სიტყვის მნიშვნელობა კლარამ თავისი უფროსი ძმისგან შეიტყო, იმ ძმისგან, რომელიც ოცნებობს, რაც შეიძლება მალე გახდეს 16 წლის, რათა ნადირობის უფლება მოიპოვოს.
კადრი თომას ვინტერბერგის ფილმიდან "ნადირობა"
კადრი თომას ვინტერბერგის ფილმიდან "ნადირობა"

ნადირობა ვინტერბერგის მთავარი თემაა. დანიის ერთ პატარა ქალაქში ყველა იჯერებს კლარას ფანტაზიებს, რადგან აქ სჯერათ, რომ „ბავშვები არასდროს ტყუიან“. ლუკასს ზურგს შეაქცევენ უახლოესი ადამიანები, დაითხოვენ სამსახურიდან, სცემენ, ძაღლს უკლავენ... ერთადერთი, თითქოს, მისი ვაჟიშვილია, რომელიც ასევე - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია! - მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა სრულწლოვანი გახდება, როდესაც მამა საზეიმოდ გადასცემს სანადირო თოფს და ეტყვის: „შენ ახლა კაცი ხარ. უნდა გააგრძელო ჩვენი კაცური ტრადიცია.“

ფინალში, როცა სამართლიანობა გაიმარჯვებს და ლუკასი თითქოს ყველას დააჯერებს, რომ უდანაშაულოა, სწორედ ნადირობის დროს, მას შემდეგ, რაც მის ვაჟს მონადირედ „მონათვლის“ რიტუალს ჩაუტარებენ, ვინტენბერგის ფილმის ფემინოფობური აქცენტები ( „ეძიეთ ქალის“ ძველი დასავლური ინტერპრეტაციით) იცვლება ანტიმასკულინური პასაჟებით - ლუკასს ნადირობის დროს ვიღაც ესვრის. არ არის გამორიცხული, ეს მისი ვაჟი იყოს...

კანის ფესტივალზე ასეთი ცოცხალი დარბაზი ისევ და ისევ ტარანტინოს ბოლო ფილმზე მახსოვს. მაშინ, კვენტინ ტარანტინოს ფანებმა ფეხების ბრახუნი დაიწყეს პროტესტის ნიშნად, როცა სეანსმა სულ რამდენიმე წუთით დააგვიანა დაწყება. აქაც, ვინტერბერგის ფილმზე, დარბაზმა ტაში დასცხო მაშინ, როცა ლუკასმა ყბაში მოსდო მის წინააღმდეგ ნადირობაში ჩართულ ერთ თანაქალაქელს.

მაყურებელს გაეხარდა, როცა უსამართლობის მსხვერპლმა მუშტით დაიცვა თავისი ღირსება!

თუმცა, პუბლიკის ენთუზიაზმი ფინალში ერთგვარად ჩამქრალი მომეჩვენა. აქამდე დაძაბულმა დარბაზმა საკმაოდ გულგრილად მიიღო „ნადირობის“ ფინალი. არადა, მე თუ მკითხავ, ვინტერბერგის ფილმი სწორედ ფინალის გამო იმსახურებს ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ პრიზს. ადამიანთა შეუწყნარებლობასა და ადამიანებზე „ნადირობაზე“ გადაღებული არაერთი ფილმი გვინახავს. ამ მხრივ „ნადირობა“ აგრძელებს დანიური „დოგმისთვის“ დამახასიათებელ ვარიაციებს „პროტესტანტული ეთიკის“ თემაზე - ამ კინოსკოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარი გმირი მარტო დარჩეს ღმერთის წინაშე - არავინ ამოუდგეს მხარში და მარტოდმარტოს მოუხდეს „ცხოვრების ჯოჯოხეთის“ გზის გავლა.

ვინტერბერგისთვის ეს თემა ამოწურულია. ახლა მას აინტერესებს, რა რჩება ამ ადამიანისგან მას შემდეგ, რაც ღმერთი მოთმინებისთვის დააჯილდოვებს. ხდება თუ არა პერსონაჟში კათარზისი? უკეთესი ხდება თუ არა მაყურებელი, როცა ფილმის გმირთან ერთად გაივლის განსაცდელს?

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თომას ვინტერბერგი გადაურჩა ცდუნებას, რომლის მსხვერპლი გახდა, ჩემი აზრით, მისი კოლეგა, ყოფილი მეგობარი და თანამოაზრე, დანიური „დოგმის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ლარს ფონ ტრიერი. „ანტიქრისტესა“ და „მელანქოლიის“ ავტორისგან განსხვავებით, ვინტერბერგმა უარი თქვა მეტაფიზიკურ-მისტიკურ კიტჩზე და ნარცისული თვითგამოხატვის ნაცვლად მაყურებელთან დიალოგი არჩია - პროვოკაციული და მკაცრი, ისეთი, როგორსაც მიმართავდა თავის დროზე „დოგმის“ სული და გული - კარლ თეოდორ დრაიერი.

ეს კი „დოგმის“ ერთგვარი რეაბილიტაციაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს თვალში. და, რაც მთავარია, იმ აკვიატებისგან განთავისუფლება, „რომლის თანახმად“ დანიელი „დოგმისტები“ ნოვატორები კი არა, არქაისტები არიან.

P.S.: ამასობაში ქიაროსთამის ფილმზე ხალხის შეშვება დაიწყეს. ამ ბოლო აბზაცს უკვე ფილმის დასრულების შემდეგ ვწერ.

ანდრე ბაზენის სახელობის პატარა დარბაზი, სადაც საკონკურსო ფილმებს შუაღამისას იმეორებენ ხოლმე, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი... დაბალი ტემპერატურით. სიცხეშიც კი, აქ შესვლისას, ხალხი ჯემპრებს და ჟაკეტებს იცვამდა. მაგრამ 2012 წლის „კანის გაყინულ ფესტივალზე“ ამ დარბაზში სეანსის ბოლომდე გაძლება მაზოხიზმის ტოლფასია!

ვისხედით სრულიად გალუმპულები ქიაროსთამის იაპონიაში გადაღებულ ფილმზე, რომელიც „სექსმუშაკი“ გოგონას მიმართ ერთი მოხუცი პროფესორ-სოციოლოგის ვნებაზე გვიამბობს და ვფიქრობდით, როგორ გავაღწევდით სახლში ამ ნიაღვარში. დროდადრო ვფიქრობდით ქიაროსთამიზეც, ერთ დროს ძალიან კარგ ირანელ რეჟისორზე, რომელიც განსაცდელს გაექცა, „კარგ ქვეყნებში“ მოგზაურობა დაიწყო და, ჟულიეტ ბინოშისა არ იყოს, „ჭკვიანი კაცის სახე“ მიიღო.

არა, ამ მარაზმის ყურებას ისევ ცხელი ჩაის დალევა ჯობია. კონიაკით!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG