Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციების შესახებ


ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები წელს, შარშანდელთან შედარებით, როცა ამ ბიზნესს სერიოზული პრობლემები და ვარდნა ჰქონდა, იზრდება, თუმცა, მეორე მხრივ, ღვინის ფასი დაცემულია, რაც შემოსავლებზე შესაბამისად აისახება და ბოთლებსა და ლიტრებში გამოსახული შემოსავალი არც ისე შთამბეჭდავადაა გაზრდილი, როგორც გატანილი პროდუქტის მოცულობა.

გუშინ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 7 თვის მონაცემები გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 მილიონ 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16 %-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

გადმოწერა

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე სხვა ტრადიციული და ახალი ბაზრების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთის ბაზარზეა, 152 % (2 მილიონ 475 ათასი), რითაც ჩინეთის ბაზარი ტრადიციულ უკრაინის ბაზარს თითქმის დაეწია. ბელორუსიაში ექსპორტი გაზრდილია 122 %-თ (575 166), უკრაინაში - 72 %-ით (2 მილიონ 595 947), რუსეთში - 50 %-ით (12 მილიონ 748 273), პოლონეთში - 29 %-ით (1 მილიონ 190 926), ესტონეთში - 57 %-ით (379 650), ყირგიზეთში - 107 %-ით (163 966), გერმანიაში - 21 %-ით (174 166), იაპონიაში - 12 %-ით (101 448), დიდ ბრიტანეთში - 44 %-თ (58 618) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12 748 273 ბოთლი), უკრაინა (2 595 947 ბოთლი) , ჩინეთი (2 475 557 ბოთლი), ყაზახეთი (1 924 046 ბოთლი) და პოლონეთი (1 190 926 ბოთლი).
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ –3 210 280 ბოთლი, „მუკუზანი“ –1 230 522 ბოთლი, „წინანდალი“ – 1 016 107 ბოთლი, „ახაშენი“ – 518 170 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 169 371 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 მილიონ 303 645 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32 %-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 %-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ღვინის ფასს, გასულ თვეში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მედიაში უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016 წელს 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2014 წლის ფასზე 0,78 დოლარით, ანუ 25 %-ით, ნაკლებია. შემცირდა 1 ბოთლი ბრენდის საშუალო საექსპორტო ფასიც. კლებამ ამ შემთხვევაში ერთ ბოთლზე 0,87 დოლარი, ანუ 27 %, შეადგინა. სამინისტროს ცნობით, 2012 წელს 1 ბოთლი (0,75 ლ) ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი იყო 3.07 აშშ დოლარი, 2013 წელს - 3.03, 2014 წელს - 3.13, 2015 წელს - 2,72 და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით - 2.35 აშშ დოლარი. ანალოგიური კლების ტენდენცია ფიქსირდება საბრენდე სპირტისა და ბრენდის ფასებზეც. საბრენდე სპირტის ფასები წლების მიხედვით ასეთია: 2012 წელი – 5.91, 2013 წელი – 3.88, 2014 წელი – 3.18, 2015 წელი - 2.98 და 2016 წლის 6 თვე - 2.71 აშშ დოლარი; ბრენდის ფასი კი 2012 წელს იყო 3.22, 2013 წელს – 3.02, 2014 წელს – 3.17, 2015 წელს -2.56 და 2016 წლის 6 თვე - 2.29 აშშ დოლარი.

თუმცა, თუ დოლარის ფასის ზრდას გავითვალისწინებთ, ღვინის ექსპორტზე გატანა ქართველი მეწარმეებისთვის მაინც მომგებიანია და ქვეყნისთვისაც ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG