Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის ექსპორტის კლების ტენდენცია


ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის ექსპორტი და კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე. ამ თვალსაზრისით,უკვე წლებია პრიორიტეტულია ქართული ღვინის პოპულარიზაცია. მიმოვიხილოთ საქართველოდან ღვინის ექსპორტის ტენდენციები და გამოწვევები.

ბოლო წლებში, ღვინის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, აღსანიშნავია 2014 წელი, როცა მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 067 335 ბოთლი, თანხობრივად კი,184 927 801 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეტწილად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო განპირობებული: 2013 წელს იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს მიენიჭაარამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი, რამაც ქართული ღვინო უფრო მეტად ცნობილი გახადა, დაგაუქმდა რუსული ემბარგო, რაც ასევე დადებითად აისახა ღვინის ექსპორტზე.

რაც შეეხება ახლანდელ ტენდენციას, საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემების მიხედვით,ყურძნის ნატურალური ღვინოები2015 წლის იანვარ-ივნისში უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფებს შორის კვლავაც ინარჩუნებს პოზიციას დამე-8 ადგილზეა, თუმცა შეინიშნება ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, თუ 2014 წელს პირველი 6 თვის მანძილზე საქართველოდან ექსპორტზე გაიტანეს 85 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ღვინო,რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 6 პროცენტი იყო, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 40 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის მხოლოდ 3,7 % შეადგინა.

2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 მილიონ 810 ათასზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც, თანხობრივად, 47, 6 აშშ დოლარს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთი - 3 %, ჩინეთი - 35 %, პოლონეთი - 2 %, ლატვია - 9 %, ესტონეთი - 19%, აშშ - 20 %, გერმანია - 17 %, კანადა - 100 %, იაპონია - 10 %, საფრანგეთი 119 %, კორეა 221 % და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ტრადიციულია, თუმცა მათში უკვე მზარდი ტენდენციით გამოჩნდა ჩინეთი და პოლონეთი, რაც განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია.კერძოდ, საექსპორტო ქვეყნების ხუთეული ასეთია: რუსეთი - 8,4 მილიონი ბოთლი, ყაზახეთი - 2,5 მილიონი ბოთლი, უკრაინა - 1,5 მილიონი , ჩინეთი - 984 221 და პოლონეთი - 921 828. ზოგადად, ივლისის მონაცემებით,საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია 35-მდე გაიზარდა.

ექსპორტის მთლიან რაოდენობაში, ადგილწარმოშობის ღვინოების მიხედვით, პირველი ხუთეული ასეთია: "ქინძმარაული" (წითელი ნახევრად ტკბილი); "მუკუზანი" (წითელი მშრალი), "წინანდალი" (თეთრი მშრალი), "ახაშენი" (წითელი ნახევრად ტკბილი) და "ხვანჭკარა" (წითელი ნახევრად ტკბილი).

სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში ღვინის ექსპორტი, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46 %-ითაა შემცირებული, რაც ორ უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანაში, რუსეთსა(-59 %) და უკრაინაში (-62 %), ექსპორტის მკვეთრი კლებით აიხსნება და ძირითადად არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებითაა განპირობებული.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ დღესაც საქართველოს ღვინის მთავარ ბაზრებად ისევ რჩებიან რუსეთი და უკრაინა და სწორედ ამ ორ ქვეყანაში მომხდარი კრიზისი გახდა, მთლიანობაში, ღვინის ექსპორტის შემცირების წინაპირობა. მეორე მხრივ კი, იგივე სტატისტიკა მოწმობს, რომ, მიუხედავად ღვინის ექსპორტის შემცირებისა, გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მოახერხა გაეგრძელებინა ღვინის ბაზრების შემდგომი დივერსიფიცირება, არ დარჩა დამოკიდებული მხოლოდ გახსნილ ახალ - რუსულ - ბაზარზე, რაც ამ მიმართულებით სწორი სტრატეგიის ნიშანი გახლავთ.

ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია საექსპორტო საქონლისთვის ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია,რადგან, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის ბოლოს, 2014 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტის კლება დაფიქსირდება, რაც, თავის მხრივ, 2015 წლის რთვლისთვის ყურძენზე მოთხოვნასა და მისი ფასის შემცირებას გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG