Accessibility links

logo-print

ხანდაზმული ქალები, რომლებიც ხშირად სვამენ გვირილის ჩაის, უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ. ეს დაადასტურა აშშ-ში, ხუთ შტატში ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში „The Gerontologist”.

გამოკვლევის კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა ისიცაა, რომ მსგავსი ეფექტი არ დასტურდება მამაკაცებში. როგორც გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბრეტ ჰოური წერს, არ არის ნათელი, რატომ მიიღეს მამაკაცების შემთხვევაში სხვაგვარი შედეგი.

კვლევის პროცესში 65 წელზე უფროსი ასაკის 1700-მდე საცდელ პირს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სვამდა თუ არა გასული წლის განმავლობაში ბალახეულის ჩაის და თუ სვამდა, რომელს. ჩაის მოხმარების ხანგრძლივობისა და რაოდენობის დაზუსტება საჭირო არ იყო.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულ პირთა 14% გვირილის ჩაის სვამდა. აღმოჩნდა ასევე, რომ სტატისტიკურად რელევანტური კავშირი არსებობს გვირილის ჩაის სმასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის. მეცნიერებმა შეისწავლეს საცდელი პირების მთელი რიგი სხვა მახასიათებლები, მათ ჯანმრთელობაზე თამბაქოს, ქრონიკული დაავადებებისა და ცხოვრების სტილის გავლენა. შედეგად აღმოჩნდა, რომ გვირილის ჩაის მოყვარულ ქალებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 33%-ით უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქალებს შორის. მამაკაცების შემთხვევაში ასეთი რამ არ დადასტურებულა.

მეცნიერებს ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით არ მოეპოვებათ. მათი აზრით, შესაძლებელია, გვირილის ჩაი მართლაც დადებითად მოქმედებდეს ჯანმრთელობაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მცენარე, მაგალითად, ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობის რეგულირებას და მას ანთებითი პროცესების შემაკავებელი ეფექტი აქვს.

რაც შეეხება იმას, რომ გამოკვლევამ არ გამოავლინა გვირილის ჩაის დადებითი ზემოქმედება მამაკაცებზე, მეცნიერთა აზრით, ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ჯერ ერთი, შესაძლებელია, რომ ქალები მართლაც სხვაგვარად რეაგირებენ, ვიდრე მამაკაცები. მაგრამ ასევე შესაძლებელია, ქალები მამაკაცებთან შეადრებით უფრო ადრეულ ასაკში ეჩვევიან გვირილის ჩაის სმას და ყოველდღიურად უფრო მეტს სვამენ. კიდევ ერთი განმასხვავებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაში. ჩვეულებრივ, მამაკაცები უფრო მეტს ეწევიან და უფრო მეტს სვამენ. გარდა ამისა, ამ თემასთან დაკავშირებით სამომავლოდ შესასწავლია, რა გავლენას ახდენს ქალებსა და მამაკაცებზე სხვა ფაქტორებიც - საკვების ხარისხი და ფიზიკური დატვირთვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG