Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტების ანგარიში გორში, ახალ თავმჯდომარესთან ერთად


2012 წელს დაოჯახდა, შვილი შეეძინა, წლის მეკვლე მისი რძალი გახდა და, ბოლოს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ აირჩიეს– ასე წარადგინეს კახა კოჟორიძე საიას გორის ოფისის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსასმენად შეკრებილი საზოგადოების წინაშე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისს წელს სამუშაო არ გამოლევია - საარჩევნო წელს უამრავი დაკავება, ჟურნალისტების შეურაცხყოფა, დევნილთა პრობლემებზე რეაგირება, არაერთი სასამართლო პროცესი. ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი, მაგრამ საქმე არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იკლებს. დარბაზში შეკრებილთა დისკუსია ბოლო დროს საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მასობრივი დათხოვნების ირგვლივ გაიმართა. როგორც ცნობილია, კასპსა და ქარელში, ახალი გამგებლების ბრძანებით, საჯარო მოხელეებმა გადადგომის თაობაზე განცხადებები დაწერეს. დარბაზში შეკრებილების აზრით, უსამართლობასთან უსამართლობით ბრძოლა სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს.

ახალგაზრდა იურისტებმა საზოგადოების კითხვებს უპასუხეს და იმ ადამიანებს, ვისაც განცხადების დაწერას აიძულებენ, ხმის ამოღებისკენ მოუწოდეს, ვინაიდან, თუ ასე არმოიქცევიან, მათი სამართლებრივი დაცვა შეუძლებელი იქნება.

შეხვედრის ბოლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა ჟურნალისტებთან ბოლო, ყველაზე მძიმე, წელი კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი აზრით, უკანასკნელი წარმატებული საქმე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სასამართლო პროცესის მოგებაა.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია გააქტიურებას გამგეობებში ბოლო დროს დაწყებული გათავისუფლებების მიმართულებით აპირებს. მას, როგორც თავმჯდომარეს, კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გააჩნია და აცხადებს, რომ ყოველთვის ვითარების შესაბამისად იმოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი საიას გამგეობის წევრია, ახალგაზრდა იურისტები საზოგადოების წინაშე პირობას დებენ, რომ დაშვებული შეცდომების გამო ისევე გააკრიტიკებენ ახალ ხელისუფლებას, როგორც ამას წინა მთავრობის მმართველობის დროს აკეთებდნენ.
XS
SM
MD
LG