Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტები „შიშველი ჩხრეკის“ წინააღმდეგ


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა გაუქმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის N 97 ბრძანების იმ მოთხოვნისა, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ან გამოსვლის დროს ექვემდებარება სრულ შემოწმებას, რაც გულისხმობს პატიმრების სრულად გაშიშვლებას და, ხშირ შემთხვევაში, ბუქნების გაკეთებას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს მონიტორინგს ქალთა საპატიმროში. როგორც ორგანიზაციის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი ამბობს, პატიმარი ქალები განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩხრეკის პროცედურების გამო.

„ჩვენ მიერ გამოკითხული პატიმრების უმრავლესობისაგან მიღებული ინფორმაციით, საპატიმროებში ხორციელდება სრული შემოწმება, რაც მოიცავს გაშიშვლებას, ზოგჯერ კი აიძულებენ მათ გააკეთონ ბუქნები ჩხრეკის პროცედურების შესრულებისას. როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორმაც დაადასტურა, რომ ადგილი აქვს ასეთ პრაქტიკას ქალთა საპატიმროში, და მოიშველია მინისტრის 97-ე ბრძანება, რომელშიც გაწერილია ეს პროცედურა“, უთხრა ნინო ცაგარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჩხრეკის ამგვარმა ნეგატიურმა პრაქტიკამ სახალხო დამცველის ყურადღებაც მიიპყრო. ომბუდსმენის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2014 წელს მოიცავს, ვკითხულობთ:

„განსაკუთრებულ პრობლემას N 5 დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს, რა დროსაც ხდება პატიმრების სრულად გაშიშვლება. ამასთან, სთხოვენ გააკეთონ ბუქნები, რაც მორალურ ზიანს აყენებს მათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის შემოწმება ტარდება პატიმრის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისასაც და დაბრუნების ყველა შემთხვევაშიც. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული პროცედურის გამო პატიმრები უარს აცხადებენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე“.

სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშის ამ ნაწილს ეყრდნობა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გადაწყვეტილება შეეტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის თქმით, ჩკრეკის მიზნით პატიმრების გაშიშვლება ეფუძნება სასჯელაღსრულების მინისტრის 2011 წლისა და 2013 წლის ბრძანებებს.

„ეს ორივე ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებაში პატიმრის შეყვანისას და მისი იქიდან გამოყვანის შემთხვევაში სრული გაშიშვლების შესაძლებლობას და მათი სხეულების დათვალიერებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი რუტინული გაშიშვლების პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, წარმოადგენს პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას და იმ მიზნის მიღწევა, რის გამოც პატიმრის გაშიშვლება ხდება (მაგ. ბასრი ნივთის, ნარკოტიკების და ა.შ. აღმოჩენა), შეიძლება სხვა, უფრო ცივილიზებული, საშუალებით“, უთხრა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი გოცირიძის თქმით, სხვა, უფრო ცივილიზებული, საშუალება შეიძლება იყოს ელექტროსკანერი, რომელიც პატიმრის სრული გაშიშვლების გარეშე აღმოაჩენდა სხეულში დამალულ აკრძალულ ნივთებს. გიორგი გოცირიძის თქმით, შემოწმების ალტერნატიული საშუალებების დანერგვას ითხოვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტი და ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაეროს წესები, სადაც წერია:

„ქმედითი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რათა ჩხრეკის დროს დაცული იყოს პატიმარი ქალის ღირსება და პატივი. ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ქალი თანამშრომლის მიერ, რომელიც სათანადოდ იქნება მომზადებული ჩხრეკის შესაბამის მეთოდებში და დადგენილი პროცედურების მიხედვით განახორციელებს მას. შემოწმების ალტერნატიულმა მეთოდებმა, როგორიცაა სკანირება, უნდა ჩაანაცვლოს შიშველი ჩხრეკა და სხეულის აგრესიული (ინვაზიური) ჩხრეკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათგან მიღებული საზიანო ფსიქოლოგიური და შესაძლო ფიზიკური გავლენა“.

ახალგაზრდა იურისტები სარჩელში ასევე მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა, თუმცა, სარჩელის პასუხად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის 2011 წლის 30 მაისის N 97 ბრძანება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სრული შემოწმებისა და, შესაბამისად, პატიმრების გაშიშვლების მიზანი მხოლოდ აკრძალული საგნების აღმოჩენა არაა.

„მიზანია სხეულზე დაზიანების აღმოჩენა, ისევე როგორც დაწესებულებაში აკრძალული ნივთების შეტანის პრევენცია. ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები სრულ თანხვედრაშია ჩვენს კანონმდებლობასთან, სადაც გვაქს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: პატიმრის შემოწმებას უნდა ატარებდეს იმავე სქესის პირი. შემოწმებას შეიძლება ესწრებოდეს სამედიცინო პერსონალი. აგრეთვე ეს შემოწმება არ უნდა იყოს ღირსებისა და პატივის შემლახავი. ჩვენს შემთხვევაში შემოწმებისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, რომელიც სათანადოდ არის აღჭურვილი. კერძოდ, არ აქვს სარკმელი და არ მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი. ჩხრეკას ატარებს იმავე სქესის პირი, ხელით შეხების გარეშე, ანუ არ არის ღირსების შემლახავი“, უთხრა ალექსანდრე დარახველიძემ რადიო თავისუფლებას.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საპატიმროების სპეციალური სკანერებით აღჭურვის შემთხვევაშიც კი, რის ეტაპობრივად გაკეთებასაც სამინისტრო აპირებს, ვერ მოხერხდება დაზიანებების ეფექტიანი აღწერა. არადა, ამას ითხოვს სამინისტროსგან წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია და სტამბოლის პროტოკოლი. რაც შეეხება ბუქნების კეთების იძულებას, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მინისტრის ბრძანებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG