Accessibility links

22 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი ორგანიზაციამ ზუგდიდში საიას მეცხრე ოფისის გახსნით აღნიშნა. სამოქალაქო სექტორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ცოცხალ ორგანიზაციად, რომელმაც არაერთი ცნობილი იურისტი გამოზარდა. საიას დახმარებისათვის ყოველდღიურად ათობით მოქალაქე მიმართავს.

ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა, ცნობიერების ამაღლება, იურიდიული განათლება - ეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის სფეროებია. უკვე 20 წელია ეს ორგანიზაცია ამ მიმართულებებით შეუსვენებლად მუშაობს. საიადან წამოსული იურისტების ნაწილი წარმატებულ იურიდიულ კარიერას აგრძელებს, ნაწილი დიდ პოლიტიკაში წავიდა, ნაწილი დღესაც განაგრძობს სწავლას. მაგალითად, ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საიას ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ულოცავს 20 წლის იუბილეს და ამბობს, რომ დეტალებში ჩაღრმავების გარეშეც ჩანს ამ წლების მემკვიდრეობა. ამ ორგანიზაციამ ორი მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცა, ამბობს თამარი, ერთი ის, რომ საია დემოკრატიული ორგანიზმია, სადაც მუდმივად იცვლებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და, მეორე, ეს არის ღირებულებათა ერთგულება:

„ამ ორგანიზაციისთვის იდეალიზმი იყო, არის და იქნება მთავარი იდეოლოგია. რამდენადაც მიამიტურად უნდა ჟღერდეს ეს, - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადამიანებს და, განსაკუთრებით, თანამდებობის პირებს უჭირთ ამის წარმოდგენა, - არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და აკეთებენ იმას, რისიც სჯერათ და არა იმას, რაც აწყობთ. ჩემთვის საამაყოა, რომ პროფესიული ცხოვრების 90% საიას უკავშირდება“.

მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეგიონში ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჰქონდა თავისი ოფისი, ფილიალი, რომელში მომუშავე იურისტებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი კვალიფიკაციით...

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში საიას ახასიათებს როგორც მნიშვნელოვან რესურსს ჟურნალისტებისათვის და იმერეთის რეგიონში რეპორტიორად მუშაობისდროიდნელ გამოცდილებასაც იხსენებს:

„მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეგიონში ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჰქონდა თავისი ოფისი, ფილიალი, რომელში მომუშავე იურისტებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი კვალიფიკაციით და ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის, წარმოადგენდნენ სერიოზულ რესურსს კონკრეტული სამართლებრივი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში თუ კანონის რომელიმე მუხლის განმარტების საჭიროების დროს - თუნდაც მაშინ, როდესაც გვინდოდა ფაქტის შეფასება, ირღვეოდა თუ არა კონკრეტული ადამიანის უფლება“.

მაია ახსენებს ასევე საიას ბაზაზე მოქმედ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს, რომელიც მედიას უსასყიდლოდ უწევს იურიდიულ დახმარებას - განსაკუთრებით, სასამართლო საჩივრების დროს:

„რომ არ ყოფილიყო ეს რესურსი, ძალიან ბევრ ასეთ შემთხვევას, როდესაც კონკრეტული უწყებები საჯარო ინფორმაციას არ იძლევიან და შემდეგ მედია ამ საჩივრებს სასამართლოში აგზავნის, უბრალოდ, ვერ ექნებოდა გაგრძელება. სასამართლო ბაჟს და ფულად რესურსს რომ თავი დავანებოთ, კვალიფიციური იურისტის მომსახურება არის ძალიან ძვირი, რისი შესაძლებლობაც ბევრ მედიას არ გააჩნია“.

20 წელი კი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის არ არის პატარა ასაკი. მე ვფიქრობ, რომ საიამ გაუძლო არაერთ გამოწვევას და დღემდე არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა კიდეც რეპუტაცია...

კახა კოჟორიძე, რომელიც ბოლო ორი წელია საიას ხელმძღვანელობს, გვეუბნება, რომ ცდილობს თავისი წინამორბედების გზა გააგრძელოს, წინამორბედებისა, ვინც, პოლიტიკასა თუ სხვა სფეროებში წასვლის მიუხედავად, საკუთარ მთავარ ღირებულებებს არ უღალატა. ეს შეგრძნება - იყო სამართლიანი და ობიექტური მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, ამბობს კახა კოჟორიძე, საიას არც ერთ წევრს არასოდეს ტოვებს. ეს პასუხისმგებლობა კი გაორმაგებულია, როცა საიას ხელმძღვანელობ. ეს პასუხისმგებლობა უკავშირდება მიზანს, რომ ამ ორგანიზაციამ არ დაკარგოს აქტუალობა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. და ეს აქტუალობა უკვე 20 წელია გრძელდება:

„20 წელი კი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის არ არის პატარა ასაკი. მე ვფიქრობ, რომ საიამ გაუძლო არაერთ გამოწვევას და დღემდე არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა კიდეც რეპუტაცია“.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საია კადრების სამჭედლოცაა - იურიდიული განათლებისა და უნარ-ჩვევების მიცემა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. რას ცვლის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქვეყნის ცხოვრებაში? - ვკითხეთ ორგანიზაციის ამჟამინდელ თავმჯდომარეს:

„ცვლილებაა ის, რომ ყოველწლიურად ჩვენ ასი ათასზე მეტ უფასო იურიდიულ კონსულტაციას ვუწევთ მოქალაქეებს, რაც ხშირად ცვლის მათ ცხოვრებას. ჩვენ ვცვლით მაშინაც, როცა სტრატეგიულ საქმეებს ვაწარმოებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ვცვლით ვითარებას იმითაც, რომ წარვადგენთ კანონპროექტებს ან გვაქვს ხოლმე ჩვენი დასკვნები და შენიშვნები სხვადასხვა კანონპროექტებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება. არაერთი საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს მოგებული და შეგვიცვლია ის საკანონმდებლო ნორმები, რაც საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის ძირითადი უფლებების ძირითად არსს ეწინააღმდეგება“.

ჩამონათვალი კიდვე უფრო გრძელია.

2011 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემებით, საია საქართველოში ყველაზე ცნობად არასამთავრობო ორგანიზაციად დასახელდა, 2013 წელს კი ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ორგანიზაციის გამოვლინების მიზნით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართული კონკურსის ფინალში მოხვდა.

მუდამ ახალგაზრდა ორგანიზაციად რჩება, რადგან იქ სულ იცვლება თაობა. სულ აქტუალურია და ვერ იპოვით წევრს, ვის ცხოვრებაში საიამ გარდამტეხი როლი არ შეასრულა...

საიას შეფასებებსა და გამოკვლევებს ხშირად ეყრდნობიან ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Human Rights Watch, Amnesty International და სხვები.

არანაკლებ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს, ნინო ლომჯარიას, საიასთან 15-წლიანი ლამის ყოველდღიური კონტაქტი აკავშირებს. ეს ურთიერთობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ნინო ლომჯარიამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო. ნინო ამბობს, რომ საიაში მისულ ყველა ადამიანს საერთო ღირებულებები და პრინციპები აერთიანებთ - ხანდახან ისინი იცვლებიან, თუმცა მათ ბიოგრაფიაში ჩაწერილი წლები, რომლებიც იქ გაატარეს, უკვალოდ არ იკარგება:

„მუდამ ახალგაზრდა ორგანიზაციად რჩება, რადგან იქ სულ იცვლება თაობა. სულ აქტუალურია და ვერ იპოვით წევრს, ვის ცხოვრებაში საიამ გარდამტეხი როლი არ შეასრულა. მართლა არ იყო იქ მუშაობა მხოლოდ საქმე - ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს იყო მოწოდება, ღირებულებებისადმი ერთგულება და ქვეყნის უკეთესობისაკენ შეცვლის სურვილი“.

საია ერთგვარი საზომიცაა: იქიდან წამოსვლის შემდეგ ძნელია დათანხმდე ისეთ ადგილას საქმიანობაზე, სადაც ზუსტად ისეთივე ღირებულებები არ გხვდება. ამ მხრივ, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გაუმართლა და ის, რომ დღეს ის „სამართლიან არჩევნებს“ უდგას სათავეში, მის ბიოგრაფიაში ჩაწერილი ორგანიზაციის - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - დამსახურებაცაა: „დღეს ჩვენ ერთსა და იმავე ღირებულებებს ვემსახურებით, ყოველდღიური კონტაქტი და თანამშრომლობა გვაკავშირებს და ასე ვაძლიერებთ ერთმანეთს“.

რამდენ ხანს იქნება საია? კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ ის იარსებებს იმდენ ხანს, რამდენიც იმ მიზნების მიღწევას დასჭირდება, რომლებიც დასახული აქვს - კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა, რაც არის კიდევ მისი მთავარი დევიზი და რაც თავის თავში, მოკლედ რომ ვთქვათ, გამართულ დემოკრატიულ წყობას გულისხმობს:

„საია, ალბათ, იარსებებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ჩვენ და ჩვენი მომდევნო თანამშრომლები შევძლებთ იმ ღირებულებების დაცვას, რაზეც დგას ეს ორგანიზაცია. იმედი მაქვს, ყველა შემდგომი თაობა შეძლებს ღირსეულად გააგრძელოს ის გზა, რომელიც 20 წლის წინ დაიწყეს საიას დამფუძნებლებმა“.

XS
SM
MD
LG