Accessibility links

logo-print
”რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა” - ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც 11 მაისს საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და რომელიც ოთხი ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შეეხება. როგორც იურისტები აცხადებენ, გამოკვლევის შედეგად არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. ამავე საკითხს ეხება სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც, ისევე როგორც ანგარიში, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” დაფინანსებით მომზადდა.

ნანა ბიგანიშვილი, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი, წელიწად-ნახევრის წინ დაინტერესდა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებითა და სარეაბილიტაციო ღონისძიებებით. თავდაპირველად მისი ჟურნალისტური გამოძიების მიზანი იყო გაერკვია, თუ რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო პროცესი და უნარჩუნდებოდა თუ არა შენობა-ნაგებობებს ისტორიული იერსახე, თუმცა, როგორც ის გვეუბნება, გამოძიების პროცესში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან და, მისი თქმით, შემაშფოთებელ ფაქტებს წააწყდა:

”ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით მოვიძიე, იყო შოკისმომგვრელი. მერიამ მოახერხა და 300 მილიონ ლარამდე ისე გახარჯა, რომ არც ერთი ტენდერი არ ჩაუტარებია. ფონდები, რომლებიც ქალაქის რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებენ, მერიის დაფუძნებულია და, შესაბამისად, თანხები მერიის ბიუჯეტიდან იხარჯება. ეს არის ძალიან მინიმალური რამ, რაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში მოვიძიეთ. ჩვენ ამ ფაქტების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია გვაქვს.”

‘თბილისის განვითარების ფონდი’ საკუთარი შეხედულებისამებრ ასხვისებდა მიღებულ ქონებას და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფონდის საკუთრებაში კვლავაც ძალიან დიდი ქონება რჩება ...
ეს არ არის მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დედაქალაქში და არამარტო დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებით დაინტერესდა და პროცესის გამოკვლევას 124 გვერდიანი ანგარიში მიუძღვნა. უფრო ზუსტად კი, ისინი დაინტერესდნენ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ”ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის”, „თბილისის განვითარების ფონდის“, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ”ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდისა” და ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული ”ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის” საქმიანობით. როგორც ანგარიშშია მითითებული, გამოკვლევაზე მუშაობისას სხვა პრობლემებთან ერთად აღმოჩნდა, რომ დამფუძნებლების მიერ ფონდებისთვის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებები იდენტური შინაარისაა; ამასთანავე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ორი ფონდისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გაცემული თანხების ჯამმა 288 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო თუ რაში და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, იურისტების თქმით,სრულიად გაურკვეველია. მათივე მტკიცებით, ფონდები დამოუკიდებლად წყვეტდნენ, როგორ და რა პრინციპით შეერჩიათ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კომპანიები. ვრცელი ანგარიშის შინაარსი სულხან სალაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, წარადგინა.

”‘თბილისის განვითარების ფონდი’ საკუთარი შეხედულებისამებრ ასხვისებდა მიღებულ ქონებას და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფონდის საკუთრებაში კვლავაც ძალიან დიდი ქონება რჩება, უძრავი ქონების სახით, ეს აძლევს მას შანსს, რომ მომავალში ისინი გაასხვისოს და ამის შემზღუდავი გარემოება არ არსებობს კანონმდებლობაში”, - ამბობს სულხან სალაძე.

კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტი, რომელიც როგორც სტუდია „მონიტორმა“, ისე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოიკვლია, დაკავშირებულია რიყის პარკთან. 2006 წელს თბილისის მთავრობის მიერ შპს ახალი რიყისთვის 7 მილიონ დოლარად მიყიდული 44 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 2008 წლის ბოლოს, „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ საშუალებით, 17 მილიონ ამერიკულ დოლარად იქნა გამოსყიდული. საბოლოოდ, რიყის ტერიტორიის ჯერ გაყიდვასა და შემდეგ გამოსყიდვას შორის სხვაობამ 15 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ ნამდვილად არ მომხდარა. ამასთანავე, როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის პროცესში არაერთხელ შეიცვალა შპს ”ახალი რიყის” წილის მფლობელთა ვინაობა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოკვლევის პროცესში მათ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თბილისის მერიას ათობით წერილი გაუგზავნეს, თუმცა უმეტეს მათგანზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ამას მოწმობს ის 6 სარჩელიც, რომლითაც მათ სასამართლოს მიმართეს. თამარ ჩუგოშვილი მოუწოდებს თბილისის მერიას საჯარო გახადოს ინფორმაცია „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“, ასევე „თბილისის განვთარების ფონდის“ მიერ წლების განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ:

”დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ მაინც გაეცემა პასუხი ჩვენს კითხვებს და შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ ანგარიშს რეაგირება მოჰყვება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG