Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: კონფლიქტში რუსეთის როლი მინიმუმამდე დაყვანილი ვერ იქნება


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას აცნობა, რომ მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ არის წარმოდგენლი რუსეთის როლი, ანუ ქვეყნისა, რომელიც საქართველოს თავს დაესხა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მან ფატუ ბენსუდას შეახსენა, რომ ოკუპაცია კვლავ გრძელდება. „ჩვენ ჰააგის სასამართლოს დონეზე გვექნება სამართლებრივი დავა, რათა ვამტკიცოთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, შეიძლება თუ არა იყოს სამხედრო დანაშაული განგრძობადი, რისი პრეცედენტიც მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის როლის შესახებ საპასუხოდ აღინიშნა, რომ პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. „თუმცა, რა თქმა უნდა, ჰააგის სასამართლო მზად იქნება განიხილოს და გაითვალისწინოს ქართული მხარისგან მიწოდებული ყველა ინფორმაცია, თუ როგორ მართავდა რუსეთი ოსურ შენაერთებს, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება და პირველ ყოვლისა იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, როცა რუსეთმა ჩვენზე აგრესია განახორციელა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებისადმი პროკურორის მიმართვაში წერია, რომ ე.წ. ოსურ ჯარში და საჯარო სამსახურში ყველგან რუსი მოხელეები იყვნენ, თუმცა ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება და კონფლიქტში რუსეთის როლი მინიმუმამდე დაყვანილი ვერ იქნება.

XS
SM
MD
LG