Accessibility links

19-20-21 დეკემბერს, „უნიჰაკის“ ორგანიზებით, თბილისში კიდევ ერთი ჰაკათონი ჩატარდა. ეს უკვე მესამე ჰაკათონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანუ უკვე მესამედ კრებს „უნიჰაკი“ ახალგაზრდა დეველოპერებს, აძლევს მათ სივრცეს, დროს და გარემოს, სადაც შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა. სამი დღის შემდეგ კი ყველა ვხედავთ შედეგს: რობოტებს, ახალ სოფტებს, აპებს, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის საინტერესო გზებს და ა.შ. განსხვავება წინა შემთხვევებისგან კი ისაა, რომ ამჯერად ჰაკათონი საერთაშორისოა და ამ სამდღიან მარათონში მონაწილეობას იღებენ დეველოპერები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

პირველი ჰაკათონი თითქმის ერთი წლის წინ იყო და ახლა ჩვენ უკვე საერთაშორისო სტუდენტურ ჰაკათონზე ვსაუბრობთ. ორგანიზაცია „უნიჰაკმა“ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არა მხოლოდ საკუთარი განვითარებისთვის, არამედ ზოგადად ამ კულტურის განვითარებისთვის თბილისში. რამდენიმე სტუდენტის პროექტმა, რომელიც დაიწყო სურვილით, რომ რამე გამოსულიყო, მესამე ჰაკათონზე უკვე გვაჩვენა ამბიცია, რომ აქ შეიძლება შეიქმნას რეალური პროექტები, რომლებიც რეალურ პრობლემებს მოაგვარებენ. გიორგი ტაბიძე, ჰაკათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჰაკათონის შესახებ ამბობს:

“პირველ ჰაკათონზე ვცადეთ რამდენად შეძლებდნენ დეველოპერები და დიზაინერები ერთ ადგილას ყოფნას, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას და ჯგუფებად პროექტებზე მუშობას. შემდეგი ჰაკათონები უკვე გარდაიქმნა, ინგლისურად რომ ვთქვათ, “Room of Possibilities”. რეალურად ჰაკათონებზე უკვე არის ასეთი ტენდენცია, რომ ხალხი დამონაწილეები ცდილობენ სამ დღეში შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა და რომლებიც რეალურ პრობლემებს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით აგვარებენ“.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ გაზრდილია მონაწილეების რიცხვი. ამასვე ამბობდნენ მეორე ჰაკათონზეც. მონაწილეების რიცხვი ეტაპობრივად იმატებს. არიან ისეთი დეველოპერებიც, რომლებმაც სამივე მარათონში მიიღეს მონაწილეობა - მაგალითად, ალექსი ამნიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ჰაკათონი კარგი ადგილია იმისვის, რომ ისწავლო და განვითარდე, შეეჭიდო ახალ ტექნოლოგიებს და მუდმივად მიიღო საჭირო ინფორმაცია ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც მუშაობ:

„ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ მაინცდამაინც საპრიზო ადგილებზე გავიდეთ. მთავარია ის გამოცდილება, რასაც აქ ვიღებთ. ჰაკათონის მთავარი პლუსია გუნდურად მუშაობა, იმიტომ რომ აქ სწავლობ, სამ დღეში როგორ შეიძლება რაიმე შედეგი დადო ოთხმა კაცმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც ტექნოლოგიაზე მუშაობის გამოცდილება არ გქონდეს. შეიძლება შენ არ გქონდეს გამოცდილება, მაგრამ სხვას ჰკითხო, რომელსაც აქვს, და ის დაგეხმარება უფრო მარტივად გადაჭრა პრობლემა. ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან - არა მარტო ჩემი გუნდელებისგან, არამედ სხვა გუნდებისგანაც, ერთმანეთის დახმარებაც მოსულა“.

ერთ-ერთი, რაც ამ ჰაკათონს ნამდვილად გამოარჩევდა წინებისგან, სკოლის მოსწავლე მონაწილეების რაოდენობაა. ოთახში, სადაც 100-ზე მეტი დეველოპერი იყო შეკრებილი, მარტივად გამოარჩევდით ყველაზე პატარებს, რომლებიც ბევრ შეკითხვას უსვამდნენ შედარებით გამოცდილ კოლეგებს და ცდილობდნენ თავიანთი პროექტი მაქსიმალურად დაეხვეწათ. სანდრო გორგაძე, 12 წლის ვებდეველოპერი, თავისი გუნდის პროექტის შესახებ ამბობს:

„ჰაკათონზე ვმუშაობთ ასეთ პროგრამაზე: ნებისმიერ მსურველს, ვისაც უნდა პროგრამირების სწავლა, შეუძლია ამ პროგრამის საშუალებით შეისწავლოს პროგრამირება. ამ პროგრამას აქვს ორი რეჟიმი. ერთ-ერთია უინტერნეტო, ანუ თუ რაღაც დროის განმავლობაში ინტერნეტი არ გაქვს, შეგიძლია მაინც განაგრძო სწავლა. ოფლაინ რეჟიმი არის, ასე ვთქვათ, პროგრამირების ენების მთავარი კონსპექტები, რომლებიც მუდმივად გჭირდება და ამით გამოირჩევა ეს პროგრამა. ჩვენც ვსწავლობთ და სულ გვქონდა ასეთი პროგრამის შექმნის სურვილი, თან განვახორციელეთ და თან ჩვენც დიდი გამოცდილება მივიღეთ მუშაობით“.

ამ ჰაკათონზე ასევე შეამჩნევდით, რომ რამდენიმე გუნდი აქტიურად მუშაობდა ჰარდვეარზე. მათი რობოტები თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ნამდვილი ვარკსვლავები იყვნენ. მათ ირგვლივ უამრავი ხალხი იკრიბებოდა და შემქმნელებსაც უამრავ კითხვებს უსვამდნენ ტექნოლოგიაზე, კონცეფციაზე, განხორციელების სირთულეზე და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი იყო დაახლოებით 50 სანტიმეტრის ზომის მანქანა, რომელიც ყველგან დაჰყვებოდა თავის შემქმნელს, ნიკოლოზ სიხარულიძეს. აი, რას ამბობს ის საკუთარი პროექტის შესახებ:

„ჩვენი პროექტი არის მანქანა, რომელსაც შეუძლია გამოგყვეს, სადაც მიდიხარ. ამას ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ მაღაზიებში, ანუ მაღაზიის ურიკა თავისით გამოგყვება და ამით შევძლებთ გავამარტივოთ მოძრაობა. აღარ მოგიწევს მძიმე ურიკის გათრევა, პლუს შეგვიძლია ამაზე დავაყენოთ სკანერები, რომლებიც როცა რაღაცას ჩაყრი ურიკაში, იქვე დაგითვლის ფასს და როცა მიხვალ ფულის გადასახდელად, რიგში დგომა აღარ გიწევს, მარტივად გაატარებ ბარათს და გადახდილი გაქვს“.

ამ პროექტმა ჰაკათონზე მესამე ადგილი დაიკავა და Myo Armband, Arduini Kit და ერთწლიანი Bronze Plan მიიღო GitHub-ზე. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი აზერბაიჯანიდან, რომელმაც შექმნა აპლიკაცია მათთვის, ვისაც სურს სმარტფონში მუსიკას ისე მოუსმინოს, თითქოს რადიოს დიჯეის უსმენს და ის რთავს მხოლოდ იმ მუსიკას, რომელიც ამ მსმენელს მოსწონს. პროექტმა Hacking good FM საჩუქრად Oculus Rift, Leap Motion და ასევე ერთწლიანი Bronze Plan მიიღო GitHub-ზე. წლევანდელი ჰაკათონის გამარჯვებული კი გახდა პროექტი Museum Electronic Guide, რომელმაც მიიღო საჩუქრად Oculus Rift, Leap Motion, ერთწლიანი Silver Plan მიიღო GitHub-ზე და ასევე გუნდი გაემგზავრება კიდევ ერთ საერთაშორისო ჰაკათონზე, ამჯერად საქართველოს ფარგლებს გარეთ. გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ჯამბაზიშვილი, პროექტის შესახებ ამბობს:

„ჩვენი პროექტი არის ელექტრონული გიდი, ანუ გიდის ვირტუალური ვერსია. საკმარისია მივიდეთ ექსპონატთან, უბრალოდ შევეხოთ ექსპონატს და გიდი ჩატვირთავს აუდიოფაილს, რომელიც სრულ ინფორმაციას მოგვაწვდის ამ ექსპონატის შესახებ. მუშაობის პროცესი ძალიან რთული არ იყო. უბრალოდ, გვქონდა, ვფიქრობ, კარგი იდეა და ეს იდეა კარგად დავამუშავეთ, რამაც გაამართლა“.

ჯამში, ჰაკათონზე 8 საპრიზო ადგილი გამოვლინდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, პრიზების შერჩევისას ფიქრობდნენ, რომ მონაწილეებისთვის გადაეცათ რაღაც ისეთი, რაზეც მუშაობას და განვითარებას შეძლებდნენ. ამიტომ გამარჯვებულები იღებდნენ Oculus Rift-ს, Leap Motion-ს, Myo Armband-ს, Arduino Kit-ს, Peeble Smartwatch-ს და ა.შ. ჰაკათონზე ამჯერადაც საკუთარი პრიზები ჰქონდა თავისუფალ უნივერსიტეტს, რომელმაც 4 აბიტურიენტი შეარჩია და მათ სასწავლო ვაუჩერები გადასცა. თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე ამბობს, რომ ჰარდვეარ პროექტების მომრავლება ჰაკათონზე დადებითი ტენდენციაა:

„საინტერესო პროექტები იყო ყველა, რაც ჰარდვეარზე იყო გაკეთებული. მე ძალიან მიხარია, რადგან მე თვითონ ორივე მიყვარს და ვინც ჩემთან მოდის ლაბში, ვცდილობ, რომ დავაინტერესო არა მარტო სოფტით, რომელიც იციან ისეც, არამედ ჰარდით, ანუ აპარატურული ნაწილით: სენსორები, კონტროლერები და ა.შ., და როცა ვხედავ, რომ ეს ჰარდვეარული ნაწილი ბევრია და ხალხი ყურადღებას აქცევს, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ დღესდღეობით სოფტი თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ბიზნესი, ახალი ტექნოლოგია არის ჰარდის გარეშემო“.

როგორც ჩანს, hackTbilisi წლის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მასშტაბური მოვლენაა „უნიჰაკისთვის“. ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ტყეშელაშვილი, ამბობს, რომ „უნიჰაკი“ მომავალ წელს აქტივობებს არ შეწყვეტს და თბილისში უკვე მეოთხე ჰაკათონსაც აუცილებლად ჩატარებს.

XS
SM
MD
LG