Accessibility links

logo-print

2 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გარემოსდამცველი ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმ ვითარების მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოსა და კონკრეტულად თბილისში ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურებას იწვევს. მათ ამ მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიციაც შეადგინეს. აქციის ორგანიზატორები ეხმაურებიან კვირის დასაწყისში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი კვდება.

„ჰაერს ვერ აკავებს საზღვრები!“ „დაბინძურებული ჰაერი - უხილავი მკვლელი!“ „გვასუნთქეთ ჰაერი და არა საწამლავი!“ - სწორედ ამ გზავნილებით შეიკრიბნენ გარემოსდამცველები და რიგითი მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ. მათი მიზანი ერთია - ხელისუფლებამ აღიაროს, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ხარისხი ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მოქალაქეები ჰაერის ხარისხს აფასებენ სიტყვებით „ძალიან ცუდი“. 45 წლის მანუჩარი ამბობს, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების მიზეზი ძველი მანქანებია:

„ორგანიზმი გრძნობს ამ ჰაერის სიმძიმეს. ჰაერის დაბინძურების მიზეზი კი ის ძველი მანქანებია, რომლებიც ევროპიდან ჩამოჰყავთ, 20-25 წლის მანქანები. ეს მანქანები აბინძურებენ ჰაერს“.

დღეს, ფაქტობრივად, არ ხდება ჰაერის ყოველდღიური მონიტორინგი და, შესაბამისად, არ ვიცით, რა ტიპის დაბინძურებაა ამა თუ იმ ადგილზე. პირველ რიგში, ეს მონიტორინგის სისტემა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ მივხვდეთ, სად არის პრობლემის არსი...

თუმცა მხოლოდ მანუჩარი არ ასახელებს ჰაერის დაბინძურების მიზეზად ე. წ. მეორად მანქანებს.

პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მიზეზად იქცა მიმდინარე კვირის დასაწყისში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებს და რომლის მიხედვითაც, დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებით საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი კვდება. უფრო ზუსტად კი, გამოკვლევის შედეგების თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე. სიის მეორე და მესამე ადგილს ბულგარეთი და ჩინეთი იკავებენ.

„დიახ, პრობლემაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ რთულ მდგომარეობას სერიოზულად არ აღიარებს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნინო გუჯარაიძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და გარემოს დამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი:

„როდესაც მთავრობის წარმომადგენლებს კომენტარს სთხოვენ ამ გამოკვლევის შედეგებზე, ისინი ყოველ ჯერზე თავს იმართლებენ, რომ არ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა, რომ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა და ა.შ. ანუ რეაქცია სამთავრობო უწყებებისა არის ის, რომ მდგომარეობა არ არის ცუდი. ზუსტად ამის შეცვლა გვინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს ეს პრობლემა, რომ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, დღეს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა“.

საქართველოსა და კონკრეტულად თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი რომ საკმაოდ მაღალია, ამას მოწმობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგებიც. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბართაიას მტკიცებით კი, ჰაერის დაბინძურების ხარისხი კრიტიკულ ზღვართან არაა მიახლოებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავსო, ამბობს ის იქვე, რომ მდგომარეობა მძიმე არ არისო. თბილისში გამოვლინდა კონკრეტული ქუჩები და უბნებიც, სადაც ჰაერში აზოტის ორჟანგის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აზოტის ორჟანგის მატებას ძირითადად განაპირობებს ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი და სხვა:

„დავდგით ინდიკატორული გაზომვების მოწყობილობები. ჩვენ გვინდოდა გვენახა სატრანსპორტო ნაკადების ოდენობის გავლენა აზოტის დიოქსიდით დაბინძურებაზე. სადაც უფრო დიდი იყო მანქანების რაოდენობა, იქ, სხვა წერტილებთან შედარებით, მაღალი იყო დაბინძურების ხარისხი“.

მიუხედავად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ნახსენები ჰაერის დაბინძურების ხარისხის ინდიკატორული გაზომვებისა, ნინო გუჯარაიძე თვლის, რომ მონიტორინგის ეს სისტემა ატმოსფერული ჰაერის შესამოწმებლად საკმარისი არ არის. მისი თქმით, ინდიკატორული კვლევებით შეუძლებელია ყოველდღიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება:

„დღეს, ფაქტობრივად, არ ხდება ჰაერის ყოველდღიური მონიტორინგი და, შესაბამისად, არ ვიცით, რა ტიპის დაბინძურებაა ამა თუ იმ ადგილზე. პირველ რიგში, ეს მონიტორინგის სისტემა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ მივხვდეთ, სად არის პრობლემის არსი“.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხისა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ვარაუდით, გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თვლის, რომ ამ ეტაპზე ქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაინც აღიარებს, რომ აუცილებელია დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებაზე ზრუნვა, ერთ-ერთ გზად კი მუნიციპალური ტრანსპორტის შეცვლას ასახელებს:

„გზაა ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიყვანოთ ალტერნატიულ ენერგიაზე და გამოვაცხადეთ ტენდერი გაზზე მომუშავე ავტობუსებზე, ისევე როგორც ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების თვალსაზრისით“.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების ერთ-ერთ გზად სახავს საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების დროულ აღდგენას, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს გაუქმდა. მაშინ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ,ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის პირველი იანვრიდან უნდა განახლებულიყო, მაგრამ ამ პროცესის აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ავტომობილების ტექდათვალიერების აღდგენას აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მისი თქმით, მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ისეთი სისტემა დანერგოს, რომელშიც გამორიცხული იქნება კორუფცია და დაცული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით შეიქმნა მანიფესტი, რომლის ადრესატებიც არიან საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი. ამ დროისათვის მანიფესტს 5 900-მდე ადამიანი აწერს ხელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG