Accessibility links

logo-print

„ჰაერშიც არის დისკრიმინაცია“


უფლებების დამცველებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის პრესკონფერენცია.

უფლებების დამცველებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის პრესკონფერენცია.

8 წლის ბავშვის აუტიზმის სპექტრის აშლილობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ოჯახს ნაქირავები ბინის დაცლა მოსთხოვეს. ბავშვის დედამ, ლია ბარბაქაძემ ადამიანის უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე მესამე ბინის დატოვება უწევს ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო. სახალხო დამცველი შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტს სწავლობს.

ლია ბარბაქაძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი ჩვილია, 8 წლის გიორგის კი აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სწორედ გიორგის შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული 160-ლარიანი შემწეობაა. ლიას მეუღლე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მუშაობს. ოჯახს ბინის ქირას გამგეობა უხდის 300 ლარის ოდენობით. თუმცა, ლიას თქმით, ნამდვილი პრობლემები მაშინ იწყება, როცა აუტიზმის სპექტრის აშლილობის ბავშვი ცხოვრებას ნაქირავებ ბინაში იწყებს. ბოლო ბინის დატოვება დაქირავებიდან მეხუთე დღეს მოუხდათ:

„საერთოდ ბავშვიანი არ უნდათ, მაგრამ როცა შევჯერდებით, რომ მოგვაქირავებენ, მერე არის პრობლემა, რომ ბავშვი აუტისტია. ეს შეიძლება ასე პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ ისეთი უარით გვისტუმრებენ, რომ ასე გამოდის. ორ ბინაში იყო პრობლემა, რომ გვეუბნებოდნენ, ბავში არ გამოვიდეს ეზოში მარტო, რამე არ გააფუჭოსო. ამის გამო მეც და, ალბათ, ბევრი მშობელი ბავშვს კეტავს ოთახში“.

თამარ იარაჯულის მცირეწლოვანი ბავშვის საბავშო ბაღში შესაძლო ცემის ფაქტს საგამოძიებო ორგანოები ერთი წელია სწავლობენ.

„თუ ასეთი დისკრიმინაციული ფაქტები არ გამოვლინდა და რეალურად არ დაისაჯა რამდენიმე პირი, ჩვენ, მშობლებს, გვიწევს ამისთვის ბრძოლა, ჩვენ ბავშვებს უნდა ვუთმობდეთ ყურადღებას და ასე ქუჩა-ქუჩა სიარული არ უნდა გვიწევდეს“.

ეკა მაისურაძის და მისი მცირეწლოვანი ბავშვების ავტობუსიდან ჩამოყრის გამო მძღოლმა გაფრთხილება მიიღო. ეს ინფორმაცია ეკას სახალხო დამცველმა მიაწოდა:

„ჩვენ გვაქვს სწავლის და ტრანსპორტით მგზავრობის უფლება. დღეს ბაღიდან, ხვალ ავტობუსიდან, ზედ სახლიდან და მალე, ალბათ, ქვეყნიდან გაგვაგდებენ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა აბაშიძის თქმით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ კანონი არ მუშაობს და ამის მიზეზი არის არა ის, რომ თავად კანონს აქვს გამოწვევები, არამედ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ვალდებულნი არიან აღასრულონ კანონი, არიან ნაკლებეფექტურები:

„ჰაერში არის დისკრიმინაცია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. და ლიასნაირ მშობელს, რომელსაც ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და რომელიც უძლებს ამ დიდ ტვირთს, რომელიც, ზოგადად, მისი ოჯახის წინაშეა, მოვთხოვოთ გამოიჩინოს მაღალი სამართლებრივი კულტურა, იცოდეს სად მივიდეს, როდის მივიდეს და რა მოითხოვოს და თუ ზუსტად ვერ მოითხოვს, მერე უარი ვუთხრათ, რომ თქვენ არ გქონდათ სწორად მოთხოვნილი, ეს არის ყოვლად დაუშვებელი“.

იმის გამო, რომ ლია ბარბაქაძის შვილი შშმ-ეა და ამ მიზეზით ოჯახს ბინის ხშირი ცვლა უწევს, მას სოციალური შემწეობის მიღების პრობლემაც ექმნება, ვინაიდან კანონის თანახმად, თუ ოჯახი სამი თვის განმავლობაში არ ცხოვრობს ერთ მისამართზე, მას ჯერ უჩერდება შემწეობა, შემდეგ კი შეიძლება შეუწყდეს.

სოციალური შემწეობა კი ამგვარი ოჯახებისთვის ხშირად შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ვინაიდან, როგორც „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ დამფუძნებელი და ხელმძღავანელი ნინო დარსაველიძე ამბობს, ასეთ ოჯახში ერთი მშობელი, ჩვეულებრივ, მუშაობას ვერ ახერხებს, ვინადან მთელ დღეს ბავშვს ახმარს და, ამასთან, ასეთ ოჯახს, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს ცხოვრება, სხვა ოჯახებზე 4-ჯერ მეტი მატერიალური ხარჯი აქვს.

ლია ბარბაქაძის საკითხს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას ამგვარი ფაქტების პროაქტიულად გამოძიებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG