Accessibility links

logo-print

ბრეგვაძეებს აღარ ეშინიათ


ლალი ბრეგვაძე ჟურნალისტ გიორგი ალადაშვილს სტიქიით დაზარალებულ სახლს აჩვენებს

ლალი ბრეგვაძე ჟურნალისტ გიორგი ალადაშვილს სტიქიით დაზარალებულ სახლს აჩვენებს

21 ივლისია. ლაგოდეხიდან მივდივარ სოფელ ლელიანში, რომელიც 32 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქს. 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები უნდა მოვინახულო. გზად რამდენიმე სოფელი გავიარე და შევჩერდი ლელიანის თემში შემავალ ერთ-ერთ უბანში სახურავგადახდილ სახლთან, რომელიც ბრეგვაძეებს ეკუთვნის. დიასახლისი სტიქიის შედეგად დანაგვიანებულ ეზოს ასუფთავებს.

"ორი შვილი მყავს, ერთი შვილიშვილი და რძალი. ქმარი არ მყავს. შვილიშვილი ჯერ ორი თვისაც არ არის. შვილები, ორივე ბიჭები მყავს, ერთი აქ არის და მეორე სამხედროშია", გვიყვება ლალი ბრეგვაძე და სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლის სახურავს გვიჩვენებს.

"აქაურობა გაუბედურებულია. სულ წყალი იდგა და სველი იყო მთელი სახლი, სადაც ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. იგივე სიტუაციაა მეორე სართულზეც. რა ადგილზეც შიფერი დაიმტვრა, წყალმა იატაკიც გააფუჭა. ვითომ დაგვეხმარებიან?" - მეკითხება მასპინძელი.

ინგა და ლალო

ინგა და ლალო

სახლიდან ბავშვის ტირილი ისმის. ეს პატარა ლალიკოა - ბრეგვაძეების ოჯახის ახალი წევრი. ლალი ბრეგვაძე ატირებულ პატარა შვილიშვილს ამშვიდებს და ეფერება.

ლალის პროფესია არ აქვს, სწავლა ვერ მოახერხა. ამის გამო წუხს, თუმცა ამბობს, რომ ფიზიკური შრომა არ ეზარება და ოჯახის რჩენას ამ მეთოდით მეტ-ნაკლებად ახერხებს. მეუღლე, დავით ბრეგვაძე, მას შვიდი წლის წინ გარდაეცვალა.

"ჩერნობილი რომ აფეთქდა, მაშინ ჩემი მეუღლე სამხედრო სავალდებულო სამსახურში, უკრაინაში იყო. სამხედროები მაშველ ჯგუფებად გადაუგზავნიათ. მოიწამლა იქ და მას შემდეგ სულ ავადმყოფობდა. ამდენ რადიაციას ვეღარ გაუძლო და 38 წლის ასაკში დაიღუპა," - მიყვება ლალი.

საუბარში მისი რძალიც ერთვება. ინგა სტიქიის ღამეს იხსენებს:

"გრიგალი იყო ძლიერი და ძალიან შეგვეშინდა. სტიქიის დროს მეზობელთან ვიყავი. რომ გამოვედი დილით, ვნახე და ყველაფერი გაფუჭებული იყო. ოთახები წყლისგან ლპებოდა."

ბრეგვაძეებს მეორედ 23 ივლისს ვეწვიე. ლალი ეზოში დაგვხვდა, შვილიშვილს უვლიდა.

ჟურნალისტი: გამარჯობათ, როგორ ხართ, რამე ხომ არ შეცვლილა?

ლალი ბრეგვაძე: "ჯერჯერობით არაფერი."

ბრეგვაძეების სახლი

ბრეგვაძეების სახლი

სტიქიიდან მეხუთე დღეს ლალი ბრეგვაძემ გვითხრა, რომ მათ სასურსათო პაკეტით დაეხმარნენ. დაზარალებულებმა ჯერ არ იციან, დაეხმარებიან თუ არა მათ ფულით და გადასახური მასალით.

"ორი ტომარა ფქვილი მოგვიტანეს გუშინ. ხვალ შაქარი და ზეთი უნდა დარიგდესო. ფქვილი, თითო ტომარა, 50-კილოგრამიანია."

სოციალურად დაუცველ ოჯახს გარდა იმისა, რომ სახლის სახურავი დაუზიანდა, მთლიანად გაუნადგურდა საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოჰყავდათ.

"ვერაფრის შენახვა ვერ მოვასწარით. ხახვი და კარტოფილი მთლად განადგურდა. გვქონდა ბოსტნეულიც. კიტრის ნარგავების ადგილას მარტო სარებიღა დარჩა. ახლა რომ დავთესოთ, რაღა მოვა? აღარაფერი!"

სტიქიით დაზარალებულ ბრეგვაძეებთან ჩვენი მომდევნო ვიზიტიც დასრულდა. ჩვენ მათ მხოლოდ ორი დღით დავემშვიდობეთ.

ჟურნალისტი: "ნახვამდის, 25-ში გინახულებთ."

25 ივლისს კართან ლალის შვილი შემომეგება. ვალერიმ ახალი ამბავი დამახვედრა. ბრეგვაძეებს სახლის გადასახურად მასალის მიტანას დაჰპირდნენ:

სტიქიით განადგურებული სიმინდის ნათესები

სტიქიით განადგურებული სიმინდის ნათესები

"გვითხრეს, რომ დღეს მოვლენ და შიფერს მოიტანენ. შიფერი მოვა ჯერ და მერე დახურავენ, ალბათ. ორ დღეში დაიწყებენ გადახურვას. თვითონ, საკუთარი ძალებით დახურავენ, სულ 90 შიფერი დასჭირდება."

ვალერის უნდა, რომ სიმინდის ნარგავები მაჩვენოს.

"ნარგავები დაბალი იმიტომაა, რომ გვიან დავთესე. სეტყვამ კი მთლად დაჩაგრა. ქართული ჯიშის სიმინდია და 4000 მეტრზეა დათესილი. მისი დათესვა, დამუშავება, სასუქის გაშლა - სულ 300 ლარი დამიჯდა. წინა დღით გავშალე გვარჯილა და იმ საღამოს მოვიდა სეტყვა."

ბრეგვაძეებს ისევ დროებით დავემშვიდობე, 27-ში ჩასულს კი ლალი ბაზრიდან ახალი დაბრუნებული დამხვდა. ატმის კომპოტს აკეთებდა.

"ზამთრისთვის ვიყიდე ატამი და კომპოტს ვაკეთებ. თუ გინდათ, მიირთვით!", მთავაზობს დიასახლისი.

30 ივლისს ბრეგვაძეებთან კიდევ ერთხელ მივდივარ და კვლავ ახალი ამბით მხვდებიან: მათი საცხოვრებლის დიდ ნაწილს შიფერის ახალი სახურავი აქვს.

ლალი ბრეგვაძის სახლი გადახურვის შემდეგ

ლალი ბრეგვაძის სახლი გადახურვის შემდეგ

"სახურავი ამ ორ დღეში შეცვალეს - გუშინ და გუშინწინ. ერთ დღეს შიფერი მოიტანეს, მეორე დღეს მოვიდნენ ხელოსნები და დააფარეს. სადაც წყალი ჩამოდიოდა, იმ ადგილებზე დააფარეს. ახლა აღარ ჩამოდის. დილა-საღამოს იმუშავეს, სულ ერთი დღე. მეორე დღეს კი დაამთავრეს გადახურვა."

ჟურნალისტი: "კარგად იყავით. აღარ გქონოდეთ ასეთი სტიქია."

ბრეგვაძეებს ვტოვებ. მათ უკვე აღარ ეშინიათ, რომ ოთახებში წვიმა ჩამოვა, თუმცა მათი მთავარი საფიქრალი ზამთრის გადასატანად მარაგის მოგროვებაა.
XS
SM
MD
LG