Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა ჰაკერების იერიშის მსხვერპლი გახდა


ჩვენი რადიო - რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა - ხუთშაბათის შემდეგ ჰაკერების მიზანმიმართული იერიშების მსხვერპლია. სისტემატურმა თავდასხმებმა გამოიწვია მულტიმედიისა და საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეფერხება.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტის კევინ კლოსის თანახმად, თავდასხმის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება გრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ეს გამიზნული იერიში იყოო, წერს ის გავრცელებულ განცხადებაში. ამავე დოკუმენტში ჩვენი რადიოს ხელმძღვანელი ამცნობს საზოგადოებას, რომ გადაწყვეტილება ამგვარი ცნობის გავრცელების შესახებ მიღებული იქნა იმ მოსაზრებით, რომ „რადიოს“ ეპასუხა თავისი მსმენელების მოთხოვნისთვის, რადგან მსმენელი მისგან მოელის ანგარიშს და მას თვითონაც ხშირად უწევს სირთულეებთან ბრძოლა რადიოსთან დასაკავშირებლად.

რადიო თავისუფლების მართვის სისტემა მომსახურებას უწევს ამერიკის ხმას, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს და კუბის სამაუწყებლო სამსახურს მთელ მსოფლიოში. აშშ-ის საერთაშორისო სამაუწყებლო სისტემას, შესაბამისად, ასევე მიაყენა ჰაკერულმა თავდასხმამ ზიანი. რადიო თავისუფლების მაუწყებლობა 14 ნოემბრიდან, როცა შეტევა დაიწყო, არ შეფერხებულა, გადაცემები გრძელდებოდა ნორმალურად. ასევე ვერ შეაჩერა თავდასხმამ მომხმარებლის მიერ ჩვენს ვებსაიტებზე სტუმრობის შესაძლებლობა.მაგრამ ჰაკერებმა მიაღწიეს ჩვენი სამსახურების მიერ ახალი ამბების, ფოტომასალის, ასევე ვიდეორეპორტაჟების ინტერნეტში ატვირთვის სიჩქარის შენელებას.

რადიო თავისუფლების ტექნიკური პერსონალი თანამშრომლობს საერთაშორისო ნებაყოფლობით ორგანიზაციასთან, სახელწოდებით „საკომპიუტერო საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების“ გუნდი. ამ გუნდთან თანამშრომლობის მიზანია ელექტრონული თავდასხმების თავიდან აცილება, სამომავლო იერიშებისთვის ხელის შეშლა და თავდამსხმელის მიკვლევა. ჰაკერების თავდასხმა მდგომარეობს ათასობით და მილიონობით კომპიუტერიდან ვითომ რადიო თავისუფლების საიტზე შემოსვლის მცდელობაში. ეს კომპიუტერები, თავისთავად, ინფიცირებული არიან ვირუსებით და მსგავსი ობიექტებით, რომელთა მიზანი სისტემისთვის, ცალკეული კომპიუტერისთვის ზიანის მიყენებაა.

რადიო თავისუფლების ტექნოლოგიური სამსახურის დირექტორის ლუკ სპრინგერის განცხადებით, 14 ნოემბრის თავდასხმისას ჩვენი რადიოს საკომპიუტერო ქსელში შემოდიოდა ბევრად უფრო მეტი მსურველი, ვიდრე ჩვეულებრივ. იერიშის პიკი იყო, როცა ყოველ წამში ასეულათასობით კომპიუტერიდან ცდილობდნენ რადიოს საიტებზე შემოსვლას. სპრინგერი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი ინფიცირებული კომპიუტერი მომართეს ჰაკერებმა ჩვენ წინააღმდეგ. საქმეა ისაა, რომ კომპიუტერების მფლობელებმა არც კი იციან, რომ ამ იერიშში არიან ჩართულნი. ტექნიკურმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ გამომთვლელი მანქანების 80 პროცენტი ჩინეთში მოქმედებს, 20 პროცენტი - რუსეთში. მაგრამ ლუკ სპრინგერი ამბობს, რომ ამით მაინც ვერ ვადგენთ, ვინ დგას თავდასხმის უკან. მისივე განმარტებით, ჰაკერები მეთოდებს მუდმივად ცვლიან, ამიტომ ხშირად მათთან დაუყოვნებლივ გამკლავება არაა იოლი. ეს იწვევს ხერგილებს ჩვენს საინტერნეტო მილსადენებში, თუმცა ამით თავდამსხმელებმა ვერ მოახერხეს ჩვენი რადიოს ტექნიკური აღჭურვილობისთვის ზიანის მიყენება.

ჩვენი მაუწყებლის ხელმძღვანელი კევინ კლოსი დასძენს თავის განცხადებაში, რომ ჩვენს „რადიოზე“ ამჟამინდელი თავდასხმები აშკარა დასტურია იმისა, თუ როგორ გამოწვევებთან გვაქვს საქმე ჩვენს ეპოქაში, როცა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება და გაცვლა ხდება.

რადიო თავისუფლებამ შედარებით შეზღუდული თავდასხმა განიცადა 2008 წელს, როცა ბელორუსულ სამსახურზე მიიტანეს ჰაკერებმა იერიში.
რადიო თავისუფლება არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია და ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ. მისი შტაბბინა მდებარეობს ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში.
XS
SM
MD
LG