Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგის ანგარიში - ვილნიუსის სამიტის წინ


სასამართლო რეფორმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება თუ უმცირესობათა უფლებები - ადამიანის უფლებათა ამ და სხვა აქცენტებს წინაპირობების, გადადგმული ნაბიჯებისა და დარჩენილი გამოწვევების ჭრილში წარმოგვიდგენს ანგარიში, რომელიც ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა კვირას, 22 სექტემბერს, გამოაქვეყნა. რას ფიქრობენ იურისტები და უფლებადამცველები - როგორია დადებითი და უარყოფითი შეფასებების თანაფარდობა? და რა შინაარსის გზავნილია ჰამარბერგის ანგარიში ევროკავშირისთვის ვილნიუსის სამიტის წინ?

ახალი ხელისუფლების ძველთან შედარებას ერიდება, თუმცა ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამარბერგი თავის ანგარიშში, შედარებით ძველის პარალელურად, ახლად გამოვლენილი უარყოფითი მოვლენების ჩამონათვალსაც გვთავაზობს. 24 ათასი პატიმარი, მძიმე პირობები და წამების ფაქტები გადატვირთულ ციხეებში, არასათანადო ყურადღება სოციალური პრობლემების მისამართით - მაგალითად, ეს პრობლემები ყოფილი ხელისუფლების სათვალავზე მოდის, ხოლო რაც შეეხება ახალი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილ უარყოფითს, აქ, ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულ ადგილს უმცირესობათა უფლებები იკავებს. როგორც თომას ჰამარბერგმა 22 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უთხრა მედიის წარმომადგენლებს, მას მეტად შემაშფოთებლად მიაჩნია ბოლო პერიოდის ისლამოფობიური და ჰომოფობიური გამოვლინებები და მისთვის შოკისმომგვრელია 17 მაისის ძალადობა, რომელსაც არ მოჰყოლია დამნაშავეთა ადეკვატური დასჯა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის შეშფოთებას იწვევს, უკავშირდება მასშტაბურ ცვლილებებს ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების დონეზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ამ გამოწვევებს, რაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წლის პირველი ნახევრის ანგარიშშიც არის ასახული, განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევს ორგანიზაციის თავმჯდომარე, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. იქიდან გამომდინარე, რომ ჰამარბერგის ანგარიში უკვე წარედგინა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონსა და ევროკომისარ შტეფან ფიულეს, საინტერესოა, როგორ აღიქმება ანგარიშის შინაარსი ვილნიუსის ნოემბრის სამიტის წინ, რომელზეც საქართველო დიდ იმედებს ამყარებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. გიორგი ტუღუში დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი დიდი ინტერესით დააკვირდება ანგარიშში ასახული მრავლობითი რეკომენდაციების ხელისუფლების მხრიდან შესრულების პროცესს.

”ანგარიში, რა თქმა უნდა, ადეკვატურია და ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. მთავარი მესიჯი, რაც ამ ანგარიშიდან შეგვიძლია ამოვიკითხოთ, არის ის, რომ, მიუხედავად გარკვეული მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში რჩება ძალიან ბევრი პრობლემა და, ვთქვათ, იგივე ქალბატონი ეშტონისა და ბატონი ფიულეს მისამართით გზავნილი არის ის, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა იმისთვის, რომ გარკვეული რეფორმები და გარკვეული პროცესები ადამიანის უფლებების კუთხით არ განვითარდეს არასწორად”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ტუღუშმა.

ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო დღეს ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მანამდე იყო და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი თუნდაც ევროპისთვის, რომ ამ კუთხით მივდივართ განვითარებისკენ...
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუშის შთაბეჭდილებით, ჰამარბერგის ანგარიშში უარყოფითი შეფასებები სჭარბობს დადებითს, ხოლო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე უარყოფითი აქცენტების სიმრავლეს იმით ხსნის, რომ ამ ამგარიშში წინა წლებში გამოვლენილი უარყოფითი ტენდენციებიც არის ასახული:

”ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო დღეს ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მანამდე იყო და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი თუნდაც ევროპისთვის, რომ ამ კუთხით მივდივართ განვითარებისკენ. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა რომ გაუმჯობესდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საარჩევნო გარემოზეც არის გარკვეული კრიტიკა გამოთქმული, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ წინა საარჩევნო გარემოს არც კი შეედრება ეს გარემო, იმდენად მშვიდია. არის საუბარი გარკვეულ ახალ პრობლემებზე და ტენდენციებზე, როგორიც არის უმცირესობის საკითხი, როგორიც არის თვითმმართველობის საკითხი, მაგრამ მაინც ანგარიში აჩვენებს იმ პოზიტიურ განვითარებებს, რაც მოჰყვა თუნდაც არჩევნების შემდგომ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან ბევრ საკითხზე აღნიშნულია, რომ რეფორმა, რაც ხორციელდება, მიდის კარგი მიმართულებით”.

ანგარიშის თანახმად, პროკურატურამ ნაკლებად მკაცრი მიდგომების დანერგვა დაიწყო და 2013 წლის პირველ ნახევარში შემცირდა პროკურატურის მიერ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ფაქტები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე პოზიტიურ მოვლენად არის მიჩნეული ის, რომ ამავე პერიოდში 100-დან 76 პროცენტამდე შემცირდა მოსამართლეთა მიერ პროკურორთა მოთხოვნილი ღონისძიებების არდამტკიცების შემთხვევები, მაშინ როცა წინა პერიოდში მოსამართლეები გამონაკლისის გარეშე ამტკიცებდნენ პროკურორთა მიერ მოთხოვნილ აღმკვეთ ღონისძიებებს.

ჰამარბერგის რეკომენდაციების თანახმად, წინასწარი პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, რადგანაც აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა - ადამიანი უდანაშაულოა მანამ, ვიდრე მისი ბრალი დამტკიცებული არ არის. ამ კონტექსტში უარყოფით მაგალითად არის დასახელებული ე.წ. ტრაქტორების საქმე და კითხვის ნიშნებია დასმული ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის - ვანო მერაბიშვილის -დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია თომას ჰამარბერგის ანგარიშის მხოლოდ ინგლისური ვერსია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართული ვერსია მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG