Accessibility links

logo-print

”თბილისის ჰამქარმა” ”იმელისა” და გუდიაშვილის მოედნის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა


26 მარტს ”თბილისის ჰამქარმა” პროექტის ”აღმოაჩინე შენი თბილისი” ფარგლებში თბილისის ისტორიულ უბნებში მიმდინარე საინვესტიციო-არქიტექტურული პროექტების კვლევის შედეგები ორი, საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი ობიექტის - ”იმელის” შენობისა და გუდიაშვილის მოედნის - მაგალითზე წარმოადგინა. დარღვეული კანონმდებლობა, დახურული საჯარო ინფორმაცია, გაუმჭვირვალე პროექტები, დაზიანებული ძეგლები და მათი გაურკვეველი მომავალი - ასეთია ზოგადად ”თბილისის ჰამქრის” მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი დასკვნა. ორგანიზაცია პასუხისმგებლობას თბილისის ისტორიულ უბნებში მიმდინარე პროცესებზე თბილისის მერიასა და თბილისის განვითარების ფონდს აკისრებს. თბილისის მერია კი აცხადებს, რომ არც ”იმელის” და არც გუდიაშვილის მოედნის იერსახე არ შეიცვლება.

ნაჩქარევი, უხარისხო, გაუმჭვირვალე - ასე აფასებს ”თბილისის ჰამქარი” დედაქალაქის ისტორიულ უბნებში საინვესტიციო-არქიტექტურული პროექტების განხორციელების პროცესს. ”იმელის” შენობა და გუდიაშვილის მოედანი ამის დამადასტურებელი მხოლოდ ორი მაგალითია, რომელთა შესახებაც ”ჰამქარმა” შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ინფორმაცია მოაგროვა. თბილისისათვის იერსახის შეცვლა უკვე ტენდენციად იქცა, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ელისაშვილი:

”ამ ორ ობიექტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მთლიანად არღვევენ ერეკლეს სასახლის აუთენტურობას - ადგამენ სართულს, აშენებენ აივანს. ეს მიდგომაა, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ. იგივე ხდება ციხისუბანში, ნარიყალის ქვემოთ, იგივე მოხდა აღმაშენებლის გამზირზე - ყველაფერი დაშენებული, გადაკეთებულ-გადმოკეთებული, რაც მთავარია, ნაჩქარევად აშენებული. ეს არ არის რეაბილიტაცია, ეს ძალიან ხშირად არის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება.”
”იმელის" შემთხვევაში ინვესტიციის მოზიდვის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ღირებულება დაკნინდა, რადგან ”იმელს”, შეიძლება ითქვას, უკანონოდ მოეხსნა სტატუსი...

მაგდა ცოცხალაშვილი, დირექტორი პროექტისა ”აღმოაჩინე შენი თბილისი”, შენიშნავს, რომ მსგავსი კანონდარღვევები გვხდება როგორც ”იმელის”, ისე გუდიაშვილის მოედნის შემთხვევაში. როგორც წესი, ინვესტორის ინტერესები ხშირად კანონზე მაღლა დგას - ამის დასტური კი სპეციალურად მათთვის შექმნილი ე.წ. დამნდობი საინვესტიციო გარემოა. სპეციალისტები პროექტების მიმდინარეობის შესახებ საჯარო ინფორმაციას ვერ იღებენ. ამიტომ ამ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს დასკვნების გაკეთება იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით უწევთ, რომლის მოპოვებაც დიდი ბრძოლის ფასად უხდებათ. დასკვნა კი არც ისე სახარბიელოა, ამბობს მაგდა ცოცხალაშვილი:

”იმელის" შემთხვევაში ინვესტიციის მოზიდვის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ღირებულება დაკნინდა, რადგან ”იმელს”, შეიძლება ითქვას, უკანონოდ მოეხსნა სტატუსი. ყველას ახსოვს, თუ რა წინააღმდეგობა მოჰყვა ამას ექსპერტების მხრიდან. გაფუჭდა ის, რომ შენობა დღეს საგრძნობლად დაზიანებულია. არსებობს საფრთხე, რომ შენობა საერთოდ განადგურდეს, რადგან უკვე დანგრეულია მარცხენა ფლიგელი, მოხსნილია გადახურვის საფარი, სართულშუა გადახურვები ხელოვნურადაა ჩაჭრილი, რათა წვიმის ნალექი მოხვდეს სარდაფებსა და საძირკველში. განადგურებულია სააქტო დარბაზი, ინტერიერში მოხსნილია მარმარილოს ქვის მოპირკეთებები, ბარელიეფები და ა.შ. იმავე რისკს ვხედავთ გუდიაშვილის მოედნის შემთხვევაშიც, რომ დაიკარგოს იქ მდებარე შენობების ძირითადი კულტურული მახასიათებლები.”

შეგახსენებთ, ”იმელს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მოეხსნა. მალევე ცნობილი გახდა, რომ იქ სასტუმრო ”კემპინსკი” უნდა აშენებულიყო. 2009 წელს შენობის უკანა ფლიგელების დემონტაჟი დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და შვეიცარიულ კომპანია ”კეპიტალ ვოსტოკს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად (შემდგომში სამართალმემკვიდრე ”დაგი გრუპ ვოსტოკო” გახდა), სასტუმრო 2010 წელს უნდა გახსნილიყო. ვადამ 2012 წლამდე გადაიწია. დღემდე პროცესი დასრულებული არ არის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა არც გუდიაშვილის მოედანზე. გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, ანუ 2007 წლიდან, დღემდე იქ არსებული შენობების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ”თბილისის ჰამქარი” პასუხისმგებლობას ”თბილისის განვითარების ფონდს” აკისრებს, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანო ზაზანაშვილი:
ათასჯერ გავიმეორეთ და დღესაც ვიტყვი, რომ ამ შენობების არქიტექტურა არ შეიცვლება...

”2007 წელს მოხდა გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობების გამოსყიდვა, მაგრამ სარეაბილიტაციო პროექტი დღემდე არ განხორციელებულა და არც სხვა რაიმე ქმედება ამ შენობების შენარჩუნების და მდგომარეობის კონსერვაციის თვალსაზრისით. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ეს შენობები, 2007 წელთან შედარებით, ბევრად მძიმე მდგომარეობაშია.”

თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძე კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გუდიაშვილის მოედნის თაობაზე ინვესტორებთან კონსულატაციების ეტაპი დასრულდა, გასულ პარასკევს თბილისის მერიასა და ინვესტორს (”ირაო მაგნატ გუდიაშვილი”) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უკვე 26 მარტიდან მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო. საბანაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ გუდიაშვილზე შენობების იერსახე არ შეიცვლება:

”დაწყებულია უკვე წინამოსამზადებელი სამუშაოები. იწყება ყოფილი ”ლიტერატურული საქართველოს” შენობით, რომელიც წლის ბოლომდე იქნება რეაბილიტირებული, მაგრამ ამ სამუშოების დასაწყებად საჭიროა პროექტის მომზადება, რომელიც გაერთიანებულ სამეცნიერო მეთოდურ საბჭოსთნ შეთანხმდება. ზოგადად კი ათასჯერ გავიმეორეთ და დღესაც ვიტყვი, რომ ამ შენობების არქიტექტურა არ შეიცვლება.”

როგორ აფასებენ ამ პროცესებს თავად თბილისელები? რადიო თავისუფლების კითხვაზე მათი პასუხები ასეთია:

”მე მომწონს, რასაც აკეთებენ. სისუფთავეა, უფრო ლამაზია..."

”ძველი სახე თუ შეუნარჩუნდება და ისე აღდგება, მაგის მომხრე ვარ, ნამდვილი რეაბილიტაცია ჩაუტარონ და არა მოჩვენებითი. ახლაც ”იმელის” შენობას რომ ჩავუარე, მართლა გული დამწყდა, რომ ჯერ კიდევ ნახევრად დანგრეულია და ”კემპინსკი” აწერია და ასეთი გადასარევი შენობა განადგურების პირასაა...”

”ჩემი აზრით, უნდა გაახლდეს ისე, როგორც მეიდანზე გააკეთეს, ძველ თბილისში, მაგრამ ისე, რომ არაფერი შეცვალონ.”


რაც შეეხება ”თბილისის ჰამქრის” რეკომენდაციებს, სია საკმაოდ გრძელია. მათ შორისაა ”იმელის” შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენა და შენობასთან დაკავშირებული საპროექტო და საინვესტიციო ინფორმაციის გასაჯაროება. იგივე რეკომენდაცია ეხება გუდიაშვილის მოედანსაც. ”ჰამქარი” მოითხოვს იქ არსებული შენობების რესტავრაცია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიის სტანდარტების მიხედვით განხორციელდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG