Accessibility links

logo-print

ამერიკელი, რომელმაც თავი შეაყვარა საბჭოთა კავშირს


ვან კლიბერნი ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოსკოვში, 1958 წელი

ვან კლიბერნი ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოსკოვში, 1958 წელი

ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში, გარდაიცვალა ამერიკელი პიანისტი ვან კლიბერნი - მუსიკოსი, რომელმაც საბჭოთა მსმენელს თავი შეაყვარა 1950-იანი წლების ბოლოს, რომ იტყვიან, შუაგულ ცივ ომში. როგორ დაავიწყა ვან კლიბერნმა მსმენელებს იდეოლოგიური დაპირისპირება, ამას ახლა გავიხსენებთ.

ჰარვი ლავან კლაიბერნი - როგორც ჩვენში იცნობენ, ვან კლიბერნი -23 წლის იყო, როცა ნამდვილი ფურორი მოახდინა საბჭოთა კავშირში ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის შესრულებით.

1958 წელი იდგა. მოსკოვში პირველად ტარდებოდა ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი და პირველივე ტურიდან ნათელი გახდა, რომ, ანტიამერიკული პროპაგანდის მიუხედავად, საბჭოელი მსმენელის სიმპათია ახალგაზრდა, სანდომიანი ამერიკელი პიანისტისა და მისი ინტერპრეტაციისაკენ იხრებოდა.

მრავალი წლის შემდეგ თვით ვან კლიბერნი იხსენებდა, რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ჟიურის შემადგენლობამ - ახალგაზრდა პიანისტს უნდა დაეკრა ხალხის წინაშე, ვინც მეოცე საუკუნის უდიდეს მუსიკოსებს მიეკუთვნებოდა.

„ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის ჟიურის ნახვა - დაუჯერებელი ჟიური იყო: დმიტრი შოსტაკოვიჩი, ემილ გილელსი, სვიატოსლავ რიხტერი. უბრალოდ, დაუჯერებელი იყო! შიშის მომგვრელი! ჟიურის უფრო მეშინოდა, ვიდრე დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის. მაგრამ დრომ რომ ჩაიარა და მათ საზოგადოებაში ყოფნის პრივილეგია მერგო, სავსებით ჩვეულებრივი და ძალიან სასიამოვნო ხალხი გამოდგა“, - ამბობდა ვან კლიბერნი შეერთებული შტატების საზოგადოებრივ სამაუწყებლო სამსახურთან ინტერვიუში 2008 წელს მოსკოვში ლეგენდარული წარმატების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ვან კლიბერნის წარმატება კარგად ახსოვს ქართველ მუსიკათმცოდნეს, პროფესორ გულბათ ტორაძეს: „მას კონკურსის მხოლოდ პირველ ტურში მოვუსმინე, - მერე მოსკოვიდან უნდა წავსულიყავი, - მაგრამ მან ყველა გაგვაოცა პირველივე ტურში! უბრალოდ, არაჩვეულებრივად უკრავდა! არაჩვეულებრივად უკრავდა! ეს იყო სწორედ ცივი ომის წლები - და დღის გმირად, მუსიკალური ცხოვრების გმირად იქცა ამერიკელი პიანისტი. ეს გაუგონარი ამბავი იყო, სენსაციური!“

კონკურსის ბოლოს, როცა ჟიურიმ ვან კლიბერნი გამოაცხადა გამარჯვებულად, მისი სახელი უკვე მთელ საბჭოთა კავშირში იცოდნენ: ჩაიკოვსკის კონკურსის მონაწილეთა გამოსვლები რადიოთი გადაიცემოდა.

საბჭოთა კავშირში ვან კლიბერნის წარმატება მართლაც სენსაცია იყო, გამორჩეული მომენტი ცივი ომის ისტორიაში. მან მოსკოვში დაუკრა სულ ექვს თვეში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა „სპუტნიკი“ - კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრი. ეს დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა დასავლეთისათვის და დიდ საფრთხედ იქნა აღქმული... ჰყვებიან ლეგენდას, რომ კონკურსის ჟიურის მოუხდა პირადად საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვისათვის ეთხოვა ნებართვა, რომ პირველი ადგილი ამერიკელისათვის მიენიჭებინათ.

ვან კლიბერნის გამარჯვება სენსაციად აღიქვეს შეერთებულ შტატებშიც. სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდას საზეიმო აღლუმი მოუწყეს ნიუ-იორკში. ასეთი რამ კლასიკური მუსიკის არც ერთ წარმომადგენელს არ ღირსებია.

ეიფორია ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ ვან კლიბერნს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კონტაქტი მეგობრებთან, რომლებიც 1958 წელს მოსკოვში შეიძინა. იმავე წელს მან რუს დირიჟორთან, კირილ კონდრაშინთან ერთად ჩაწერა ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი. ეს არის კლასიკური მუსიკის პირველი ალბომი, რომელიც დასავლეთში მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.

1960-72 წლებში ვან კლიბერნი რამდენჯერმე დაბრუნდა კონცერტებით საბჭოთა კავშირში. თავის სამშობლოში კი, მშობლიურ ქალაქ ფორტ უორტში, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს, დააარსა ვან კლიბერნის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი.

მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ძალიან ბევრს ახსოვს მისი სახელი. სახელს, უფრო სწორად, გვარს რაც შეეხება, ისევ ვან კლიბერნის ერთ მოგონებას გავიხსენებ მოსკოვზე, როცა იქ პირველად, ანუ 1958 წელს, ჩავიდა: „თვითმფრინავიდან ჩამოვედი და იქ იყო ძალიან სასიამოვნო, დახვეწილი, მშვენიერი ქალბატონი გენრიეტა ბელიაევა. მას დღემდე ვიცნობ. და მან მითხრა: „ბატონი ვან კლიბერნი?“ მე ვუპასუხე „... დიახ“. და მან თქვა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოსკოვში“. ასე რომ, მთელი ის დრო, იქ რომ ვიყავი, არასოდეს მითქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩემს გვარს ასე წარმოვქვამთ: „ვან კლაიბერნი“. ასე რომ, ორი გვარი მაქვს „ვან კლიბერნი“ და „ვან კლაიბერნი“.

ჩვენ მას, ბუნებრივია, ვან კლიბერნად მოვიხსენიებთ, რახან ჩვენი მსმენელის დიდი ნაწილი ასე იცნობს და, როგორც ირკვევა, ამის წინააღმდეგი არც თვითონ პიანისტი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი სახელობის კონკურსის ლაურეატებს შორის არის ქართველი მუსიკოსიც, - გამოჩენილი პიანისტი, ლექსო თორაძე, - რომელსაც 1977 წელს მეორე ადგილი ერგო ვან კლიბერნის საფორტეპიანო კონკურსში.

ვან კლიბერნი - ამერიკელი პიანისტი, რომელიც ცივი ომის მუსიკალური გმირი გახდა, ოთხშაბათს, 27 თებერვალს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG