Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სისტემა ციხეებში - 45 დღის შემდეგ


ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა
ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა
19 დეკემბერს სასჯელაღსრულების სამინისტრომ ბოლო 45 დღის განმავლობაში სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მედიის წარმომადგენლებს პირველი ანგარიში წარუდგინა. სისტემაში ცვლილებების განხორციელება, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, ფაქტობრივად, სახანძრო პირობებში უწევდათ. მართალია, ციხეების ჯანდაცვის სისტემას სამოქალაქო ჯანდაცვასთან გათანაბრებისათვის ჯერ კიდევ დასჭირდება დრო, მაგრამ დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა უკვე სისტემის მძიმე მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაზე ლაპარაკობს. ამის დასტურად თავად სოზარ სუბარს ის ფაქტი მოჰყავს, რომ, ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად, ციხის გადატვირთულ საავადმყოფოში 40-მდე თავისუფალი საწოლი გაჩნდა.

ერთ-ერთი პირველი, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ სისტემაში მოსვლის შემდეგ მოინახულა, როგორც მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იხსენებს, ე.წ. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო იყო: იქ მხოლოდ მედპერსონალი და ცარიელი კედლები, მწყობრიდან გამოსული სამედიცინო აღჭურვილობა დახვდათ.

”ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების რენტგენოგრამებში ფილტვის სინუსები და ფუძე, საიდანაც დგინდება დაავადება, არ ჩანდა. სურათები ისე იყო გადაღებული, რომ ეს მთავარი ნაწილი მასზე საერთოდ არ იყო აღბეჭდილი. და ეს ნათელი დასტურია იმისა, თუ რა მძიმე ვითარება იყო აღჭურვილობის და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით”.
განვლილ ორ თვეში სამჯერ გაიზარდა პატიმართა გადაყვანა ქალაქის საავადმყოფოებში და მათი მკურნალობა და სამჯერ გაიზარდა ასევე პატიმართა მოძრაობა შიდა სისტემაშიც - საპატიმროდან ციხის საავადმყოფოში...
სოზარ სუბარი


მაგრამ ეს დიდი სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იყო. ამას ემატებოდა მინიმალური დაფინანსება - ერთ პატიმარზე გამოყოფილი 28 ლარი, რაშიც შედიოდა ყველაფერი - წამლიდან დაწყებული, აღჭურვილობის ხარჯებით თუ მედპერსონალის ანაზღაურებით დამთავრებული; აქტირების კომისიის უმოქმედობა, ციხეებში დამოუკიდებელი ექიმების არარსებობა. პატიმრები იხოცებოდნენ, უმთავრესად, სასუნთქი გზების, ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ტუბერკულოზით და, რაც, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაზე საგანგაშო იყო, მათი 7% ნაძალადევი სიკვდილით, ტრავმების შედეგად იღუპებოდა.

45 დღეში, როგორც მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. განხორციელებულ ცვლილებას, მისი თქმით, წინ სამოქალაქო სექტორთან არაერთი შეხვედრა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება უძღოდა. სუბარი შენიშნავს, რომ საქართველოს ციხეებში შექმნილ ვითარებას საუკეთესოდ ახასიათებს არსებული სტატისტიკა: პატიმრების გარდაცვალების ფაქტები საქართველოში საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი იყო:

”განვლილ ორ თვეში სამჯერ გაიზარდა პატიმართა გადაყვანა ქალაქის საავადმყოფოებში და მათი მკურნალობა და სამჯერ გაიზარდა ასევე პატიმართა მოძრაობა შიდა სისტემაშიც - საპატიმროდან ციხის საავადმყოფოში. ციხის საავადმყოფოში ადამიანის გადაყვანა შეუძლებელი იყო ხოლმე, რადგან იქაურობა გადაქცეული იყო ადგილად, სადაც ავადმყოფ პატიმრებს არც მკურნალობდნენ, მაგრამ არც წერდნენ, მხოლოდ უვლიდნენ ექიმები”.
ციხის სამედიცინო პერსონალი პირდაპირ დაექვემდებარა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს და მათ მიცემული აქვთ კონკრეტული მითითება და აქვთ დამოუკიდებლობა, რომ, კონკრეტული სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება...
არჩილ თალაკვაძე


სოზარ სუბარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 180-ადგილიან ციხის საავადმყოფოში მოთავსებული იყო დაახლოებით 290 პაციენტი. ადამიანები იწვნენ დერეფნებშიც და მათთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დღეს ვითარება ასეთია: ბევრმა ავადმყოფმა პატიმარმა დატოვა ციხე და, პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში, 30-40-მდე თავისუფალი საწოლი გაჩნდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ე.წ. აქტირების კომისიას არც ერთი დაავადებული პატიმარი არ გაუთავისუფლებია. მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში, ციხე დატოვა მხოლოდ 11-მა პატიმარმა. ეს მაშინ, როცა პატიმართა სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი სწორედ მათი დაავადებები იყო. სუბარი ამბობს, რომ ბოლო დროს უკვე 13 სასამართლო გაიმართა სასჯელის გადავადების მოთხოვნით და 12 პატიმრის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცხადია, ამას დაემატა ის 150-მდე პატიმარიც, რომლებიც ციხიდან სწორედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუშვეს.

რაც შეეხება ციხის მედპერსონალის დამოუკიდებლობის საკითხს, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ სამინისტროს პოლიტიკა ამ მხრივაც შეცვლილია:

”ციხის სამედიცინო პერსონალი პირდაპირ დაექვემდებარა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს და მათ მიცემული აქვთ კონკრეტული მითითება და აქვთ დამოუკიდებლობა, რომ, კონკრეტული სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება”.

ამ ეტაპზე 17-ზე მეტ დაწესებულებაში არის ექიმი და ექთანი, თუმცა ჯერჯერობით არასაკმარისი რაოდენობით, რადგან ციხის ამბების მერე ბევრმა მათგანმა დატოვა სისტემა. ექიმების გადამზადების და მათი რიგების შევსების პროცესი გრძელდება, მალე შედეგების შეფასებაც დაიწყება.
ცნობილია, რომ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ასევე უნდა მოხდეს ციხის საავადმყოფოების სრული გადაიარაღება. რაც შეეხება ფინანსებს, 2013 წელს ერთ პატიმარზე ჯანდაცვის ხარჯი 50 ლარი იქნება. გეგმაშია ასევე კვების გაუმჯობესება - კერძოდ კი, ინდივიდუალური მენიუების სისტემის შექმნა პატიმარი კაცების, პატიმარი ქალებისა და არასრულწლოვანებისათვის.
კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

45 დღეში განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ ამ ცვლილებებს ინტერესით აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთგზის გამოსულან კრიტიკით. ამავე პოზიციაში დარჩება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლის ახალი თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, გვეუბნება, რომ თანამშრომლობის პარალელურად, მათგან, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც არ შეწყდება სისტემის კრიტიკა.

”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი, პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტროს ურჩევს გაითვალისწინოს კიდევ ერთი რეკომენდაცია: პატიმრების სამედიცინო ექპერტიზა სახელმწიფო ხარჯით ჩატარდეს ხოლმე.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG