Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაგავი, ადამიანის თანამდევი


ხშირად წერენ ადამიანები ბრილიანტზე, მაგრამ ნაგავი გამოსდით. ამერიკელი ჰედერ როჯერსის ეს წიგნი ნაგავზეა, მაგრამ დაწერილია ბრილიანტივით. არა გადატანითი მნიშვნელობით ნაგავზე, არამედ მართლა მასზე. ჰედერ როჯერსი მკვლევარია, ისტორიკოსია, კულტუროლოგია, სოციოლოგია, ფუტუროლოგია ნაგვის. ის მხატვრული სიტყვის დიდოსტატიცაა. საჭირო მშრალ ფაქტებს ჩამოთვლის ხოლმე და მერე შთამბეჭდავ სცენებს ხატავს: მაგალითად, ნაგავსაყრელებზე მიმდინარე პროცესს; იმ მუშებს, რომლებიც იქ იღვწიან... და ეს ისეთი სცენებია, არც ერთი მწერალი არ იტყოდა მათზე უარს. სცენებია ანტიუტოპიური რომანიდან. თუმცა ეს მხატვრულობა რაღაცნაირად თავისთავად ჩნდება, თემა ბადებს ამ ესთეტიკას, თორემ ავტორი საკუთარ ფანტაზიას არსად იყენებს. ყველგან მხოლოდ ნაგვის რეალურ პერიპეტიებს აღწერს. შორი წარსულიდან იწყებს, რათა ნაგვის, როგორც ასეთის, ფენომენში ღრმად გაერკვეს და გრანდიოზული დღევანდელი მისი ინდუსტრიის, მისი დაუჯერებელი ბიზნესის ტექნოლოგიები ბოლომდე გაშიფროს, კომერციული ნაგვისთვის ბრძოლები აღწეროს - მაგალითად, დაადგინოს, რომ 1990-იან წლებამდე ნიუ იორკის ნაგავს იტალიურ-ამერიკული მაფია აკონტროლებდა, ამ დროისთვის კი ძლიერი კორპორაციები მაფიას დაუპირისპირდნენ და ეს ნაგავი ხელთ ჩაიგდეს.

წიგნს ჰედერ როჯერსი, აი, ასე იწყებს: „კოსმოსიდან ადამიანის რამდენიმე ქმნილება მოჩანს: ჩინეთის დიდი კედელი, პირამიდები და ცივილიზაციის კიდევ ერთი ნიმუში - ნაგავსაყრელი ნიუ იორკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, „ფრეშ ქილზი“. კოსმოსთან წილნაყარ ცივილიზაციის ამ დიად ნიმუშსა და მისი გაჩენის მიზეზებზე ეს ძალიან საინტერესო წიგნი, სახელწოდებით „ხვალამდე გაქრება. ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“, „რადარამის“ გამორჩეული სერიის მორიგი გამოცემაა, რიგით მე-15. მთარგმნელია რუსუდან ჯაყელი, ხოლო წიგნს წინ უძღვის „ახალგაზრდა მწვანეების“ წინათქმა. „რადარამი“ ამ წიგნის პრეზენტაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს უკვე, დაახლოებით, ერთი თვეა და ამაში ახალგაზრდა „მწვანეები“ აქტიურად არიან ჩართულნი. ამიტომ ამ წიგნზე სასაუბროდ მათი წარმომადგენელი, ირაკლი იორამაშვილი, მოვიწვიეთ.

ირაკლი იორამაშვილი
ირაკლი იორამაშვილი

ირაკლი იორამაშვილი: „საინტერესო არის ის ისტორია, რომელიც განვითარდა არა მხოლოდ ნაგავთან დაკავშირებით, არამედ ავტორი მიდის იქამდე, რომ მთელი ეს პრობლემა გარკვეულწილად უკავშირდება მომხმარებლური კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენ როდესაც ვფიქრობთ, რომ ნაგავი გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ის ჩვენ აღარ გვჭირდება უბრალოდ, სინამდვილეში ნაგავი გაჩნდა, როდესაც მისი წარმოება დაიწყეს და ჩვენ მასში ფული გადავიხადეთ. ადრე სახემძღვანელოებიც კი არსებობდა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის ნივთები, რომლებიც, ერთი შეხედვით, აღარ გვჭირდება. ის ნივთები ან ის მასალა, რომელიც ნაგვად იქცეოდა, მაინც გამოყენებას პოვებდა. იქნებოდა ეს რაღაც გადამუშავების სახით, თუმცა დროთა განმავლობაში უკვე იმ რაოდენობის დაგროვდა ეს ნაგავი, რომ უკვე არანაირ კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. იყო მომენტი, როცა დაიწყეს ნაგვის დაწვა, თითქოს ამით მისი გაქრობა უნდოდათ, მაგრამ გააცნობიერეს, რომ ეს ყველაზე ძვირი პროცესი იყო და, მეორე მხრივ, ეკოლოგიურადაც არ იყო სასურველი და გამოსავალი რეალურად დღემდე არ არის ნაპოვნი. უბრალოდ, ჩვენ ვახდენთ ამ ნაგვის აკუმულირებას ერთ ადგილას და გვაქვს ასეთი გიგანტური ნაგავსაყრელები. მაქსიმალურად სისტემურად უნდა მივუდგეთ და კრიტიკულად გავიაზროთ ეს პრობლემა, იმიტომ რომ, უბრალოდ, მოსახლეობისკენ თითის გაშვერა, რომ იცი რა, ურნაში უნდა ჩააგდო ნაგავი და ის ქუჩაში არ უნდა მოხვდეს, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობის გადატანა არის ჩვენზე და იგივეა, რაც ამერიკაში მოხდა გასულ საუკუნეში კორპორაციების მხრიდან, როდესაც მათ საფრთხე შეექმნათ, რომ აეკრძალებოდათ კანონის საშუალებით რაღაც პროდუქციის გამოშვება. დაიწყეს კამპანია, რომ, აი, ჩვენ გვიყვარს ამერიკა და მოდით, დავასუფთაოთ ყველაფერი, რამაც ეს ინდუსტრია თითქოს ამოქოქა, თუმცა პრობლემები დარჩა“.

ამ წიგნს თავისი გმირებიც ჰყავს. ისინი 2-3 გვერდზე გაკრთებიან ხოლმე, მაგრამ თავს გამახსოვრებინებენ. ერთ-ერთი ასეთი გმირი, რომელიც მე მეხსიერებასა და გულში ჩამრჩა, პოლკოვნიკი ჯორჯ ე. უორინგ უმცროსია. ავტორის თქმით, „უორინგს ყველა იცნობდა, როგორც მოხეტიალეს, ჩაფხუტით, სამგზავრო ჩექმებითა და აპრეხილი ულვაშებით. სამოქალაქო ომის ექსცენტრულ ვეტერანს მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა“. პოლკოვნიკმა პომიდვრის ახალი ჯიში გამოიყვანა და ახალი სადრენაჟო სისტემა ააგო. 1895 წელს მას ნიუ იორკის „ქუჩის დასუფთავების დეპარტამენტის“ თავმჯდომარედ ნიშნავენ და ის საოცრად შემოქმედებითად უდგება დაბინძურებულ ნიუ იორკთან ბრძოლას. სანიტარიის განყოფილებას „თეთრ ფრთებს“ არქმევს და ნახევრად სამხედრო თეთრ უნიფორმებს აცმევს. ისინი ნაგვის ყუთებს ქუჩებში დაატარებენ. მათი ორიათასიანი არმია სადღესაწაულო აღლუმებზე მარშირებს მუსიკის თანხლებით. ხალხს „თეთრი ფრთები“ უყვარდება. პოლკოვნიკი სახლებიდან, მაღაზიებიდან და ოფისებიდან ნაგვის გატანაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. ნიუ იორკელებმა „მასალა“ უნდა დაახარისხონ და მერე, ქუჩაში გატანის ნაცვლად, ფანჯარაზე „გამოძახების ბარათი“ დაკიდონ, რათა „თეთრი ფრთები“ მოვიდნენ და ნაგავი წაიღონ სანაპიროზე, საიდანაც მას ბარჟებით იამაიკის ყურეში გზავნიან, ბარენის კუნძულზე, იქ, სადაც პოლკოვნიკმა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა ააგო.

ირაკლი იორამაშვილი: „თავიდან, როდესაც იწყებ კითხვას, როგორც კი პრობლემა დაისმება, მძაფრად არის აღწერილი ეს სუნის, ოხშივარის მომენტები, რომ წარმოუდგენელია ამან არ შეგაწუხოს თუნდაც წიგნის ფურცლებიდან. დეტალურად რომ არის პროცესი აღწერილი, ხდება გადარჩევა-დახარისხება, ნაგავს ისევე ექცევიან, როგორც პროდუქტს ან რაღაცა ღირებულს, თუმცა, საბოლოო ჯამში, არ გაქრება არსად არაფერი, იმიტომ რომ ამ გადამუშავებას თავისი ლიმიტები აქვს, არ შეიძლება მრავალჯერ ყველაფრის გადამუშავება, რამდენიმეჯერ შეიძლება და ბოლოს მაინც პრობლემად დარჩება ის, სად უნდა წავიღოთ ეს მასა და ზუსტად ამ კითხვის ნიშნებს სვამს ავტორი და გვთავაზობს ერთ-ერთ გამოსავალს, რომ უნდა შევამციროთ ამ ნაგვის წარმოქმნა და არა მხოლოდ მისი მოშორება დავაჩქაროთ და დავხვეწოთ პროცესი“.

როდესაც კითხულობ, არ გიჩნდება შეგრძნება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნაგვის შესახებ კითხულობ, იმდენად ღრმად არის ისტორიული კონტექსტიც განხილული, თან მოყვანილია ჟურნალებიდან ან არქივებიდან ფაქტები, ციტატები, არა მარტო ამ კუთხით, არამედ მთლიანობაში, საზოგადოების დინამიკის, ინდუსტრიის განვითარების კუთხითაც...
ირაკლი იორამაშვილი

მთლიანობაში, გარდა იმისა, რომ უამრავ ეკოლოგიურ პრობლემაზე თვალის ახელაა ეს წიგნი, იგი აჩენს იმ განცდასაც, რომ რაც დრო გავა, ასეთი ტიპის კვლევები სულ უფრო მეტად დასჭირდება საზოგადოებას. აი, ხომ იკვლევდა ფუკო ციხეების, საგიჟეთების, ლეპროზორიუმების ისტორიას და ამ ვიწრო სოციოკულტურული სივრცეებიდან ახერხებდა ჩვენთვის დაენახვებინა უთვალავი რამ. იგივე ხდება ამ წიგნშიც: ყველაფერს უკვე თავისი საინტერესო ისტორია, ფენომენოლოგია აქვს. არა აქვს მნიშვნელობა, რას იკვლევ, - ციხეებს, ნაგავს თუ ოქროს საბადოებს, - მთავარია, როგორ იკვლევ და ამ კვლევით რამდენად მოახერხებ საზოგადოება რაღაც რაკურსით კიდევ ერთხელ სარკეში ჩაახედო. ჰედერ როჯერსმა ეს მოახერხა.

ირაკლი იორამაშვილი: „როდესაც წიგნის კითხვას იწყებ, თითქოს დამნაშავეებს ეძებ ყოველთვის: რომ ამის ბრალია, ამის ბრალია... თუმცა ეს პროცესი იმდენად დეტალურადაა აღწერილი, რომ ნელ-ნელა ხვდები, რომ ჯაჭვში ებმის ყველა ის მოვლენა, რომელიც განვითარდა. როდესაც კითხულობ, არ გიჩნდება შეგრძნება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნაგვის შესახებ კითხულობ, იმდენად ღრმად არის ისტორიული კონტექსტიც განხილული, თან მოყვანილია ჟურნალებიდან ან არქივებიდან ფაქტები, ციტატები, არა მარტო ამ კუთხით, არამედ მთლიანობაში, საზოგადოების დინამიკის, ინდუსტრიის განვითარების კუთხითაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG