Accessibility links

სპეციალისტები ახალ ვაქცინას ცდიან, რომელიც C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული დაავადების პრევენციის საქმეში ძალზე იმედისმომცემად გამოიყურება.

დაავადება, რომელსაც C ჰეპატიტიტის ვირუსით ინფიცირება იწვევს, სპეციალისტების მონაცემებით, დედამიწაზე დაახლოებით 118 მილიონ ადამიანს აწუხებს. დაავადებულთა უმეტესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. C ჰეპატიტიტი თანამედროვე მედიცინაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემად ითვლება, ვინაიდან ქრონიკულ დაავადებას შეუძლია სიკვდილი ღვიძლის კიბოთი, ციროზით ან ღვიძლის უკმარისობით გამოიწვიოს.

ახლახან ცნობა დაავადების მკურნალობის საქმეში მიღწეული უდიდესი წარმატების შესახებ გავრცელდა. საუკეთესო მკურნალობის საშუალებების მიმართ აქამდე რეზისტეტნტული ვირუსის დამარცხება როგორც იქნა, შესაძლებელი გახდა, თუმცა წარმატებული პრეპარატი საკმაოდ ძვირია. სრული კურსი საშუალოდ 80 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, თანხა, რომელიც უმრავლესობისთვის წარმოუდგენლად ძვირია.

C ჰეპატიტიტის პრევენციის საქმეში სრულიად ახალი განვითარებაა: საუბარია ვაქცინაზე, რომელიც ვირუსისგან დაგვიცავს. სპეციალისტების განმარტებით, ეს შიმპანზის გრიპის ვირუსის და ჰეპატიტის ცილის კომბინაციაა. მკვლევარები ამბობენ, რომ ექსპერიმენტული ვაქცინა იმუნური სისტემის ათასობით კრიტიკული მნიშვნელობის მქონე უჯრედის წარმოქმნას ასტიმულირებს, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზმს C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისგან დაიცავს.

ელეონორ ბარნსი დიდ ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერია. მისი თქმით, ახალი პრეპარატი გარდა იმისა, რომ ძალიან ძვირია, მას ვირუსის სხვადასხვა შტამებისგან ორგანიზმის დაცვის უნარიც არ გააჩნია.

„ამის საპირისპიროდ, ვაქცინა, თუკი ის ეფექტური გამოდგა, პაციენტს ერთი, ან ორი ინექციის შემდეგ ინფიცირებისგან მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცავს. ისტორიულად ვაქცინა მართლაც რომ მკურნალობის საუკეთესო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს“ - აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი. მან აღნიშნული განცხადება ჟურნალ Science Translational Medicine -თან ინტერვიუში გააკეთა. სწორედ ამ ჟურნალის ნოემბრის პირველი კვირის გამოშვებაშია მოთხრობილი C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნაზე მუშაობის შესახებ, რომელშიც ელეონორ ბარნსთან ერთად საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში C ჰეპატიტის სხვადასხვა სახეობებს იცნობენ. ელეონორ ბარნსი ამბობს, რომ ექსპერიმენტულმა ვაქცინამ შესაძლოა ადამიანები ვირუსის რამდენიმე შტამისგან დაიცვას. მისი განმარტებით, შიდსის გამომწვევი ვირუსის მსგავსად, C ჰეპატიტის ვირუსიც მუტაციას სწრაფად განიცდის, რაც ვაქცინის შემუშავების პროცესს დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. ამას გარდა, კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ინფიცირების შედეგად დაავადებული პაციენტები ექიმს, როგორც წესი, საკმაოდ გვიან აკითხავენ, როცა დაავადების პროგრესირების შედეგად ისინი თავს უკვე შეუძლოდ გრძნობენ.

„ბევრი პაციენტი პირველად ექიმს მაშინ აკითხავს, როცა დაავადება უკვე გვიანდელ ფაზაშია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ინფიცირების შემდეგ დაავადება საკმაოდ შეუმჩნევლად ვითარდება და პაციენტის შეწუხებას იწყებს მაშინ, როცა ღვიძლი უკვე სერიოზულად დაზიანებულია“ - ამბობს ელეონორ ბარნსი.

რაც შეეხება იმას, თუ განვითარების რა ეტაპზეა ვაქცინა, მან ჯერჯერობით კლინიკური გამოცდის ადრეული ეტაპი გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ C ჰეპატიტის ვაქცინის გამოყენება ადამიანებში უსაფრთხოა. ვაქცინაციის გვერდით მოვლენებს შორის ასახელებენ შაკიკის ტიპის თავის ტკივილს და დაღლილობის შეგრძნებას. ახალი ვაქცინის კლინიკური ცდები ამერიკის ორ ქალაქში, ბალტიმორში და სან ფრანცისკოში მიმდინარეობს. საბოლოო შედეგებს 2016 წლისთვის ელოდებიან.

XS
SM
MD
LG