Accessibility links

logo-print
გუშინ დიდი კანადელი ლიტერატურათმცოდნის, თეორეტიკოსისა და კრიტიკოსის, ნორტროპ ფრაის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ლიტერატურული კრიტიკოსის კვალი თანამედროვე სამყაროში შესაძლოა არც ისე ცხადად ჩანს, მაგრამ მისი მეთოდი, კრიტიკის მისეული, ანუ დეტალური წაკითხვისა და ინტერპრეტირების კულტურა დღეს თითქმის ყველა თეორეტიკოსისთვის ამოსავალია.

მართალია, ფრაიმ თავისი მოღვაწეობა მაშინდელ ამერიკულ აკადემიურ წრეებში გაბატონებული ფორმალისტური სკოლების წინააღმდეგ გალაშქრებით დაიწყო, მათ შორის ახალი კრიტიკის წინააღმდეგაც, მაგრამ, როგორც ჰაროლდ ბლუმმა აღნიშნა ერთგან, დროთა განმავლობაში, როდესაც ყველაფერი ფემინისტურმა კრიტიკამ, სუბ-მარქსიზმმა, სემიოტიკამ, ე.წ. Queer Theory-მ და დეკონსტრუქციამ წალეკა, ფრაი ერთ ბანაკში აღმოჩნდა თავის ოპონენტებთან ერთად. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილმაც სწორედ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამერიკულ მიმართულებაზე - ახალ კრიტიკაზე - დაიწყო საუბარი და შეეცადა განესაზღვრა ფრაის ადგილი ამ კონტექსტში:

"გარკვეული აზრით, ასეც შეიძლება ვთქვათ: ნორტროპ ფრაი ერთდროულად ეკუთვნის და არ ეკუთვნის იმ მიმდინარეობას თუ მიმართულებას, რასაც ახალ კრიტიკას უწოდებენ. იგი XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და საკმაოდ განსხვავებული სტილისა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, მათ შორის პოეტებსაც, აერთიანებდა. მაგალითად, ერთი მხრივ, ტომას ელიოტი, მეორე მხრივ კი, აივორ რიჩარდსი, ჯოზეფ ფრენკი. მათ რიცხვს ნორტროპ ფრაისაც მიაკუთვნებენ, თუმცა ის მაინც განსაკუთრებული ფიგურაა."

განსაკუთრებული ფრაი ბევრი რამის გამოა და ყოველი მისი მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ ამ ნიშნით ხასიათდება. თუნდაც ავიღოთ მისი 1947 წელს გამოცემული პირველი ნაშრომი, "საშიში სიმეტრია", სადაც მან უარი თქვა ბიოგრაფიზმზე და ავტორის - ამ შემთხვევაში უილიამ ბლეიკის - შემოქმედების ინტერპრეტაცია ბიოგრაფიის გარეშე მოგვცა:

"ძალიან ბევრი წიგნი დაწერა ნორტროპ ფრაიმ. იგი გარდაიცვალა 1991 წელს და სიცოცხლის ბოლომდე ძალიან აქტიურად წერდა. ვერ იტყვი, რომ ოპუს მაგნუმის ავტორია, თუმცა, რა თქმა უნდა, "კრიტიკის ანატომიას" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ნაშრომებში. ასევეა "საშიში სიმეტრიაც", რომელიც უილიამ ბლეიკს ეძღვნება. ძალიან მნიშვნელოვანია "დიდი კოდი", ბიბლია ინგლისურენოვანი ლიტერატურისათვის, ბიბლია, როგორც არა უბრალოდ ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ როგორც გარკვეული ტიპის კოდი-კოდექსტი, ერთდროულად. ასევე რომანტიზმზე აქვს რამდენიმე წიგნი, ელიოტზე და სხვ."

რა თქმა უნდა, ფრაის ნაშრომებიდან ყველაზე სახელოვანი და, ამავდროულად, გავლენიანიც, "კრიტიკის ანატომიაა", წიგნი, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და არაერთ გამოცემას გაუძლო. მე ამ წიგნის 2000 წლის პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემა მაქვს, ჰაროლდ ბლუმის წინასიტყვაობით:

"მაგრამ "კრიტიკის ანატომია" გამოირჩევა იმით, რომ ეს არის ლიტერატურის თეორია, რომელიც ხსნის ლიტერატურისა და კულტურის ისტორიას. სტადიოლოგიურია... კერძოდ, მას მიაჩნია, რომ თხუთმეტსაუკუნოვანმა ევროპულმა ლიტერატურამ (და ევროპულ ლიტერატურას ის უწოდებს საკუთრივ ევროპულ ლიტერატურას და განასხვავებს კლასიკური ლიტერატურისაგან, ანუ ბერძნულ-ლათინური ლიტერატურისაგან) ხუთი სტადია გაიარა. პირველ სტადიას ის უწოდებს მითოლოგიურს, მეორეს უწოდებს იმას, რასაც ინგლისურ და ფრანგულენოვან სამყაროში Romance-ს უწოდებენ და რომელიც ჩვენს ენაზე უნდა გადმოვიდეს, ალბათ, როგორც არა იმდენად ეპოსი, რამდენადაც არისტოკრატული, ფეოდალური ეპოსი, მესამე - ის, რასაც არისტოტელე ტრაგედიას, კომედიას, ეპოსს და პაროდიას უწოდებდა, მეოთხე ისაა, რასაც ჩვენ XIX საუკუნის კლასიკურ რომანს ვუწოდებთ, და მეხუთე, ანუ დღევანდელი ლიტერატურა - ირონიული განზომილება. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ მისი ამოსავალი, როცა ამ სტადიებს ალაგებს, არის არისტოტელეს პოეტიკა."

ნორტროპ ფრაის ინტელექტუალური ბიოგრაფია 1930 წელს დაიწყო, როდესაც მან, 18 წლისამ, დენის სიურას "ბლეიკი და თანამედროვე აზროვნება" წაიკითხა, რის შემდეგაც უფრო სერიოზულად დაინტერესდა ბლეიკის პოეზიით. იმავე წელს მოისმინა შექსპირის კურსი ტორონტოს უნივერსიტეტში და ოსვალდ შპენგლერის "ევროპის დაისი" აღმოაჩინა, რომელიც, ჯეიმს ფრეზერის "ოქროს რტოსთან" და კიდევ რამდენიმე სხვა წიგნთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერის სამაგიდო წიგნად იქცა. 1936-37 წლებში ფრაი ინგლისშია, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ესწრება კლაივ სტეპლს ლუისის ლექციებს. 1942 წელს თავის პირველ კვლევებს აქვეყნებს, სტატიებს "მუსიკა პოეზიაში" და "ანატომია პროზაში". 1957 წელს, მისი "კრიტიკის ანატომიის" გამოქვეყნების შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტში იწყებს ლექციების კითხვას, როგორც მოწვეული ლექტორი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნორტროპ ფრაისთვის 60-იანი წლებიც - ამ პერიოდში მან ყველაზე მეტი ნაშრომი გამოსცა, მათ შორის, "კარგად ტემპერირებული კრიტიკა", „კვლევები შექსპირის კომედიების და ტრაგედიების შესახებ, "განათლებული წარმოსახვა", კვლევები მილტონის შემოქმედებაზე, ინგლისურ რომანტიზმზე, ტომას სტერნზ ელიოტზე და სხვ.

1982 წელს მან "დიადი კოდი" გამოსცა, 1990-ში კი - "ძალაუფლების მქონე სიტყვები" - კვლევები, სადაც ბიბლია მოჩანს, როგორც დასავლური ლიტერატურის ქვაკუთხედი. 1991 წლისთვის, როდესაც იგი გარდაიცვალა, ფრაი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ციტირებული მოაზროვნე იყო სამეცნიერო წრეებში.

ნორტროპ ფრაის ლომის ფაფარივით ქერა, ტალღოვანი თმები ჰქონდა და ბევრი მას ანგელოზის შარავანდედს ადარებდა ხოლმე, ზოგი, რა თქმა უნდა, ირონიულადაც. დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა. როგორც თანამედროვეები ამბობენ, ქედმაღალიც იყო, ხოლო სტუდენტები "ღმერთს" უწოდებდნენ. თავად მაინცდამაინც არ იზიდავდა ეს შედარებები. მას სურდა უფრო მეტად ლიტერატურული კრიტიკის აინშტაინის სახელი ჰქონოდა, ვიდრე ღმერთის.

მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მისი დღიურები გამოვიდა, სადაც იგი სულ სხვა კუთხით დაინახეს მკითხველებმა და თაყვანისმცემლებმა. ერთი ჟურნალისტი ცნობილი ბრიტანელი კრიტიკოსის, ტერი იგლტონის საკმაოდ მკაცრ შეფასებებს იმოწმებდა ფრაის შესახებ. როგორც შემდეგ გაირკვა, ფრაის თავის დღიურებში "კრეტინი მარქსისტი" უწოდებია იგლტონისთვის.

ბოლოს გეტყვით, რომ გუშინწინ, 13 ივლისს, კანადაში, ნიუ ბრუნსვიკის პროვინციაში, მონკტონის საჯარო ბიბლიოთეკამ მეცნიერის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით ფესტივალს უმასპინძლა. ბარბექიუს, ნამცხვრებისა და სასმელის გარდა, ფესტივალზე ნორტროპ ფრაის პატარა, მოოქროვილი ფიგურებიც დაარიგეს, რომელსაც ორგანიზატორებმა სიყვარულით "ნორი" უწოდეს.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG