Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიბრიდული ომის ეკონომიკური კონტექსტი - საქართველო და რუსეთი


ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი
ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი

რა არის ჰიბრიდული ომი და როგორ გამოიყენება ამ ომის დროს ეკონომიკური ბერკეტები - ამ თემას ეძღვნებოდა გუშინ თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გამართული დისკუსია. გუშინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტრატეგიული მაგისტრალების გეოგრაფიულ ვექტორებსა და იმ საფრთხეებზე, რომელთაც ვექტორების შესაძლო ცვლილებები ქმნის ხოლმე. დღეს ამ საფრთხეების კიდევ უფრო გასაგებ და ნაცნობ მხარეზე შევჩერდებით:

დღეს ჰიბრიდული ომის თეორიაზე საუბრის დროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთის მთავრობა ბოლო დროს უპირატესობას სულ უფრო აქტიურად ანიჭებს არასამხედრო საშუალებებს თავისი სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად, რაც სამიზნე სახელმწიფოს საფუძვლის შერყევას გულისხმობს. ასეთ ბერკეტებს შორისაა სახელმწიფოს ეკონომიკური დამოკიდებულების მოპოვების მცდელობა.

პასუხს იმაზე, თუ რამდენად მზად აღმოჩნდა საქართველო ჰიბრიდული ომის ამ მექანიზმთან დასაპირისპირებლად, კვლევაში მოყვანილი რამდენიმე ციფრი იძლევა:

რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური კავშირები ყველაზე ძლიერი ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების არხების მეშვეობითაა. 2014 წელს რუსეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო და მისი წილი მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 7.4 %-ს შეადგენდა. ქართული პროდუქციისთვის რუსეთი სიდიდით მესამე საექსპორტო ბაზარი იყო, სადაც 274.5 მილიონი აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტირება მოხდა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.6 %-ა. რუსეთი ასევე იყო საქართველოში სიდიდით მეოთხე იმპორტიორი ქვეყანა, რომელმაც 575.4 მილიონი აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 6.7 %-ს შეადგენს.

საქართველოსთვის რუსეთი ფულადი გზავნილების უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა - ამ არხით 2000 წლიდან შემოსულმა კაპიტალმა 5.936 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები ასევე ის მთავარი არხია, რომლის გავლითაც რუსეთის შოკები საქართველოს და კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს გადმოეცემა. 2014 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 709.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გზავნილების ნახევარია. 2015 წელს საქართველოში შემოსული მთლიანი ფულადი გზავნილების მკვეთრი კლება აღინიშნა, განსაკუთრებით იმ გზავნილების, რომლებიც რუსეთიდან შემოდიოდა. რუსეთიდან გადმორიცხვები 41 %-ით შემცირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 322 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ეს რუსული რუბლის გაუფასურებისა და, ასევე, ეკონომიკური კრიზისის გამო, სამუშაო ადგილების დაკარგვის შედეგია.

მიუხედავად რუსეთის ეკონომიკური პრობლემებისა, რამაც 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების მაჩვენებელი შეასუსტა, 2016 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი 10,3 პროცენტია, აქედან ექსპორტში 8 და იმპორტში 11 პროცენტი. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2016 წლის იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ, რუსეთი პირველ ადგილზეა, საერთო მოცულობიდან 34,3 პროცენტით, თუმცა ეს მაჩვენებელი შარშანდელ 47,5 პროცენტს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

აღნიშნული სტატისტიკის გაანალიზების დროს ექსპერტები ასკვნიან, რომ სავაჭრო კავშირების მეშვეობით საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება უგულებელყოფილი არ უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებას ამ ბერკეტის ორგვარად გამოყენება შეუძლია - კიდევ ერთი ემბარგოს დაწესებით ან სავაჭრო პირობების გაუარესებით, რასაც ევრაზიული საბაჟო კავშირის ჩარჩოში ახალი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებით განახორციელებს. სანამ საქართველოს ამჟამინდელი ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია ეკავება რუსეთსა და დასავლეთს შორის, ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესება არ არის მოსალოდნელი, მაგრამ რუსეთის ეკონომიკური ზრდის შენელება თუ გაგრძელდა მასზე დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის შედეგად, ეს ბუნებრივად გამოიწვევს რუსეთში ექსპორტის შემცირებას. რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი არასახარბიელოა: ეკონომიკური დაღმასვლა გრძელდება, ხოლო ეკონომიკა (მშპ) 2015 წელს 3,8 %-ით შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG