Accessibility links

ჰილარი კლინტონს აშშ-ის პრეზიდენტობა სურს


ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ასევე ყოფილი პირველი ლედი თავის ამ გეგმაზე იუწყება მოკლე ვიდეოგანცხადებაში, რომელიც 12 აპრილს ინტერნეტით გავრცელდა. მას შემდეგ ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ვიდეო მილიონზე მეტჯერ ჰქონდათ ნანახი მარტო ინტერნეტპორტალ „იუთიუბზე“, ხოლო „ფეისბუკზე“ ის პირველივე დღეს მოიწონა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს გამოხმაურება ამყარებს ვარაუდს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

დაახლოებით ორწუთიან ვიდეოფილმში ჰილარი კლინტონი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რიგითი ამერიკელების ინტერესებს დაიცავს. ვიდეო იწყება სწორედ რიგითი ამერიკელების ჩვენებით - ისინი თავიანთ გეგმებზე ლაპარაკობენ. ზოგი ამბობს, რომ შვილის საბავშვო ბაღში გასაგზავნად ემზადება, ზოგი - მაღაზიის გასახსნელად, ზოგიც - ქორწილისთვის. შემდეგ კი კადრში ჩნდება ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პირველი ლედი, და მისი ხმა ისმის:

„მეც ვემზადები რაღაცისთვის: კენჭს ვიყრი პრეზიდენტად. ამერიკელებმა თავი დააღწიეს მძიმე ეკონომიკურ პერიოდს, მაგრამ ვითარება ჯერ კიდევ ისეთია, რომ პრივილეგირებულებს ანიჭებს უპირატესობას. რიგით ამერიკელებს ინტერესების დამცველი სჭირდებათ და მე მინდა ვიყო ინტერესების ეს დამცველი. ასე რომ, შეგიძლია იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე დინებას მიჰყვე - შეგიძლია წინ წახვიდე და მოწინავეთა შორის დარჩე, რადგან, როცა ოჯახები არიან ძლიერი, ამერიკაც ძლიერია. ამიტომ ვიწყებ ამ გზას თქვენი ხმების მოსაპოვებლად, რადგან ჯერი თქვენზეა. და იმედი მაქვს, რომ ამ გზაზე შემომიერთდებით“, - ამ შეტყობინებით და მოწოდებით მიმართავს ამერიკელებს ჰილარი კლინტონი. ის უკვე მეორედ ერთვება შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისათვის ბრძოლაში. 2008 წელს, დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნების შედეგად, ის ბარაკ ობამასთან კონკურენციაში დამარცხდა.

ამჯერად ვარაუდობენ, რომ კლინტონს არ გაუჭირდება თანაპარტიელი კონკურენტების ჩამოცილება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მასზე გაცილებით უფრო ნაკლებად ცნობილ დემოკრატებს აქვთ გამოთქმული საკუთარი კანდიდატურის წამოყენების სურვილი. სამაგიეროდ, ძლიერი კონკურენციაა მოსალოდნელი პოლიტიკური მეტოქეების მხრიდან:რესპუბლიკელებიდან უკვე 20-ზე მეტმა გამოთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირების სურვილი. მათ შორის არის ფლორიდის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, აშშ-ისყოფილი პრეზიდენტების შვილი და ძმა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ჰილარი კლინტონის მრჩევლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქცენტები გაკეთდება ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემაზე და იმ გარემოებაზე, რომ ჰილარი კლინტონი ისტორიული გამარჯვებისათვის იბრძვის: იმისათვის, რომ შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ქალი გახდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG