Accessibility links

logo-print

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და დემოკრატია


ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

5 ივნისს ბათუმში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ორ მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა ამერიკაში გამგზავრების შესაძლებლობაზე. ზოგადად კი, ჰილარი კლინტონის ბათუმურ შეხვედრებსა და გამოსვლებს ლაიტმოტივად გასდევდა უმთავრესი საკითხი, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

როგორც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე შეერთებულ შტატებს უკვე დაგეგმილი აქვს ახალი, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა:

„შეერთებული შტატები უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვითი ძალების წვრთნასა და მხარდაჭერას, რათა უკეთ განახორციელოთ თქვენი სანაპიროებისა და ცის მონიტორინგი. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს მრავალფუნქციური ვერტმფრენების გაუმჯობესებაში, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ მარაგის და ხალხის ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით. ჩვენ ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ საქართველოს და გავწვრთნათ მათი ოფიცრები 21–ე საუკუნის შესაბამისად, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ. ყველა ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველო იქნება უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი - საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობით.“

როგორც ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ, რომელიც წარმატებით მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატოსთან დაახლოების გზაზე და შეერთებული შტატები კვლავაც დაუჭერს მხარს თავისი სტრატეგიული პარტნიორის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ...

ამ კუთხით გამოვლენილი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ უფრო თვალნათელი გახდა ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში, ჰილარი კლინტონს 5 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გულითადი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა ასევე, რომ საქართველო შეერთებული შტატების დიდად მადლიერია ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო.

სახელმწიფო მდივანმა 5 ივნისსაც არაერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ხოლო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ”ოკუპირებული” 5 ივნისს, დილით, აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესიის გახსნისას. აქვეა კიდევ ერთი ნაცნობი მოწოდება მოსკოვის მისამართით:

„ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ასევე გულისხმობს სამხედრო ძალების გაყვანას კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ ხელმისაწვდომობას.“

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით სახელმწიფო მდივანმა 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაახმაურა. მისი თქმით, ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, რომ შეერთებულ შტატებში ”სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების” გამოყენებით ჩავიდნენ. უნდა ითქვას, რომ თბილისის მიერ ცხინვალისა და სოხუმისთვის შეთავაზებული ამ დოკუმენტების ვაშინგტონის მიერ აღიარება პრეზიდენტმა სააკაშვილმა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ ქვაკუთხედად სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას განიხილავს და შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი 5 ივნისს ბათუმში გამართული შეხვედრებისა თუ გამოსვლების უმთავრეს აქცენტს წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ჰილარი კლინტონი მომავალი არჩევნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ”მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი კამპანია, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი - როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ასევე მანამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში”, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სესიის გახსნისას და იქვე დასძინა, რომ მხოლოდ წარმატებული არჩევნები არ არის საკმარისი და რომ საქართველოს მომავალში „უფრო რთული და უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო” უწევს ”დემოკრატიის შენარჩუნების” სახით. სახელმწიფო მდივნის განმარტებით, არჩევნების შემდეგ საქართველოში უნდა გაძლიერდეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძვლები, როგორიც არის ”შრომითი უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა და ხელმისაწვდომობა“.

წარმატებული არჩევნების აუცილებლობას სახელმწიფო მდივანმა 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეც გაუსვა ხაზი და ისევ ახსენა საქართველოში კამათის საგნად ქცეული საკითხი - ძალაუფლების ”გადაცემის” თაობაზე:

”ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შემდეგ დაასრულებს ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემას 2013 წელს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პარტიამ და ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს. და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მივესალმოთ მჭიდრო ურთიერთობებს მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს.”
მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს არჩევანის თავისუფლება და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი ...

მომავალი არჩევნების ხარისხზე 5 ივნისს გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის ფარგლებში ყურადღება პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გაამახვილა. მან თქვა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების გამომხატველი იქნება და რომ საქართველო მიესალმება შეერთებული შტატების ინიციატივას გრძელვადიანი მეთვალყურეების მოვლინების თაობაზე. ამავე პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას ”როიტერის” კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - გამოირიცხება თუ არა სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის რანგში ხილვის შესაძლებლობა. ამ შეკითხვაზე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არა კონკრეტულ პირებზე, არამედ ინსტიტუციების გაძლიერებაზეა გათვლილი.

მომავალ არჩევნებსა და დემოკრატიაზე ბათუმში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც ისაუბრა. როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ჰილარი კლინტონი კარგად ფლობდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ამაზე მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემებიც მეტყველებს:

”ეს არის მედიის არათავისუფლება, სასამართლოში არსებული პრობლემები, ის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრობლემები ექმნებათ, არის მათი დევნის ფაქტები და ამის თაობაზე საქმის კურსშია საელჩოც და შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც... და მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს არჩევანის თავისუფლება და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ეს მიღწეული იქნება გრძელვადიანი დამკვირვებლების მოვლინებით და ყველა იმ სტრუქტურის კიდევ უფრო სერიოზული მუშაობით, რომელიც დღეს საქართველოშია.”

ჰილარი კლინტონის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან

ჰილარი კლინტონის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან

წინასაარჩევნო გარემო ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე განხილულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას რომ წარმოადგენდა, ამას ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ამერიკულ მხარეს კონკრეტული შეკითხვებიც ჰქონდა:

”კითხვები ჰქონდათ მრავალპარტიულ სისტემასთან დაკავშირებით, ჰქონდათ კითხვები ”ოცნებასთან”, თუ რატომ არ სარგებლობს ბატონი ივანიშვილი იმ უფლებით, რაც მას (საკონსტიტუციო ცვლილებებით) მიენიჭა, რა არგუმენტები არსებობს ამ საკითხზე და ასე შემდეგ... საკმაოდ ისეთი აქტიური ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი იყო.”

დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის გარდა, ჰილარი კლინტონთან შეხვედრაში კიდევ 3 პოლიტიკური პარტიის - „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“, ”ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” და ”თავისუფალი დემოკრატების” - ლიდერები მონაწილეობდნენ,

დემოკრატია ამ შეხვედრაზე განხილული იყო როგორც ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ქვეყნის უსაფრთხოებისა, რაც ასევე წარმოადგენდა განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ვითარებას.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან 4 ივნისს ჩამოვიდა, ხოლო 6 ივნისს მას აზერბაიჯანში ელოდებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG