Accessibility links

logo-print

საბჭოთა „გოლოდომორი“ უკრაინაში დავიწყებას არ ეძლევა


გოლოდომორის მსხვერლთა საპატივცემულო აქცია უკრაინის ქალაქ ჩერკასიში.

გოლოდომორის მსხვერლთა საპატივცემულო აქცია უკრაინის ქალაქ ჩერკასიში.

23 ნოემბერს უკრაინაში საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორის - შიმშილობის, ანუ „გოლოდომორის“, მე-80 წლისთავს აღნიშნავენ. თუმცა შიმშილობის, როგორც უკრაინელი ხალხის მიზანმიმართული გენოციდის, მიმართ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

91 წლის პავლო როჟკო დღესაც დიდი ხალისით უკრავს უკრაინულ ბანდურაზე და მღერის საგუნდო სიმღერებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პისკის გუნდში. სწორედ ამ ქალაქში განვლო მისმა ცხოვრებამ, რომელიც საბჭოთა კოლექტივიზაციამდე სიხარულით იყო აღსავსე.

პავლო როჟკოს მშობლები შეძლებულად ცხოვრობდნენ, ოჯახს ჰყავდა რამდენიმე სული ძროხა და ცხვარი, ჰქონდა საკუთარი ფერმა და მიწის ნაკვეთი, მაგრამ იოსებ სტალინის ბრძანებით 1932-33 წლებში დაწყებულმა კოლექტივიზაციის პროცესმა მათი ოჯახიც სარჩო-საბადებლის გარეშე დატოვა, ხოლო უკრაინაში დაიწყო მასობრივი შიმშილობა, რასაც, საბოლოო ჯამში, 10 მილიონამდე უკრაინელისა და კაზაკის შიმშილით სიკვდილი მოჰყვა.

იმ პერიოდის ტრაგედიის თვითმხილველი უკრაინაში თითებზე ჩამოსათვლელია. ერთ-ერთი მარია სმაკია. იგი შეძლებულ კაზაკურ ოჯახში გაიზარდა და კარგად ახსოვს, თუ როგორ შემოვიდა მათ სოფელში სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებმა ძალით წაართვეს გლეხებს პირუტყვი, ბოსტნეულის მოსავალი და მთელი სარჩო-საბადებელი, სათესლე ხორბლის ჩათვლით:

„ვჭამდით ბალახსა და დაფქულ თივას, ვხარშავდით ამ ყველაფერს და დედა ამისგან აცხობდა ღვეზელებს, რომელსაც ჩვენ მატორჟენიკებს ვეძახდით. ხორბალი არსად იშოვებოდა. ვახმობდით ფოთლებსა და ბალახებს და მას ვფქვავდით და დედა ამისაგან მატორჟენიკებს გვიმზადებდა“.

მიკოლა მიკოლაენკო, 93 წლის დნეპროპეტროვსკელი პოეტი და დრამატურგი, ხშირად წერს „გოლოდომორზე“. იგი იხსენებს, როგორ იპარავდა სოფელ მარიავინკაში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის დირექციის სასადილოდან თევზის თავებს და მიჰქონდა დედასთან, რომელიც ამ თევზისგან ასევე მალულად უმზადებდა სუფს და თანაც ყოველთვის აფრთხილებდა, რომ არავის დაენახა, რადგან სოფელში შიმშილობის გამო კანიბალიზმსაც ჰქონდა ადგილი:

“ეს ჯერ კიდევ 1933 წლამდე დაიწყო. ერთ დღეს ვიღაცა მივიდოდა მეზობელთან მარილის სათხოვნელად და მეორე დღეს უკვე დაიწყებოდა ლაპარაკი, ამ ოჯახში, ვინც მარილი ითხოვა, ალბათ, ვიღაცა შეჭამეს, ოჯახის წევრებმა მოკლეს ყველაზე უმცროსი შვილი, რომ უფროსებისათვის ეჭმიათო“.

შიმშილობის ტერორს გადარჩენილი უკრაინელებისათვის მწარე ირონიაა ის, რომ საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის ყველაზე მთავარ დასაყრდენად იქცა აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა, რომელმაც „გოლოდომორის“ მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა. აღმოსავლეთ უკრაინაში გაიზარდა უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც 2010 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან ძალიან მალე, გააუქმა წინა ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილება, რომელშიც 1930-იან წლებში განხორციელებული კოლექტივიზაცია და შიმშილობა საბჭოთა რეჟიმის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ გენოციდად იყო შეფასებული.

იანუკოვიჩმა განაცხადა, შიმშილობა იყო ტრაგედია, რომელიც უკრაინელების გარდა სხვა საბჭოთა ხალხებსაც შეეხო და ამიტომ არ შეიძლება იგი გენოციდად ჩაითვალოსო.
XS
SM
MD
LG