Accessibility links

ვაშინგტონში უკრაინის ჰოლოდომორის მონუმენტი აღმართეს


ჰოლოდომორის მონუმენტი

ჰოლოდომორის მონუმენტი

4 აგვისტოს ვაშინგტონის დაუნთაუნში სატვირთო მანქანამ ჰოლოდომორის მემორიალი - ბრინჯაოს ნაჭერი - მიიტანა, რომელიც ქვის კვარცხლბეკზე დგას და ზედ თავთავია გამოსახული. მონუმენტის გახსნას ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი აშშ-ში ვალერი ჩალი და ქანდაკების უკრაინელი ამერიკელი ავტორი ლარისა კირალისი. იქ იყო ასევე ტამარა ოლექსი, ამერიკის უკრაინელთა კონგრესის კომიტეტის პრეზიდენტი, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი შრომა გასწია, რათა მემორიალი ვაშინგტონში აღმართულიყო. რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ეს ქანდაკება დაეხმარება უკრაინელებს მსოფლიომ უკეთ გაიცნოს ამ ქვეყნის ისტორიაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია:

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო და აშშ-ის უფრო ფართო საზოგადოება გააცნობიერებს იმის მნიშვნელობას, რაც უკრაინაში მოხდა 1932 და 1933 წლებში, როდესაც შვიდიდან ათ მილიონამდე უკრაინელი - კაცები, ქალები და ბავშვები - სტალინის ბრძანებით, შიმშილით მოკლეს. ჩვენ გვინდა, რომ მათ საკადრისი პატივი მიეგოთ და ასევე ეს ღიად აღვნიშნოთ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“.

მემორიალს „ხორბლის მინდორი“ ჰქვია და ის ოფიციალურად 7 ნოემბერს გაიხსნება. მასზე მუშაობა ახალი ძალით 2006 წლიდან განახლდა, როდესაც აშშ-ის კონგრესმა, კიევთან თანამშრომლობით, მისი პროექტი მოიწონა. ამ დროს უკრაინაში, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, სათავეში მოსული იყო პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩახშობილი უკრაინული პატრიოტიზმის აღზევებას ცდილობდა.

ამავე მიზნით უნდოდათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაეცნოთ ჰოლოდომორი, რაც უკრაინულად შიმშილით სიკვდილს ნიშნავს. იუშჩენკოს ხელმძღვანელობით, ჰოლოდომორის მემორიალი და მუზეუმი 2009 წელს გაიხსნა კიევში. მალევე უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი ვაშინგტონში დასადგამი მემორიალის სკულპტურის შესარჩევად. ორი წლის შემდეგ აშშ-ის ხელოვნების კომისიამ კირილასის „ხორბლის მინდორი“ გამოაცხადა გამარჯვებულად.

ეს ისე, მოკლედ. სინამდვილეში კი, როგორც ტამარა ოლექსი შენიშნავს, ამ მონუმენტის აღმართვას ათეულობით წელი და უამრავი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა.

მოქანდაკე ლარისა კირილასიც ამბობს, რომ ეს პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც კი მას გაუკეთებია. ის იხსენებს, რომ სპეციალურად გაემგზავრა კანადაში, თავისი მეგობრის ფერმაზე, რათა ახლოდან დაჰკვირვებოდა ხორბალს. საბოლოოდ, მან ეს ხორბალი 10-მეტრიან სკულპტურაში ასახა, სადაც თავთავების რიგია გამოსახული. პირველი რიგი მკვეთრად ჩანს, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება, ისე როგორც ნელ-ნელა გაქრა ხორბალი უკრაინაში 30-იან წლებში. „ჩემთვის ეს პროექტი დიდი სულიერების მატარებელი იყოო“, - ამბობს კირილასი.

როდესაც კირილასის პროექტი შეარჩიეს, 2011 წელს, უკრაინაში სათავეში მოვიდა ვიქტორ იანუკოვიჩი. მან, იმისათვის რომ კრემლისთვის ესიამოვნებინა, ჰოლოდომორთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა და თქვა, არასწორია და უსამართლოა ამ მოვლენებს გენოციდი ვუწოდოთო. ამას დაემატა ფინანსური პრობლემები, შემდეგ - ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებული მოვლენები. ტამარა ოლექსი იხსენებს, რომ ყველაფერი ეს მემორიალის აგებას ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ უკან არავის დაუხევია. უკრაინის ისტორიის მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობას ხომ უკრაინელების არაერთი თაობის ძალისხმევა დასჭირდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG