Accessibility links

​​„გვახსოვდეს ჰოლოკოსტი, ვასწავლოთ ჰოლოკოსტი, შევისწავლოთ ჰოლოკოსტი“


საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი

საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი

27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე აღინიშნა საქართველოშიც. ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური წრეებისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები ესწრებოდნენ, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდ "ლეას" ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შთამომავლებმაც.

ენტა 78 წლისაა. ჩანთიდან იღებს სიძველისგან გაყვითლებულ, ოთხად გაკეცილ რვეულის ფურცელს, რომელზეც ბავშვობის მოგონებები დაუწერია. გაყვითლებული ფურცელი მის მოგონებებს უფრო მეტ დრამატიზმს სძენს. ამბავი ძველია, მაგრამ სიძველეს 70 წლის წინანდელი ტკივილი არ გაუნელებია. ენტა ებრაელია. უკრაინაში დაიბადა. ოთხი წლის იყო, 1942 წელს მის ქალაქში, ჩერკასში, გერმანელები რომ შევიდნენ. დედამ შვილებთან, ენტასა და ფეიგასთან ერთად ვაგზლამდე მისვლა და გაქცევა მოასწრო. ენტას თითქმის არაფერი ახსოვს იმ წლებიდან, თუმცა დედა მას ჰოლოკოსტის შესახებ ბევრს უყვებოდა. ენტას და მის პატარა დას, ფეიგას, დედასთან ერთად გაუმართლა. ისინი არ აღმოჩნდნენ იმ ექვს მილიონ ებრაელს შორის, რომლებიც 1933-1945 წლებში ჰიტლერის ნაცისტურმა რეჟიმმა, როგორც ე.წ. დაბალი რასა, ბოშებთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის გარეთ გაანადგურა:

ენტა ციმბალი

ენტა ციმბალი

„გერმანელების სიმხეცეს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი შედიოდნენ ებრაელთა სახლებში, ძალით გამოჰყავდათ კაცები და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხეებზე კიდებდნენ. ცალი ფეხით ერთ ხეზე ჰყავდათ ჩამოკიდებული, მეორე ფეხით - მეორეზე და ასე, ცოცხლად, შუაზე ჩეხდნენ. ამის გახსენება ძალიან ძნელია. ბევრი ებრაული ოჯახი განადგურდა. ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ეს წლები. ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს უნდა ვუამბოთ, რაც გადავიტანეთ“, - ამბობს ენტა.

27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მას შემდეგ აღნიშნავს, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წელს რეზოლუცია მიიღო. სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა პოლონეთში „სიკვდილის ბანაკად“ წოდებული საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი. ჰოლოკოსტის მსხვერპლნი გაიხსენეს 27 იანვარს საქართველოშიც. ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდ „ლეას“ ორგანიზებით ჩატარდა, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები დაესწრნენ. საქართველოში ისრაელის ელჩის იუვალ ფუქსისთვის ეს დღე განსაკუთრებით მტკივნეულია. მისი მამის ოჯახი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ამოხოცეს:

იუვალ ფუქსი

იუვალ ფუქსი

„ჩემი ძმისშვილი, რომელსაც 19 წელი შეუსრულდა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს ეწვია ცოტა ხნის წინ და იქ იპოვა იმ ოჯახის წევრთა სახელები და გვარები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკს ვერ გადაურჩნენ. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ყოველ წელს სულ უფრო ცოტა ადამიანი რჩება, რომლებმაც ოსვენციმის ბანაკს ცოცხლად დააღწიეს თავი და შეუძლიათ თავიანთი ამბების მოყოლა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადმოვცეთ ეს ამბები, გვახსოვდეს ჰოლოკოსტი, ვასწავლოთ ჰოლოკოსტი და შევისწავლოთ ჰოლოკოსტი“, - ამბობს ისრაელის ელჩი საქართველოში.

რაბინი მეირ კოზლოვსკი ოსვენციმის ბანაკში გამომწყვდეული ბებია-პაპის შვილიშვილია. მას კარგად ახსოვს ბებიის ხელზე სვირინგი - რიცხვი, რომლითაც საკონცენტრაციო ბანაკში მყოფთ ნომრავდნენ:

„მახსენდება, რომ ბებია, მაშინაც კი, როცა ჭურჭელს რეცხავდა, გრძელსახელოებიან პერანგს იცვამდა, რომ ხელზე ამოსვირინგებული ნომერი არ დაგვენახა, რომელიც მას ოსვენციმში გატარებულმა სამმა წელმა დაუტოვა. ბებიაჩემმა და პაპაჩემმა არ იცოდნენ როგორ ეტირათ. ისინი არასდროს ტიროდნენ, რადგან მათ ამის უნარი კონცლაგერში დაკარგეს“, - იხსენებს რაბინი ბებია-პაპას.

ის არაადამიანური ქმედებები, რომლებსაც 70 წლის წინ ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ, დღეს ისევ პრობლემაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე მსოფლიომ სათანადოდ აღნიშნოს, ასე ამბობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი სიტყვებით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა არდავიწყება გულისხმობს იმას, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი დანაშაულებები:

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

„შეუწყნარებლობა, ტერორიზმი, ძალადობა, დისკრიმინაცია, სამწუხაროდ, დღესაც ჩვეულებრივი მოვლენაა და კვლავ ხშირია მსგავსი ტენდენციები. დღესაც მსოფლიოს არაერთ კუთხეში მიმდინარეობს ომი, ადამიანები იხოცებიან და სწორედ შეუწყნარებლობაა საფუძველი ასეთი დანაშაულის“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

„სრულიად დაწვას“ ანუ „ჰოლოკოსტს“ უწოდებენ 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებულ გენოციდს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და 1946 წელს მთავარი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდე ჩატარებული ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, როდესაც ჰოლოკოსტს კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ეწოდა. ჰოლოკოსტის შედეგად, ევროპის ებრაულის მოსახლეობის 60 %, ხოლო მსოფლიო ებრაული მოსახლეობის მესამედი განადგურდა. ასევე განადგრუდა 3 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე, 9 ათასამდე ჰომოსექსუალი, რამდენიმე ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

XS
SM
MD
LG