Accessibility links

22 ნოემბერს, ბრიტანული ორგანიზაცია ”ევრიჩაილდის” ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ”მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების განვითარება - მიღწევები და გამოწვევები”, სადაც ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. მცირე ტიპის ბავშვთა სახლები საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს - სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ბავშვთა დიდი ინსტიტუციების მცირე ტიპის სახლებით ჩანაცვლება. გაამართლა თუ არა ამ რეფორმამ და როგორ განაგრძობენ ცხოვრებას მზრუნველობამოკლებული მოზარდები?

52 წლის ციცინო იაშვილი 10 თვეა ზესტაფონის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დედობილად მუშაობს. მისი მეუღლე დავით კაკოიშვილი კი საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები რვა ბავშვის მამობილია. ”დედას და მამას ვერ შევუცვლით ამ ბავშვებს, მაგრამ ვცდილობთ ის სითბო და სიყვარული ვანახვოთ, რომელიც მათ ბიოლოგიურ ოჯახებში დააკლდათ”, - მეუბნება ციცინო. ყველაზე დიდ მიღწევად კი ის იმ ნდობას მიიჩნევს, რომელიც მან ბავშვებში მოიპოვა:

“მაგალითად, გვიბარებენ სკოლაში და მასწავლებელმა რაღაც საყვედური უნდა გვითხრას. ჩვენ ამის შესახებ უკვე ვიცით, რადგან ბავშვები ისე გვენდობიან, რომ თუკი რამე ისე არ არის, თავადვე გვეუბნებიან. ისეთი სიყვარულით დაკრეფენ მინდორში ყვავილებს და მოგიტანენ, გაოცდები. ან წავლენ, გადაძვრებიან ღობეზე და ხილს მოიპარავენ და მერე ისეთი გულწრფელი გრძნობით მოგართმევენ, სურვილი გეკარგება, რომ ხილის ჩუმად დაკრეფა აუკრძალო. ან, მაგალითად, ათიანი მიიღეს სკოლაში, გამწარებულები მორბიან სკოლიდან, რომ მოგახარონ. თან ამბობენ ხოლმე, ისე გაიწელა გზა სკოლიდან სახლამდე, რომ ძლივს მოვედითო. ერთი სული აქვთ, გახარონ ათიანის ამბავი”, - ამბობს ციცინო.

საუბარში ციცინოს ქმარი, ბავშვების მამობილი დავითი, ერთვება.
”ჩვენ ვერ ვაიძულებთ ერთი თვის მოსულ ბავშვს, როგორც ნამდვილი მშობლები, ისე შეგვიყვარონ, მაგრამ იმდენს კი ვახერხებთ, რომ სითბოზე სითბოთი და პატივისცემით გვიპასუხონ”, - ამბობს ის და ერთ მაგალითს იხსენებს: ”იმ დღეს მამამ წაიყვანა ბავშვი ხუთი დღით სახლში, მაგრამ სამ დღეში უკან დაბრუნდა. რატომ მოხვედი-მეთქი, ვკითხე, მომენატრეთო, მიპასუხა”, - ამბობს დავითი.

პირველი, რვა ბავშვზე გათვლილი, მცირე ტიპის საოჯახო ბავშვთა სახლი საქართველოში 2005 წელს გაიხსნა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალა და მან გეზი მიუსაფარ ბავშვთა ინსტიტუციების ლიკვიდაციისკენ აიღო. 2011 წლიდან კი, ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, ბავშვთა დიდი ინსტიტუციები სულ უფრო და უფრო შემცირდა და ისინი საოჯახო ტიპის სახლებმა ჩაანაცვლა. იქ მოზარდები, ძირითადად, სწორედ დიდი ინსტიტუციებიდან ხვდებიან და 18 წლის ასაკამდე რჩებიან. სახლებში დედობილ-მამობილები მუშაობენ და ისინი მაქსიმუმ 8-10 ბავშვის აღზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ბავშვები ასევე იმყოფებიან სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ. თვეში სამი დღის განმავლობაში კი, თუკი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს აქვს ამის სურვილი, ის სახლში მიჰყავთ. დღესდღეობით საქართველოში 42 დიდი ინსტიტუციიდან მხოლოდ 5 ბავშვთა სახლია დარჩენილი. ბრიტანული ორგანიზაცია ”ევრიჩაილდ საქართველოს” დირექტორი ანდრო დადიანი ამბობს, რომ 2013 წლისთვის ამ ინსტიტუციებსაც მცირე ტიპის საოჯახო სახლები ჩაანაცვლებს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე თითოეულ ბავშვზე დღეში 15 ლარს გამოყოფს, თუმცა, ანდრო დადიანის თქმით, პირველი იანვრიდან დაფინანსება 3 ლარით იზრდება:

”თუ გინდა უკეთესი მისცე, ანუ დასასვენებლად წაიყვანო, წრეებზე ატარო, ერთი-ორი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჰქონდეთ, ეს, რა თქმა უნდა, მეტ დაფინანსებას საჭიროებს. ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ რეალურად თითოეულ ბავშვზე იხარჯება 21 ლარი და 30 თეთრი. ამ კვლევის საფუძველზე, მერე უკვე დავიწყეთ საუბარი ჯანდაცვის სამინისტროსთან და გაითვალისწინეს რაღაცები”.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ანდრო დადიანი ყურადღებას ამახვილებს, ეს არის დედობილ-მამობილის დაბალი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საკმაოდ ჭირს კვალიფიციური კადრის მოძიება. გეტყვით, რომ დღესდღეობით დედობილ-მამობილის ხელფასი თვეში 330 ლარს შეადგენს.

თუმცა მთავარი საზრუნავი, რომელიც დღეს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან გამოსულ მოზარდებს აწუხებთ, ეს არის მათი სამომავლო პერსპექტივა. სად მიდიან ისინი 18 წლის შემდეგ? ვეკითხებით ანდრო დადიანს:

”ორი წელია ინტენსიურად ვსაუბრობთ ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან. სად უნდა წავიდეს? წასასვლელი რომ ჰქონდეს, აქ არ იცხოვრებდა. მცირე საოჯახო ტიპის სახლი ამ ბავშვებისთვის ერთ რამეს აკეთებს, რასაც ვერ აკეთებდა დიდი ინსტიტუცია. ის უკეთეს უნარ-ჩვევებს აძლევს ამ ბავშვებს, თავისი თავის მოვლის, თავისი ცხოვრების დაგეგმვის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მაინც არ არის საკმარისი. დღესდღეობით ამათთვის არაფერი არ არის. ერთადერთი, პროფესიულ განათლებას დაეუფლებიან, თუკი ამის სურვილი ექნებათ - ამ პროგრამას განათლების სამინისტრო აფინანსებს, ეს არის და ეს”, - გვპასუხობს ანდრო დადიანი.

მისივე თქმით, გასულ წელს სახელმწიფო ზრუნვიდან 32 მოზარდი გამოვიდა და მათთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ექვსი თვის განმავლობაში 500 ლარი გამოყო ბინის დასაქირავებლად: ”მერე რა მოხდებოდა, ამაზე უკვე აღარ უზრუნვიათ. ვერ ვიტყვი, რომ დღესდღეობით არსებობს რაიმე ხელჩასაჭიდი, რაც განაპირობებს ამ ბავშვების ნორმალურ ცხოვრებას ინსტიტუციებიდან გასვლის შემდეგ”, - გვეუბნება ანდრო დადიანი.

ერთი განსაკუთრებული ნიშანი, რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლს დიდი ინსტიტუციებისგან განასხვავებს, ეს არის სრული ინტეგრირება დანარჩენ საზოგადოებასთან. ასეთ სახლებზე არ კიდია აბრა, რომ იქ მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. ასეთი მიდგომა ბავშვებს იმ სტიგმისაგან ათავისუფლებს, რომელიც მათ დიდ ინსტიტუციებში ჰქონდათ.

”შეიძლება თქვენს მეზობლად, თქვენს სადარბაზოში, ერთ-ერთ ბინაში იპოვოთ ასეთი სახლი”, - ამბობს ეთერ პატარაია, ორგანიზაცია ”ევრიჩაილდის” სოციალური სამუშაოს ტექნიკური მრჩეველი: ”ოჯახური მოდელი უწყობს ხელს იმას, რომ ნელ-ნელა შემცირდეს სტიგმა და ეს ბავშვები გახდნენ ძალიან მაგარი ბავშვები. რატომ? - იმიტომ რომ ეს არის თემში ინტეგრირებული მომსახურება”.

დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით 25 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს, სადაც 400-მდე მოზარდი ცხოვრობს. გეტყვით იმასაც, რომ გარდა საოჯახო ტიპის სახლებისა, საქართველოში დანერგილია პოლონური მოდელიც, ანუ სახლები, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ცხოვრობენ და სადაც თითო აღმზრდელი მხოლოდ და მხოლოდ 2 ბავშვზეა პასუხისმგებელი. როგორც ორგანიზაცია ”ევრიჩაილდის” დირექტორი გვიხსნის, იქ რთული გამოცდილების მქონე ბავშვები ცხოვრობენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG