Accessibility links

რუსეთში ჰომოსექსუალთა დამცირების ვიდეოები მზარდ ჰომოფობიას უსვამს ხაზს


რუსული ჰომოფობიური ვიდეო

რუსული ჰომოფობიური ვიდეო

ბოლო ხანებში ინტერნეტით გავრცელდა შემზარავი ვიდეოები, რომლებიც რუსეთში ჰომოსექსუალი ახალგაზრდების დამცირებასა და შეურაცხყოფას ასახავს. აქტივისტების აზრით, ეს ვიდეოები მორიგი გამოვლინებაა შედეგების, რომელიც კრემლის მიერ „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ მოიტანა.

ზოგიერთ ვიდეოში ჩანს იძულებით როგორ ასმევენ ან თავზე ასხამენ შარდს თინეიჯერებს. სხვა ვიდეოებზე ასახულია ახალგაზრდების დაცინვა და წვალება ფალოსის ფორმის საგნებით, მათი დაშინება ნაჯახებით და იძულება ატარონ ხისგან გამოთლილი დიდი ჯვრები.

ეს მხოლოდ ნაწილია კადრების, რომლებიც შემაძრწუნებელი ვიდეოების სერიაში ჩნდება. ვიდეოები გადაიღო ქალაქ კამენსკ-ურალსკის ნაციონალისტურმა დაჯგუფებამ. ამ პატარა ინდუსტრიულ ქალაქში 175,000 ადამიანი ცხოვრობს და ის სვერდლოვსკის ოლქში, ურალის მთებთან ახლოს მდებარეობს. ვიდეოების ნაწილი მას შემდეგ გადაიღეს, რაც ჯგუფის წევრებმა ინტერნეტის მეშვეობით დაამყარეს კონტაქტი თავიანთ მსხვერპლებთან და ისინი ახალგაზრდა კაცებთან -ზოგიერთ შემთხვევაში არასრულწლოვანებთან - რომანტიკული შეხვედრების დაპირებით შეიტყუეს. სხვა ჰომოსექსუალები, უბრალოდ, ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

ვიდეოებში ჯგუფის მიზანიც დეკლარირებულია: მსხვერპლთა ჰომოსექსუალობისგან „განკურნება“.

უფლებადამცველების აზრით, რუსეთში ამგვარი შემზარავი ძალადობის ფაქტების მომრავლება იმის ნიშანია, რომ ჰომოფობია არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება. აქტივისტების აზრით, ამაში დიდი როლი მიუძღვის ცხარე კამათის საგნად ქცეულ ახალ კანონს, რომელიც ე.წ. „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ კრძალავს. ეს კანონი გასულ თვეში ერთხმად მიიღო სახელმწიფო სათათბირომ, შემდეგ კი ის პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა ხელმოწერით.

ორგანიზაცია „გეი პრაიდ-რუსეთის“ დამაარსებელი ნიკოლაი ალექსეევი თვლის, რომ ეს კანონი საზოგადოებას არასწორ შეტყობინებას აწვდის და ბევრის თვალში ამყარებს აზრს, რომ ლგბტ თემის მიმართ ძალადობა ლეგიტიმურია:

„ამ კანონებმა მათ ამგვარი ქმედებისთვის კარტ-ბლანში მისცა. სახელმწიფოს უმაღლესმა მაღალჩინოსნებმა - სახელმწიფო სათათბირომ, პრეზიდენტმა - მათ შეატყობინეს, რომ ჰომოსექსუალ პირებთან მიმართებით რაც მოუნდებათ, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ, რადგან ჰომოსექსუალები მეორე თუ მესამეხარისხოვანი მოქალაქეები არიან“.

მართლაც, ზემოთ ნახსენები ნაციონალისტური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, გაერთიანებულია მთელი რუსეთის მასშტაბით მოქმედ ქსელში, სახელწოდებით „დაიკავე პედოფილია“, ჯერჯერობით სრული დაუსჯელობით განაგრძობს ჰომოსექსუალთა მიმართ ძალადობას. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ და, ბევრის აზრით, ჯგუფი ოფიციოზის ირიბი მხარდაჭერითაც სარგებლობს. მათი ვიდეოების დამონტაჟებული ვერსიები ადგილობრივი ტელევიზიითაც გადაიცა.

მოძრაობა „დაიკავე პედოფილია“ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და, როგორც სახელიც მიუთითებს, მისი წევრების თქმით, მიზნად ისახავს პედოფილებთან ბრძოლას. მოძრაობის აქტივისტები პედოფილიაში ბრალდებულ ან ეჭვმიტანილ პირებთან კავშირს ინტერნეტით ამყარებენ, შემდეგ კი მათ ვიდეოკამერების წინ არცხვენენ და ამცირებენ. ჯგუფმა მალევე გააფართოვა თავისი მოქმედებები და ახლა მიზანში ახალგაზრდა ჰომოსექსუალებს იღებს. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მორალური თვალსაზრისით განსხვავებას ვერ ხედავენ პედოფილიასა და ჰომოსექსუალობას შორის.

„დაიკავე პედოფილია“ დააფუძნა ულტრანაციონალისტმა, მაქსიმ მარტსინკევიჩმა, რომელსაც ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისთვის სამწლიანი პატიმრობა აქვს მოხდილი. სწორედ მარტსინკევიჩი მოუწოდებს თავის მიმდევრებს მსხვერპლს თავზე შარდი გადაასხან და ამ გზით „განკურნონ“ ჰომოსექსუალობისგან. მან ახლახან ინტერვიუ მისცა ვებსაიტ „Life News”-ს, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, რუსეთის უშიშროების სამსახურებთან აქვს კავშირი, და თავისი მიზნები ასე ახსნა:

"იმედი მაქვს, რომ მათი დანგრეული ცხოვრება - და ეს, მართლაც, ასეა - მომავალ თაობას აჩვენებს მაგალითს, როგორ არ უნდა მოიქცნენ".
თუმცა ამ ექსტრემისტულ და ძალადობრივ ჯგუფს წინააღმდეგობაც ხვდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთიდან.

43 წლის მასწავლებელი,ვალენტინ დეგტერიოვი ერთ-ერთი მოქალაქეა, რომელსაც ნანახმა ვიდეოებმა თავზარი დასცა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავისი შთაბეჭდილება მან ასე გადმოსცა:

„ესენი ყველაზე ამაზრზენი კრიმინალები არიან რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე - ყველაზე დაუნდობელი, ყველაზე სასტიკი და ყველაზე თავაშვებული ავაზაკები, ვინც კი მინახავს".

დეგტერიოვი ამბობს, რომ 70-მდე საჩივარი გაგზავნა ადგილობრივ, რეგიონალურ და ფედერალურ უწყებებში - მათ შორის, ადგილობრივ პოლიციაში, გუბერნატორის ოფისში, სახელმწიფო სათათბიროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

დეგტერიოვმა „დაიკავე პედოფილიის“ მიერ ჰომოსექსუალთა დამცირებისა და ჩაგვრის ამსახველი მასალა ამერიკულ უფლებადამცველ ორგანიზაცია Spectrum Human Rights-საც მიაწოდა, რის შემდეგაც შემაძრწუნებელი კადრები ინგლისურენოვან საიტებსა და ბლოგებზე აიტვირთა. ამას კი რუსეთში ჰომოსექსუალთა მდგომარეობის შესახებ ცხარე კრიტიკა მოჰყვა უცხოეთში.

დენ სევიჯი - ამერიკელი მწერალი და აქტივისტი, რომელმაც ჩაგვრის მსხვერპლი ჰომოსექსუალი ახალგაზრდების დასახმარებლად კამპანია „წინ უკეთესობაა“ დააარსა, რუსული არყის ბოიკოტირების მოწოდებით გამოვიდა. სხვები 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს მიიჩნევენ მიზანშეწონილად. დაიგეგმა საპროტესტო აქციებიც.

ყოველივე ამის შედეგად, ძალადობრივი დაჯგუფების სამიზნე ახლა თავად დეგტერიოვი გახდა, მისი ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. მისი თქმით, „დაიკავე პედოფილიის“ წარმომადგენლები მას ტელეფონით ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ მის 72 წლის დედას და ფულადი ჯილდო აქვთ დაწესებული პირისთვის, რომელიც მის ცემას შეძლებს.
XS
SM
MD
LG