Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის წინ


თბილისი, 2012 წლის 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
თბილისი, 2012 წლის 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ორგანიზაციები ”იდენტობა” და ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, ასევე სხვა უფლებადამცველები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ფლეშ მობს გამართავენ - ცისარტყელას ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიას გააპროტესტებენ და ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან. ამ დაგეგმილ ღონისძიებას უზნეობას უწოდებს ახალგაზრდების სხვა ჯგუფი, რომელმაც 10 მაისს - სწორედ იმ დროს, როცა სასტუმრო ”რედისონში” ”იდენტობის” სპეციალური პრესკონფერენცია მიმდინარეობდა - საპროტესტო აქცია უკვე გამართა ლოზუნგით ”დაიცავი ზნეობა”. 17 მაისს დაგეგმილ აქციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების ცემა და მათთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ბარბაროსობის ტოლფასია.

”დაიცავი ზნეობა” - ამ შინაარსის პლაკატით სასტუმრო ”რედისონთან” 10 მაისს რამდენიმე ახალგაზრდა დილიდანვე მივიდა. ამ დროს ”რედისონში” 17 მაისისთვის - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისთვის -დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ორგანიზაცია ”იდენტობის” წარმომადგენლები პრესკონფერენციას მართავდნენ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი გაბედავა, მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ საქართველოში უზნეობის პროპაგანდას:

ველით, რომ იქნება წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანებმა თავიანთ პრობლემებზე საზოგადოებასთან ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკონ, თუმცა იმასაც ვფიქრობ, რომ ქართული სახელმწიფო გაიზარდა...
ირაკლი ვაჭარაძე
”ეს არის გარყვნილებისა და ცოდვის პირდაპირი პროპაგანდა. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ. უზნეო ადამიანების მიერ დაგეგმილი ეს აქცია შეფარულია თითქოსდა ჰომოფობიასთან ბრძოლის იდეით. ჩვენ ვგმობთ ძალადობას ჩვენს შვილებსა და მომავალზე, როდესაც გარყვნილების პროპაგანდა პირდაპირ ქუჩაში მიდის. ჩვენ ვაპირებთ ამის გაპროტესტებას 17 მაისს, რადგან არ გვინდა საქართველოში ქალაჩუნა ბიჭები და მამალი გოგოები”.

აქციის სხვა რამდენიმე მონაწილე ერთსქესიან ქორწინებასაც გმობდა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ მათთვის მიუღებელია ლესბოსელებმა და გეებმა საკუთარ უფლებებზე ქუჩაში საქვეყნოდ ილაპარაკონ და ”საკუთარი აზრები საზოგადოებას მოახვიონ თავზე”. სასტუმრო ”რედისონს” დილიდან პოლიცია იცავდა. ასე რომ, პრესკონფერენციამაც და ჟურნალისტებისათვის ჩატარებულმა ვორქ შოფმაც მშვიდად ჩაიარა. თავად ორგანიზაცია ”იდენტობის” აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი ვაჭარაძეს იმედი აქვს, რომ 17 მაისს აქციიის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ:

”ველით, რომ იქნება წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანებმა თავიანთ პრობლემებზე საზოგადოებასთან ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკონ, თუმცა იმასაც ვფიქრობ, რომ ქართული სახელმწიფო გაიზარდა იმდენად, რომ შეძლოს ლგბტ ადამიანების თუ სხვა ნებისმიერი ჯგუფის მშვიდობიანი შეკრების თუ მანიფესტაციის უფლების დაცვა. ამიტომ გვგონია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება მასზე კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას”.

როცა ადამიანი ამ განცდით იღვიძებს და იმის შეგრძნებით, რომ ის თურმე უმცირესობაა, ამის გამო არ შეიძლება მას ვინმე თავს დაესხას, სცემოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა და ეს არ არის ჩვენი, ქართული საზოგადოების სახე. მე ამის მწამს...
თეა წულუკიანი
ამის იმედს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს ისიც აძლევს, რომ უკვე გაფრთხილებულია ყველა შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურა. ხოლო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვითარების საკმაოდ მკვეთრი შეფასება 9 მაისს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერშიც - გადაცემა ”დიალოგში” - გამოხატა:

”ჩემი აზრით, არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს. ეს არის ცივილიზებული საზოგადოების უპირველესი საფუძველი. ხდება ასეთი რაღაცები, რომ ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებს ახალგაზრდა ბიჭი და ხვდება, რომ მას ქალი კი არ მოსწონს, მოსწონს კაცი. ასეთი რაღაცები არსებობს და არ არის ძალით ამ ადამიანების გამოგონილი. ამიტომ როცა ადამიანი ამ განცდით იღვიძებს და იმის შეგრძნებით, რომ ის თურმე უმცირესობაა, ამის გამო არ შეიძლება მას ვინმე თავს დაესხას, სცემოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა და ეს არ არის ჩვენი, ქართული საზოგადოების სახე. მე ამის მწამს”.

უფლებადამცველების შეფასებით, სახელმწიფო მოხელისგან ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი ღია და პირდაპირი შეფასება ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად. ირაკლი ვაჭარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ 17 მაისს აქციის ჩატარება არის პროტესტი იმის მიმართ, რაც საქართველოში ყოველდღიურად ხდება:

”ადამიანებზე ხშირია ფიზიკური ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გამვლელს შესაძლოა არ მოეწონოს, მაგალითად, მისი ჩაცმულობა და მიაკუთვნოს რომელიმე გენდერულ ჯგუფს. არაერთხელ გამხდარან ასეთი ადამიანები ძალადობის სამიზნეები. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამო ცხოვრობს ჩრდილში, ვერ ახერხებს რეალიზებას როგორც სრულყოფილი მოქალაქე. არადა, ამის შესახებ ლაპარაკი არა მხოლოდ მათი კონსტიტუციური უფლებაა, არამედ ყველა ადამიანის მოვალეობაა, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ამ ადამიანების პრობლემატიკის მიმართ”.

2012 წლის 17 მაისის აქციის დაშლის ამბავი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც შევიდა. სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი სოფიო ბენაშვილი აცხადებს, რომ შარშან აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად არასაკმარისი ღონისძიებები ჩატარდა - პოლიციამ ვერ შეძლო აქციის მონაწილეების დაცვა პარალელურად მიმდინარე აქციის მონაწილეებისგან. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს შსს-ს გაითვალისწინოს ეს გარემოება და მაქსიმალურად დაიცვას ყველა იმ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება, ვინც 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაში აპირებს მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG