Accessibility links

დღეს "ჰამონდის" ორღანს მოვუსმენთ და მოკლედ მოგახსენებთ იმ რამდენიმე ორღანისტზე, რომლებიც გამორჩეულად მეძვირფასება.

ლოურენს ჰამონდის ნაშიერის დებიუტი გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკაში, ბაპტისტურ ეკლესიებში შედგა. გოსპელი და სპირიჩუელსი გახლდათ ის მუსიკალურ-რელიგიური ფორმა, რომლითაც მრევლის დაღლილი გვამებისა თუ სულების სალხენად ირჯებოდა. სულ მალე ინსტრუმენტის ჯადოსნური ბგერა გასცდა ღვთის სახლის კედლებს და, ე.წ. "სტრაიდ-პიანისტის" ტომას რაით უოლერის წყალობით, ღამის კლუბებსა თუ კინოთეატრებში გადაინაცვლა. დიახ, პირველმა სწორედ უოლერმა წარუდგინა "ჰამონდი" ჯაზურ სამყაროს. "ფეტსს" ეძახდნენ, რადგან ჩასუქებული, ფუმფულა კაცი გახლდათ. მასზე იმასაც ამბობდნენ, ხორცის საამებლად – ფორტეპიანო, სულის სახლენად კი ორღანი ეგულებაო. ასეც იყო – ფულის საშოვნელად ფორტეპიანოზე მუნჯ კინოს ამეტყველებდა და ალ კაპონეს ბანდიტურ წვეულებებზეც არ თაკილობდა ლაზღანდარობას. აი, სულიერ იშტას კი პირად ორღანზე იკმაყოფილებდა, საკუთარ ნაწარმოებებს მხოლოდ "ჰამონდზე" თხზავდა. 1932 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც უნახავთ, კლასიკურ მილებიან ორღანზე რომ იმპროვიზირებდა.



დიახ, ფეტს უოლერი უბადლო სტრაიდ-იმპროვიზატორი ბრძანდებოდა, რომლის დაწყებული საქმე ქაუნთ ბეისიმ გააგრძელა. მან ჯაზურ ინსტრუმენტთა ოჯახის ახალი წევრის შესაძლებლობები უფრო გააფართოვა და ამჯერად სვინგური კილოთი აამეტყველა. თუმცა "ჰამონდის" სრული დამორჩილება 50-იან წლებში მოხდა, როცა "ჰამონდ ბი-3" ტიპის ორღანზე მსმენელის წინაშე ჯიმი სმიტი წარდგა. კრიტიკოსები ამბობდნენ, სმიტმა მანამდე ჩამოყალიბებული საშემსრულებლო ტრადიციები თავდაყირა დააყენაო. სინამდვილეში კი წარსულისთვის არ უღალატია – უბრალოდ, ზემოხსენებული ბატონებისათვის ჩვეული სვინგური აკორდები გაცილებით მსუყედ აიღო, სოლირებას კი ჩარლი პარკერისეული სისხარტით, სილაღითა და ემოციურობით მოჰყვა. მართლაც, ჯიმი სმიტმა, მუსიკალური თუ ტექნიკური თვალსაზრისით, "ჰამონდის" შესაძლებლობები არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა და სცენაზე მომდევნო სამი ათწლეულის მანძილზე სათქმელიც არავის არაფერი დაუტოვა. მუსიკოსის აურაცხელი ალბომიდან ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ღირებულ ნამუშევარს, "გრემის" მფლობელ "კატას" გამოვყოფ, რომელიც მუსიკოსმა 1964 წელს ჩაიწერა.



დიახ, ჯიმი სმიტზე ნოვატორი, მოაზროვნე და განუმეორებელი საშემსრულებლო ტექნიკის მქონე მუსიკოსი ითქმის, რომელმაც რამდენიმე ათწლეულის მანძილე განსაზღვრა მომდევნო თაობის ორღანისტთა ხელწერა. ისეთ ორღანისტებს ვგულისხმობ, როგორებიც იყვნენ: ჯიმი მაკგრიფი, ჯეკ მაკდაფი, ლონი სმიტი, ჩარლზ ერლანდი და მრავალი სხვა. მისი წყალობით, "ჰამონდი" მეტად პოპულარული გახდა და ისეთ მუსიკალურ ჟანრებშიც შეაღწია, როგორიც რიტმენბლუზი, როკი, სოული და პოპმუსიკაა. თუმცა 70-იან წლებში ინსტრუმენტი უცნაურად დადუმდა, უფრო სწორად კი, სინთეზატორმა კარგა ხნით განდევნა სცენიდან. მხოლოდ 80-იანების ბოლოს ახალგაზრდა ჯოი დეფრანჩესკოს დამსახურებით დაბრუნდა და კვლავ ამეტყველდა ჩვეული ჯადოსნური ტკბილხმოვანებით. ამ ჩინებული ორღანისტის შესახებ სხვა დროს იყოს, ამჯერად კი ერთ ქალს გავიხსენებ – როდა სკოტს. იშვიათად თუ მოიძებნება მუსიკოსი, მსგავსი სილაღითა და სიმსუბუქით იმორჩილებდეს "ჰამონდის" ჭირვეულ ხასიათს. მან ქაუნთ ბეისის ჰარლემური სკოლა გამოიარა, ხოლო კლასიკური განათლება სახელოვან ფრანგ კომპოზიტორთან და დირიჟორთან ნადია ბულანჟესთან მიიღო - პედაგოგთან, რომელსაც ჯორჯ გერშვინი, ფილიპ გლასი და ლეონარდ ბერნსტაინი ჰყავდა გამოზრდილი. ჰოდა, როდა სკოტის ნამოქმედარშიც უხვადაა როგორც ჯაზურ-ბლუზური სტანდარტების, ასევე კლასიკურ ნაწარმოებთა საოცრად გემოვნებიანი იმპროვიზაციული ვერსიები.

XS
SM
MD
LG