Accessibility links

logo-print

რამდენად შორს წავა ნაზარბაევი აბლიაზოვის ჩამოსაშორებლად?


ბიზნესმენი მუხტარ აბლიაზოვი (მარცხნივ) და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

ბიზნესმენი მუხტარ აბლიაზოვი (მარცხნივ) და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

29 მაისს, იტალიელი სპეცრაზმელები შეიჭრნენ ყაზახი მილიარდერის, მუხტარ აბლიაზოვის ვილაში, რომელიც რომის ერთ-ერთ ფეშენებელურ გარეუბანში მდებარეობს. მათ დააკავეს აბლიაზოვის მეუღლე და ექვსი წლის შვილი, ორი დღის შემდეგ კი ისინი იძულებით გაამგზავრეს ყაზახეთში. აბლიაზოვი ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის დაუძინებელ მტრად ითვლება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იტალიელ სამართალდამცველთა ეს ნაბიჯი ბიზნესმენის ოჯახმა პოლიტიკურად ანგაჟირებულად აღიქვა.

პოლიტიკაში მუხტარ აბლიაზოვის დამკვალიანებლად, მის დამრიგებლად, ერთ დროს თავად ნურსულთან ნაზარბაევი გახლდათ. მის მთავრობაში აბლიაზოვს სხვადასხვა დროს ეკავა ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრების თანამდებობები. მაგრამ 90-იან წლებში ის თანდათან დაშორდა თავის მფარველს და, უკვე გვარიანად გამდიდრებული, ყაზახეთის ახალჩამოყალიბებული ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინა.

ნაზარბაევმა მალევე იძია შური: აბლიაზოვი ერთ ხანს ციხეში გამოკეტა, სადაც, თავად პატიმრის თქმით, მას იზოლაციაში ამყოფებდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. მტრებმა შეთანხმებას მაშინ მიაღწიეს, როდესაც ნაზარბაევმა აბლიაზოვს საჯაროდ მოუხადა ბოდიში და ციხიდან გამოუშვა იმ პირობით, რომ პოლიტიკას აღარ გაეკარებოდა. მაგრამ აბლიაზოვმა პირობა დაარღვია და აგერ უკვე ათი წელია, ნაზარბაევისთვის ძალაუფლების წართმევის მიზნით, მილიონებს ახარჯავს ოპოზიციურად განწყობილ სხვადასხვა პარტიასა თუ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას.

ნაზარბაევს არც ამჯერად დაუტოვებია უპასუხოდ აბლიაზოვის ასეთი საქციელი და საბოლოოდ მას ყაზახეთის დატოვება აიძულა. 29 მაისს იტალიაში განხორციელებული ოპერაცია, რომელიც აბლიაზოვის ოჯახის დაპატიმრებითა და ყაზახეთში დეპორტაციით დასრულდა, როგორც ჩანს, აბლიაზოვის წინააღმდეგ ნაზარბაევის შემუშავებული გეგმის ნაწილია. თავად აბლიაზოვი, მართალია, ყაზახეთში არ იმყოფება, მაგრამ მისი ცოლ-შვილი, შეიძლება ითქვას, ნაზარბაევის პოლიტიკურ მძევლად იქცა.

მადინა აბლიაზოვა, მუხტარ აბლიაზოვის უფროსი ქალიშვილი, მოვლენებს ასე აფასებს: „ყაზახეთის ხელისუფლებას მამაჩემის დაბრუნება კი არა, მისი ხელში ჩაგდება სურს. როგორც მძევალი, მათ ის არ სჭირდებათ. პირდაპირ მისი მოკვლა უნდათ, რადგან მამაჩემი პრეზიდენტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა.“

ევგენი ჟოვტისი, „ყაზახეთის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორის ბიუროს“ დირექტორი, ფიქრობს, რომ ნაზარბაევის ყოფილი პროტეჟეების, მათ შორის აბლიაზოვის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ზომები პრეზიდენტის პირადი ანგარიშსწორების სურვილით აიხსნება: „ნაზარბაევმა თავი, გარკვეულწილად, მოტყუებულად იგრძნო. მან შეუწყო ხელი თავისი პროტეჟეების წინსვლას, პასუხად კი ისინი მას დაუპირისპირდნენ. 2003 წელს ნაზარბაევმა აბლიაზოვი ციხიდან გაათავისუფლა და მისგან პოლიტიკიდან წასვლის პირობაც მიიღო, მაგრამ აბლიაზოვმა სიტყვა არ შეასრულა. ასე რომ, ნაზარბაევმა თავი ორმაგად მოტყუებული ჩათვალა.“

აბლიაზოვისთვის კი ნაზარბაევი პასუხისმგებელია მისი დევნისთვის არა მარტო ყაზახეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2011 წელს აბლიაზოვმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ინგლისში. ერთი წლის შემდეგ ის იქიდანაც გაიქცა იმის შიშით, რომ დეტალური საფინანსო დოკუმენტაციის უქონლობის გამო, ციხეში ჩასვამდნენ. გასულ თვეში, ლონდონის სასამართლომ აბლიაზოვის უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისება გადაწყვიტა, რათა მევალეებისათვის კუთვნილი თანხა გადაეხადა.

ბოლო ხანს აბლიაზოვის ადგილსამყოფელი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მის ადვოკატებს სჯერათ, რომ იტალიის სპეცრაზმი სწორედ აბლიაზოვის დაკავებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ხელში შერჩა მისი ცოლი და შვილი, რომლებიც შემდეგ ვადაგასული საბუთების საბაბით დააკავეს. აბლიაზოვის ადვოკატის, რიკარდო ოლივოს თქმით, სინამდვილეში მისი კლიენტის ოჯახს პასპორტები წესრიგში ჰქონდა. პასპორტებში იყო ლატვიის მიერ გაცემული ნებართვაც შენგენის ზონის ქვეყნებში ცხოვრების შესახებ. ოლივო არ გამორიცხავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყაზახეთსა და იტალიას შორის რაიმე საიდუმლო გარიგება არსებობდეს. როგორც აბლიაზოვის მხარდამჭერები ამბობენ, იტალიაც და ინგლისიც ხშირად აფინანსებენ ყაზახეთის ხელისუფლების პროექტებს ენერგეტიკის სფეროში და, შესაბამისად, ძნელია, აბლიაზოვის საქმეში, ისინი ნეიტრალურ მხარედ ჩაითვალონ.

ძალაუფლების განმტკიცების საქმეში ნაზარბაევმა, როგორც ჩანს ჯერაც ვერ მოიპოვა სიმშვიდე და სწორედ ამიტომ განაგრძობს მოწინააღმდეგეების დევნას. ჟოვტისის თქმით, აბლიაზოვის წინააღმდეგ მიმართული ბოლოდროინდელი ზომები აშკარად გვიჩვენებს ნაზარბაევის მზადყოფნას, ოპოზიციის გასაჩუმებლად ნებისმიერ ზომას მიმართოს:

„ნაზარბაევს არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს ქვეყნის გარეთ. მაგრამ აბლიაზოვი მათ შორის ყველაზე ძლიერ, თანმიმდევრულსა და ორგანიზებულ ზეწოლას ახორციელებდა ნაზარბაევის გამოსაწვევად და მისი რეჟიმის შესასუსტუბლად. ვფიქრობ, იმ აზრმა, რომ ვიღაც მას ქვეყნის გარედანაც ასე აშკარად ებრძოდა, ნაზარბაევი ძალიან გააღიზიანა და გააჯავრა.“

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG