Accessibility links

logo-print
28 იანვარს უკრაინაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ რიბაკმა. ამასობაში კიევის ცენტრში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბოლო დღეებთან შედარებით მშვიდი ვითარებაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხუთშაბათს კიევში, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების განსახილველად აუცილებლად მიიჩნევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმირ რიბაკმა თქვა, რომ სხდომაზე შესაძლოა განიხილონ ოპოზიციის მოწოდება მთავრობის დათხოვნის შესახებ.

ამ განცხადებების შემდეგ ნათელი არ არის, ძალაში რჩება თუ არა 24-საათიანი ულტიმატუმი, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა წაუყენეს პრეზიდენტ იანუკოვიჩს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. როგორც ჩანს, ულტიმატუმი არ რჩება ძალაში, რადგან საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოლეგ ტიაჰნიბოკმა, დღეს ოპოზიციის პირველ მოთხოვნად დაასახელა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რათა იქ განიხილონ მთავრობის გადადგომის საკითხი. პარლამენტის სხდომა, როგორც უკვე ვიცით, 28 იანვარს ჩატარდება. ოპოზიცია მოითხოვს ასევე ახალი კონსტიტუციის მიღებას და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად იმიტომ არ ვიბრძვით, რომ ჩვენ დაგვრჩეს გამარჯვებაო, თქვა კიევის ცენტრში უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე წასვლამდე:

„გამარჯვება-დამარცხება აქ არაფერ შუაშია! გამარჯვებულია ჩემი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მინდა ვცხოვრობდე ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, კორუფციის გარეშე. მთავარი საკითხია ადამიანის უფლებები. ახლა ეს არა გვაქვს. ამიტომაა, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამიტომაა, რომ ხალხი დემონსტრაციებში მონაწილეობს! ეს აქციები მშვიდობიანი იყო თითქმის ორი თვე - დღე და ღამე, წვიმასა და თოვლში... ხალხი იდგა და ახლა უკვე აღარა გვაქვს დგომის უფლება. ვცდილობთ შევაჩეროთ ეს ესკალაცია, მაგრამ პრეზიდენტს აქვს მთელი ძალაუფლება ამის გასაკეთებლად“.

ესკალაციას რაც შეეხება, ოთხშაბათი, 22 იანვარი, იყო ყველაზე დაძაბული და ტრაგიკული დღე უკრაინაში, საპროტესტო აქციების ორი თვის წინ დაწყების შემდეგ: პირველად დაიღუპნენ ადამიანები - სულ ცოტა, სამი მამაკაცი. დაშავდა 300-მდე ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს დაჰპირდა, რომ არ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები გრძელდება. ევროკომისიის პრესმდივანმა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იანუკოვიჩისაგან ეს დაპირება მიიღო ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სატელეფონო საუბრისას.
ევროკომისიის პრესმდივნის ოლივიე ბეილის ცნობით, ბაროზუმ შეშფოთება გამოთქვა კიევში ძალადობის ესკალაციის გამო და პრეზიდენტ იანუკოვიჩს შესთავაზა ოპოზიციასთან დიალოგის ხელშეწყობა:

„პრეზიდენტმა ბაროზუმ ასევე უთხრა ბატონ იანუკოვიჩს, რომ, რასაკვირველია, მზად ვართ დიალოგისთვის და ვითარების განმუხტვის ხელშესაწყობად. ამიტომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მას შესთავაზა, რომ ევროკომისარი შტეფან ფიულე ხვალ გაემგზავრება კიევში და ამ შეხვედრების შემდეგ შესაძლოა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი ჩაფრინდეს კიევში მომავალ კვირაში“.

როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციები, რომლებიც შარშან, ნოემბერში, მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რამდენიმე დღის წინ, კვირას გამწვავდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაამტკიცა დემონსტრაციების შემზღუდველი ახალი კანონი.
XS
SM
MD
LG