Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძმები ჯონსები. ნაწილი III - ჰენკი


 ჰენკ ჯონსი
ჰენკ ჯონსი

ჰენკი ჯონსების ჯაზურ ოჯახში უფროსი ძმა გახლდათ. პიანისტი, ბენდლიდერი და კომპოზიტორი 1918 წლის 31 ივლისს დაიბადა. ერლ ჰაინსი, ფეტს უოლერი, ტედი უილისონი და არტ ტეიტუმი - ეს ის ბატონები ბრძანდებოდნენ, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ყმაწვილის მუსიკალური ხედვებისა თუ საშემსრულებლო ხელწერის ჩამოყალიბებაზე და, რაც მთავარია, მყარად გადააწყვეტინეს საფორტეპიანო ხელოვნების მსახურება.

თვითნასწავლი ჰენკ ჯონსი 13 წლის გახლდათ, როცა უკვე ღამის კლუბებში უკრავდა, ხოლო 17 წლის ასაკიდან მიჩიგანისა და ოჰაიოს შტატები მოიარა სხვადასხვა ორკესტრთან ერთად. 1944 წელს ბინა დაიდო ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერული აღმასვლა. სტილისტიკურად ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის შესრულება უხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაო გამოცდილება არ გააჩნდა, თანაბარი წარმატებით უმკლავდებოდა მარტივ, სასმენად საამო სვინგსაც და ურთულეს, თავბრუდამხვევ ბიბოპსაც. ორმოციანების ბოლოს მისით უნივერსალური ხელწერით ცნობილი ამერიკელი იმპრესარიო და პროდიუსერი ნორმან გრანცი დაინტერესდა. ასე მოხვდა ჰენკ ჯონსი პროექტში „ჯაზი ფილარმონიაში“, რომლის ფარგლებშიც, 6 წლის მანძილზე ელა ფიცჯერალდის უცვლელი აკომპანიატორი გახლდათ. ამავე პერიოდში მან რამდენიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი ჩანაწერიც განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი თხზულება The Song Is You იყო, ჩარლი პარკერთან ერთად.

მომდევნო წლებში ჰენკ ჯონსი ჯერ ბენი გუდმენის ორკესტრში ირჯებოდა, შემდეგ ლესტერ იანგსა და ქენონბოლ ედერლისთან თანამშრომლობდა, ხოლო მოგვიანებით, ტელე-რადიოკომპანია „CBS“-ის შტატიანი მუსიკოსი გახდა. იქ ედ სალივანის შოუს მუსიკალური გაფორმება ევალებოდა. დროდადრო ფრენკ სინატრას უწევდა საფორტეპიანო აკომპანირებას. 1962 წელს კი სცენაზე მერლინ მონროსთან ერთად გამოჩნდა, როცა ეს უკანასკნელი პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეს ულოცავდა. რაც შეეხება ჰენკ ჯონსის სოლო კარიერას, 70-იანი წლების დასაწყისში მან საკუთარი ტრიო“The Great Jazz Trio” ჩამოაყალიბა, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა დროს ისეთი მუსიკოსები უკრავდნენ, როგორებიც იყვნენ კონტრაბასისტები რონ კარტერი და ედი გომესი, დრამერები ტონი უილიამსი და ჯიმი კობი.

დიახ, ჰენკ ჯონსი მრავალმხრივი შესაძლებლობების პიანისტი გახლდათ, ერთ კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში რომ ვერ გამოკეტავდი. თავად ამბობდა, თითოეულ ბგერას საკუთარი ხასიათი და სული უნდა გააჩნდესო, და მის შემთხვევაშიც ზუსტად ასე იყო. კრისტალურად სუფთა, გამოყვანილი ბგერა, მკაფიოდ არტიკულირების უნარი ჰენკ ჯონსს სხვა პიანისტებისგან გამოარჩევდა. მისი ლაღი, მარტივი ფრაზირების მანერა კი ნახევრსაუკუნოვანი გამოცდილებით დაგროვილი ცოდნითა და სიბრძნით გახლდათ სავსე.

XS
SM
MD
LG