Accessibility links

logo-print

ტელესკოპ „ჰაბლის“ კოსმოსში გაშვებიდან 25 წელი გავიდა. „ჰაბლმა“ სამყაროს მასშტაბების აღქმა, ზოგადად მეცნიერება შეცვალა და პლანეტების, ვარსკვლავების აფეთქების, თუ გალაქტიკების დიდებული ფოტოები გადაიღო.

ეს იყო 1990 წლის 24 აპრილს, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსურ ცენტრში. „ორი... ერთი... შატლი „დისქავერი“ ტელესკოპ „ჰაბლით“ აფრინდა! სამყაროში ფანჯარა გავჭერით“! - იუწყებოდა წამყვანი.

კოსმოსში ტელესკოპის წარმატებული გაშვების ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა, ყვება ჯენიფერ ვაისმანი, „ჰაბლის“ პროექტის უფროსი მეცნიერი: „ტელესკოპის შიგნით მოთავსებული სარკე დაზიანებული აღმოჩნდა და ეს ჩვენთვის დიდი იმედგაცრუება იყო“. 1993 წელს "ჰაბლის" შესაკეთებლად შატლ „ენდევორის“ ასტრონავტები გაუშვეს და მას შემდეგ კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე სრულყოფილ მონაცემებს აგზავნის.

"ჰაბლი" დედამიწის ირგვლივ ყოველ 97 წუთში დაფრინავს. ატმოსფეროს ზევით ყოფნა მას მზის სისტემის და შორეული გალაქტიკების უნიკალური, ზედმიწევნით სუფთა, მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადაღების საშუალებას აძლევს.

„ჰაბლის“ ყველაზე ცნობილ ფოტოებზე სამყაროში ახალი ვარსკვლავების შექმნას ვხედავთ. ჩვენ მათ პროტო-ვარსკვლავებს ვეძახით. „ჰაბლი“ აირის ღრუბლოვან ფენებს შორის ამ ჩვილ ვარსკვლავებს კარგად ხედავს და ინფრაწითელი ტექნოლოგიის საშუალებით მათი ჩამოყალიბების პროცესსაც გადმოგვცემს“ - აღნიშნავს „ჰაბლის“ პროექტის უფროსი მეცნიერი.

კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ სამყარო მუდმივად ფართოვდება, რაც დიდი აფეთქების თეორიას შეესაბამება. ასევე შევიტყვეთ, რომ სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა და დამტკიცდა გალაქტიკებში ე.წ. შავი ხვრელების არსებობის თეორიაც.

„ჰაბლმა“ შეძლო დაეფიქსირებინა აირის სწრაფი როტაცია სხვა გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ. გაირკვა, რომ ამგვარი სწრაფი წრიული მოძრაობა მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც სიღრმეში რაღაც დიდი წარმონაქმნია, რომელიც ამ აირს ატრიალებს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მასიური შავი ხვრელი“ - ამბობს ჯენიფერ ვაისმანი.

კოსმოსური ტელესკოპი გიგანტურ ვარსკვლავურ თავმოყრას, კლასტერებსაც აკვირდება, რომლებიც ერთგვარად გრავიტაციული ლინზის როლს ასრულებენ. ისინი სინათლის გადიდების წყალობით მეცნიერებს ისეთი სხეულების დაფიქსირების და შესწავლის საშუალებას აძლევენ, რომელთა დანახვა სხვაგვარად შეუძლებელია.

ასტრონავტები „ჰაბლს“ შესაკეთებლად და დასახვეწად ამ 25 წლის მანძილზე უკვე ხუთჯერ ესტუმრნენ. თუმცა, შატლის პროგრამის დახურვის გამო ტელესკოპის მომსახურება შეუძლებელი გახდა და მისი სიცოცხლე ახლა მხოლოდ ბატარეებზე და სანავიგაციო სისტემებზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, მან დიდი როლი შეასრულა. ყველაფერთან ერთად, წამით დაგვაფიქრა, ზევით აგვახედა და იმის წარმოდგენის საშუალება მოგვცა, თუ რანი ვართ, სად ვცხოვრობთ და როგორ, ამ უსაზღვრო და ულამაზესი სამყაროს ერთ მშვენიერ პლანეტაზე“ - აღნიშნავს „ჰაბლის“ პროექტის უფროსი მეცნიერი.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ „ჰაბლი“ ახალი ტელესკოპის, "ჯეიმს ვებ სფეის" ტელესკოპის გაშვებამდე ორბიტაზე დარჩება. კოსმოსური ტელესკოპის გაშვება 2018 წლისთვის იგეგმება.

XS
SM
MD
LG